ოჯახური ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში: ტრადიცია კანონზე მაღლა დგას
„ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის მიხედვით
რუსულ მედიაში გავრცელდა შვიდი წლის გოგონას აიშა აჯიგოვას ისტორია, რომელიც გამზრდელი დეიდის მიერ ცემისგან არის დაშავებული. აიშა რუსეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკაში – ინგუშეთში დაიბადა და ცხოვრობდა.
ამ ბავშვის მიმართ განხორციელებული არაადამიანური დამცირება რუსეთსა და კერძოდ რუსეთის ჩრდილოკავკასიურ ნაწილში ოჯახური ძალადობის შესახებ მსჯელობის საგნად იქცა.
როგორც დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, რუსეთის ამ რეგიონში ბავშვების დამცირება ადრეც ხდებოდა.
გამოცემა ჰყვებოდა ჩეჩნეთის სოფლის მაცხოვრებელი აიდარბეკ შამაევის შესახებ, რომელმაც 31 ასაკში, გაყრის შემდეგ დაქორწინება თავიდან გადაწყვიტა: ოჯახში დიასახლისი იყო საჭირო, ოთხ პატარა ბავშვს კი დედა სჭირდებოდა.
აიდარბეკმა ცოლად აირჩია ახალგაზრდა თანასოფლელი ქალი მაკა შაბიჰანოვა – ალერსიანი და მზრუნველი ქალი, რომელიც პატარებს სულ ეფერებოდა, და ამას ყველა ნათესავი ხედავდა. რამდენიმე თვეში აიდარბეკ შამაევის ოთხი შვილიდან ორი – ხუთი წლის ვაჟი და ოთხი წლის გოგონა სეფსისის ნიშნების მაგვარი სიმპტომებით საავადმყოფოში მოხვდა.
•ბოდიში მოიხადე კავკასიის წინაშე
რენტგენის გადაღების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს სხეულები მთლიანად ნემსებით ჰქონდათ დაჩხვლეტილი. დედინაცვალი ბავშვებს ჩუმად აწამებდა, მათ მამასთან ჩივილს უკრძალავდა, და ბავშვებიც ამ ყველაფერს ითმენდნენ.
სხვა ამის მსგავს ისტორიაში ფიგურირებს სამი წლის მარჰა, რომელიც საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებითა და დამწვრობებით მიიყვანეს. გოგონას ტრვმებმა ექიმებს კანონზომიერად გაუჩინა კითხვები – თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? გაირკვა, რომ დედინაცვალმა, რომელიც მასთან მცხოვრებ ქმრის წინა ქორწინებიდან შვილებს ადრეც აწვალებდა, გაბრაზების მომენტში ძალა ვერ მოზომა, და უმცროსი გერს აბაზანაში პრაქტიკულად სიკვიდლამდე სცემა.
„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი აღნიშნავს, რომ როდესაც ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, უმოწყალო დამნაშავის როლში ყოველთვის სხვისი შვილების გამზრდელი დედინაცვალია გვევლინება.
ეს იმის გამო ხდება, რომ რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში მშობლების გაყრის შემდეგ ბავშვები უმეტესწილად, არა დედასთან, არამედ მამასთან რჩებიან; უფრო კონკრეტულად რომ ითქვას – მამის ოჯახთან, მის მშობლებთან, დებთან, და თუ მამა თავიდან დაქორწინდება – მის ახალ ცოლთან, დედინაცვალთან.
ასე მოითხოვს ადათი, რომელსაც ტრადიციულ საზოგადოებებში, კანონთან შედარებით, შეუდარებლად დიდი ძალა აქვს.
„ადათი იმდენად ძლიერია, რომ ის ჩეჩენ, ინგუშ, დაღესტნელ მოსამართლეებსა და მათ გასამართლების უნარს, რომელიც კანონს და არა ტრადიციებს ეყრდნობა, ფეხქვეშ თელავს. სწორედ აქედანაა – ათობით, თუ ასობით არა, კარგად დოკუმენტირებული შემთხვევა, როდესაც დედები ქმართან გაყრის შემდეგ რესპუბლიკის სასამართლოებში, საკუთარი შვილების აღზრდის თუ არა, მათთან ურთიერთობის უფლების მოსაპოვებლად მაინც წარუმატებლად ჩივიან“, – განმარტავს „ნოვაია გაზეტა“.
„ნოვაია გაზეტამ“ ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარა, რათა გაერკვია, თუ რა ადგილი უკავია კანონს, ტრადიციასა და რელიგიურ ნორმას კავკასიელების ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაირკვა, რომ ცხოვრება უხსოვარი დროიდან ათობით თაობის მიერ შექმნილი ადათებით – ტრადიციული, დაუწერელი ნორმებით, ასევე სულ უფრო მომძლავრებული შარიათის კანონებით რეგულირდება. საერო კანონმდებლობა, და მასთან ერთად სახელმწიფო, სამარცხვინო ანგარიშით მარცხდება.
გამოკვლევის ახალგაზრდა მონაწილეები – უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ჩეჩენი, ინგუში და დაღესტნელი გოგონები, შეკითხვას, თუ მათი აზრით, ვისთან უნდა დარჩნენ ბავშვები მშობლების გაყრის შემდეგ, პასუხობდნენ: „მე ჩემთან დავტოვებდი, მაგრამ ვინ მომცემს?“
მათი თანატოლი ახალგაზრდა ვაჟები აღშფოთებულები პასუხობდნენ: „იმას როგორ დავუშვებ, რომ ჩემი შვილები უცხო მამაკაცმა გაზარდოს!“
ამ რესპუბლიკებში ხშირად ახსენებენ ქალის წმინდა სტატუსს, და მით უმეტეს – დედისას, თუმცა, ეს არანაირ გავლენას არ ახდენს იმ გარემოებაზე, რომ კავკასიური ოჯახების უმეტესობა ქალიშვილს განათლებას მხოლოდ იმიტომ აძლევს, რომ მან შვილების გაზრდა შეძლოს, ხოლო მამაკაცების გვერდით მისთვის შესაძლო სამსახურებრივი მდგომარეობა და თავბრუდამხვევი კარიერა არც კი მოიაზრება.
და რასაკვირველია, „დედის წმინდა სტატუსი“ ქალს არანაირად არ აძლევს გაყრის შემდეგ შვილებთან ურთერთობის გარანტიას; და ალბათ არც დედინაცვალს აქვს ტრადიციისგან თავსმოხვეული სხვის შვილების გაზრდაზე უარის თქმის უფლება.