ნუ მოწევთ
საქართველოში ერთგვარი დაუწერელი კანონია, რომ რესტორნის მაგიდა ან სასტუმროს ნომერი მწეველებისთვის არის განკუთვნილი. არამწეველი კლიენტებისთვის კი, შესაძლოა, ასეთ დაწესებულებებში საერთოდ არ იყოს გამოყოფილი ადგილები. სიგარეტი არც ისე ძვირია – სკოლის მოსწავლესაც შეუძლია იყიდოს, თუკი სადილისთვის განკუთვნილ ჯიბის ფულს ყაირათიანად გამოიყენებს.
ალბათ ამის გამოა, რომ აქ მწეველების დიდი რაოდენობა (სხვადასხვა მონაცემებით, მოსახლეობის 40 პროცენტამდე) აღირიცხება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მწეველები ერთგვაროვან ჯგუფს არ მიეკუთვნებიან – მამაკაცებიც ეწევიან, ქალებიც, მოზარდებიც, და ორსულებიც.
წელს კიდევ ერთხელ დაიწყო დებატები „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტის ირგვლივ. ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის ამკრძალავი კანონი 2018 წლის 1-ელ იანვარს შევა ძალაში. მაგრამ შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს? რა სჭირს კანონს?
კანონპროექტის – „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ – ავტორი, პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ევროპულ ღირებულებებზე პრეტენზიების მქონე ქვეყანაში უბრალოდ შეუძლებელია ისეთი სიტუაცია იყოს, რაც ზემოთ არის აღწერილი.
„კანონი, რომელიც დახურულ სივრცეებში და, ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევას კრძალავს, 2003 წლიდან არსებობს. მასში ჯარიმებიც კია გაწერილი, მაგრამ ეს კანონი მკვდარია. ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ საქართველოში ვინმე მოწევისათვის დაჯარიმებულიყო. ამისთვის არც მექანიზმები არსებობს, და არც ორგანო, რომელიც ამით დაკავდება. 2013 წელს სპეციალური სახელმწიფო კომისია შექმნეს, რომელსაც თამბაქოს მავნებლობის შემცირებაზე უნდა ემუშავა. შეიქმნა სამოქმედო გეგმა, მაგრამ არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს მაღრაძე.
ძველისგან განსხვავებით, ახალ კანონპროექტში მითითებულია კონკრეტული ორგანო, რომელიც დამრღვევებს ჯარიმებს გამოუწერს. 2018 წლიდან აკრძალვა გავრცელდება ყველა იმ კაფეზე, ბარსა და რესტორანზე, სადაც ეწევიან. სხვათა შორის, ჯარიმებს არა მწეველებს, არამედ დაწესებულებებს გამოუწერენ. საგრძნობლად გაიზრდება საჯარიმო თანხაც (ძველ კანონში ფიგურირებს ხუთი ლარი – ანუ ორნახევარი დოლარი).
ახალი კანონპროექტით, თამბაქოს რეალიზაციის ადგილებსა და სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებს შორის მინიმალური მანძილის კორექტირებაც გათვალისწინებული იქნება. ეს მაჩვენებელი 50 მეტრით განისაზღვრება, მაგრამ, კანონიპროექტის მიხედვით, დასაშვები მინიმალური მანძილი 100 მეტრი გახდება. მაღრაძე ამბობს, რომ ინიციატორები ამ საკითხთან დაკავშირებითაც სერიოზული წინააღმდეგობას წააწყდნენ ინდუსტრიის მხრიდან.
„[მწარმოებლები და იმპორტიორები] ცდილობენ, რომ კანონის მიღება განუსაზღვრელი ვადით გადადონ. რატომ ჩქარობთ, ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმებაში ხომ კონკრეტული ვადებია მითითებულიო, – ამბობენ. მე კი მათ ვპასუხობ: „კანონები მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ, რომ ამას ევროკავშირი გვთხოვს!“ – ამბობს მაღრაძე.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი ბევრ ადამიანს შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას. „საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, პროფესორი რეზო გაგუას აზრით, ამგვარი შეზღუდვა დიდი ხნის წინ უნდა დაეწესებინათ. მაგრამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
გაგუა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ სტატისტიკურ მონაცემებს გვიზიარებს. 2020 წლისთვის კიბოს სხვადასხვა ფორმით დაავადებული ადამიანების რიცხვი 8 მილიონით გაიზრდება. ცხადია, ონკოლოგიური დაავადებების მასშტაბების ზრდა საქართველოზეც აისახება.
„საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მქონე 10 ათასი პაციენტია აღიცხული. დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და 2020 წლისთვის 16-18 ათასს მიაღწევს. მოწევის ჩვევა ამ მაჩვენებელთან კავშირშია იმდენად, რამდენადაც თამბაქოს კვამლის 60 პროცენტზე მეტი კანცეროგენულია,“ – აღნიშნა გაგუამ.
მცირე ხნის წინათ „საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი, რომელიც თამბაქოს გაყიდვასა და მოხმარებაზე კონტროლს გაამკაცრებს.
საქართველოში თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებისათვის ყველაზე აქტიურად ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ იბრძვის.
ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ იმ კვლევის შედეგები გაგვიზიარა, რომელიც მცირე ხნის წინათ „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 92 % საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას ემხრობა, 82% კი კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში მოწევის სრულად აკრძალვას უჭერს მხარს. ამასთან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (60%) თავადაც მწეველია.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედების მცდელობას შეიძლება, „ტრადიციულიც“ ვუწოდოთ. მსგავსი ინიციატივები 2008, 2011 და 2013 წლებში აღინიშნა. 2013 წელს ხელისუფლება შეიცვალა და გაჩნდა იმედი, რომ ეს საკითხი ბოლოსდაბოლოს გადაწყდებოდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
„მაშინ ახალ ხელისუფლებას მივმართეთ, ვესაუბრეთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რაც საქართველოს აქვს აღებული. მალე შეიქმნა კომისია, შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც დამტკიცდა; მაგრამ შემდეგ პრემიერმინისტრი გამოიცვალა და მთელი ეს პროცესი საეჭვოდ დაკონსერვდა,“- განაცხადა ბახტურიძემ.
„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ თამბაქოს ინდუსტრია ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა სახელმწიფო დაწესებულებებშიც კი ლობირებს საკუთარ ინტერესებს.
„თუმცა, 2013 წლიდან დღემდე თამბაქოს ერთ-ერთი კომპანია ინტენსიურად აფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სტუდენტებსა და მაღალჩინოსნებს. ამავე ინდუსტრიის წარმომადგენელი სხვა ბიზნესსუბიექტი კი კერძო უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს უკანონოდ უწევს სპონსორობას; ასევე იმ ტრენინგცენტრებს, სადაც ჟურნალისტებისა თუ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ლექციები უტარდებათ. რეალურად, ისინი როგორც ჩინოვნიკების, ისე ჟურნალისტების ლოიალურობას ყიდულობენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებსა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის კორუფციული სქემები არსებობს,“ – განაცხადა ბახტურიძემ.
მცირე ხნის წინათ არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ადამიანის უფლებების ცენტრი“ – სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ბრითიშ-ემერიქან თობაქოს“, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ორგანიზაციის იურისტი, ეკა ლომიძე საქმის შინაარსზე გვესაუბრა:
„2015 წელს პოლიციის აკადემიაში იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები სტუდენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, კომპანია „ბრითიშ ემერიქან თობაქოს“ წარმომადგენლები და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დარბაზში, სადაც ეს ღონისძიება იმართებოდა, ეკიდა ბანერი, რომელზეც კომპანიის ლოგო იყო გამოსახული. საქმე გვაქვს უკანონო სპონსორობასა და აკრძალულ რეკლამირებასთან. ესაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით,“ – განაცხადა იურისტმა.
ბოლო დრომდე თამბაქოს კომპანიის სარეკლამო აბრა პოლიციის აკადემიის „ფეისბუქგვერდზეც“ იყო განთავსებული, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ ეს ფოტო გვერდიდან აიღეს.
„კანონის ასეთი უხეში დარღვევა, მითუმეტეს სამართალდამცავი ორგანოების კედლებში, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია,“ – განაცხადა ლომიძემ.
ამავდროულად კანონპროექტი ხუთ საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს. აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი. თუმცა, იმის გამო, რომ პარლამენტში პლენარული სხდომები არ ტარდება, პირველი მოსმენა შემოდგომის სესიამდე გადაიდო.
მხოლოდ შემოდგომაზე გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი თამბაქოს ინდუსტრიის დამარცხებას.