რაში მდგომარეობს „მოსკოვის საქმე“ და ვინ არიან მისი მსხვერპლები
ამ ზაფხულს, მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციები ხშირად მასობრივი დაკავებებით სრულდებოდა, მათი მონაწილეების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. რამდენიმე მათგანისთვის სასამართლო პროცესი რეალური საპატიმრო სასჯელით დასრულდა.
დეტალების შესახებ BBC მოგვითხრობს.
პროტესტის მიზეზი
პროტესტი ივლისში, მოსკოვის დუმის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ ხელისუფლება არჩევნებზე არ უშვებდა დამოუკიდებელ ოპოზიციონერ კანდიდატებს.
აგვისტოს შუამდე მასობრივი აქციები ყოველკვირეულად იმართებოდა. 27 ივლისს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ტვერსკაიას ქუჩაზე. მიტინგის შემდეგ, მისი მონაწილეების დაკავება უკვე სისხლის სამართლის მუხლებით დაიწყეს მასობრივი არეულობებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
მასმედიამ ამ პროცესს „მოსკოვის საქმე“ უწოდა.
რეპრესიების მსხვერპლები
წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და განსასჯელთა სკამზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები აღმოჩნდნენ: გამოცდილი აქტივისტებიდან დაწყებული, შემთხვევითი გამვლელებით გაგრძელებული, რომლებსაც ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ერთი პოსტის გამო.
საერთო ჯამში, „მოსკოვის საქმეზე“ ბრალი 24 ადამიანს წაუყენეს, მათ ნაწილზე გამოძიება მიმდინარეობს, ნაწილი კი უკვე გაასამართლეს.
ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, ასპირანტები, მენეჯერები, პროგრამისტები. მხოლოდ ორი არის დასაქმებული არაკვალიფიციურ სამუშაოზე – დარაჯად და კურიერად.
მათი უმრავლესობის ასაკი 30 წელს არ აღემატება. ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა, ყველაზე დიდი კი – 48.
დღეისათვის ხუთი ადამიანის წინააღმდეგ შეწყდა საქმე.
11-ზე გამოძიება მიმდინარეობს. მათ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდებათ.
8 მოქალაქე გაასამართლეს. სასჯელი პირობითი 1 წლიდან იწყება და 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით მთავრდება.
ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა ფინანსურ მენეჯერ ვლადისლავ სინიცს ტვიტისთვის, რომელშიც მან ივარაუდა, რომ პოლიციის თანამშრომლების შვილები, შესაძლოა, გამხდარიყვნენ ზიზღის ობიექტი იმ გამოუსწორებელი სისასტიკის გამო, რომელიც მათმა მშობლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას გამოავლინეს.