მოლდოვური ეკლესიის ხუთი ”საერო თავშესაქცევი“
მასალის ორიგინალი Ziarul de Gardă
მოქალაქეების 93% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში არ უნდა ერეოდეს – ასეთია მოლდოვაში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. მიუხედავად ამისა, მოლდოვის ეკლესია მუდმივად ცდილობს თავისი როლი შეასრულოს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმეებში, და გამუდმებით ექცევა სკანდალების ეპიცენტრში, რომლებიც სრულიად აცდენილია საეკლესიო საკითხებს. Ziarul de Gardă-ს ჟურნალისტები მოლდოვის მიტროპოლიის საერო ცხოვრების ხუთი სკანდალური ისტორიის შესახებ ჰყვებიან.
აგიტაცია არჩევნებზე
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით, მღვდლებს პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ – ამისთვის მათ განმოსვა ემუქრებათ. მაგრამ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად ერევა რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2016 წელს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს ეკლესია თითქმის ღიად უჭერდა მხარს სოციალისტების პარტიის თავმჯდომარეს, პრორუს კანდიდატ იგორ დოდონს, და ჩირქს სცხებდა ამ თანამდებობის პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს. ერთ-ერთი ქადაგების დროს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, მიტროპოლიტმა დოდონი შეაქო და მას „ბატონი პრეზიდენტი“ უწოდა. მოგვიანებით კი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, მღვდლების ჯგუფმა კიშინიოვში პრესკონფერენციაც კი ჩაატარა, და ადამიანებს „ქრისტიანი“ დოდონის არჩევისკენ მოუწოდა.
ეკლესია და განათლება
ეპისპოსმა მარკელმა, როდესაც ამომრჩევლბს მოუწოდებდა, რომ ხმა მაია სანდუს წინააღმდეგ მიეცათ, მას საგან „სქესობრივი მომწიფების“ დანერგვა და სკოლების ბიბლიოთეკებისთვის სახელმძღვანელო „სექსუალური ცხოვრების“ შესყიდვა დააბრალა (სანდუს განათლების მინისტრად ყოფნის დროს, 2013 წელს). ამ საკითხმა მოლდოვის საზოგადოება ორ ბანაკად დაყო, რომელთაგან ერთს ეკლესია აქეზებდა. 2017 წლის თებერვალში მოლდოვის მიტროპოლიის სინოდმა მორიგი წერილობითი მიმართვა გაუგზავნა განათლების მინისტრს ამ საგნის სასკოლო პროგრამიდან ამოღების მოთხოვნით (თუმცა ის ფაკულტატიურია), მისი ნეგატიური შედეგების გამო.
მიტროპოლიტი იახტაზე ისვენებს. ქერათმიან ქალთან ერთად
იახტები და თურქეთი მოსკოვის პატრიარქატის ადგილობრივი მეთურის, კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტის ვლადიმირის სისუსტეა. 2014 წელს სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ გაჩნდა ფოტოები: მიტროპოლიტი უცნობ ქერა ქალთან ერთად ატარებს დროს; ფოტოები პლაჟსა და იახტაზეა გადაღებული. ZdG-ს ჟურნალისტებმა უცნობი ქალის ვინაობის დადგენა მოახერხეს – ის კერძო დამცავი ფირმის პატრონი, ნელი ტკაჩუკი აღმოჩნდა. ტკაჩუკი კიშინიოვიდან 5 კილომეტრის დაშორებით ფლობს ვილას, სადაც მას ხშირად ხედავენ მიტროპოლიტ ვლადიმირთან ერთად.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეპიკოპოსი არ შეიძლება, ბერი არ იყოს. ხოლო მიტროპოლიტი, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის ყველაზე უძველესი საეპისკოპოსო ტიტულია – მით უფრო უნდა ინარჩუნებდეს უბიწობის აღთქმას.
მიტროპოლიტის ტყის სასახლეები
2013 წლის დეკემბერში მოლდოვურმა ფირმამ Lemn Construct Prim-მა სახელმწიფოსგან იჯარით აიღო კიშინიოვიდან 18 კილომეტრით დაშორებული ერთი ჰექტრის ფართობის ტყის მონაკვეთი. ნიკოლაი კანტარიანი (ეს მიტროპოლიტ ვლადიმირის საერო სახელია, რედ. შენიშვნა) და ფიოდორ როშკა (იგივე – მამა ნიკოლაი, ერთ-ერთი კიშინიოვის ეკლესიის უხუცესი) ფირმის დამფუძნებლები გახდნენ. იჯარით აღებულ მონაკვეთზე სამი შენობა აიგო, რომლების მფლობელიც ასოციაცია „Porche Club Moldova“-ს თავმჯდომარე ოლეგ პოპოვი გახდა. მალე ყველა ეს შენობა მღვდლების კუთვნილებაში გადავიდა.
2016 წლის ოქტომბერში სასამართლომ, 8900 ლეის (დაახლოებით 430 ევროს) ოდენობის ვალის გამო, ეს საიჯარო ხელშეკრულება შეწყვიტა, მაგრამ მოლდოვის ხელისუფლებამ მღვდლებს ამ ნაგებობების ვერც აღება აიძულა და, ვერც ამ შენობებისთვის უბრალოდ ხელის ხლებას ახერხებენ.
საეკლესიო მაღაზიები
მოლდოვის მიტროპოლიას საეკლესიო მაღაზიების ფართო ქსელი აქვს. როგორც წესი, იქ რელიგიური საქონელი იყიდება, 1 ლეიდ (დაახლოებით 5 ევროცენტი)ღირებული სანთლებით დაწყებული, მოოქროვილი ხატებითა და მღვდლების ძვირფასი სამოსით დასრულებული – 15.000 ლეიდ (დაახლოებით 720 ევრო). საეკლესიო სავანეებში არსებული მაღაზიების გარდა, ამგვარი კომერციული წერტილები კიშინიოვის სადგურსა და სხვა ადილებშიც არის. ამ მაღაზიებს საგადასახადო სამსახური არ აკონტროლებს, იქ არც სალარო აპარატებიდგას. სახელმწიფო საგდასახადო სამსახურში განაცხადეს, რომ 1998 წლის სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, საეკლესიო მაღაზიები გარკვეული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. მართალია, ეს საბუთი ეკლესიას გადასახადებისგან ათავისუფლებს, ოღონდ თუკი ვაჭრობა წმინდა სავანეებში მიმდინარეობს.
მიუხედავად ამისა, არავინ იცის, თუ როგორ იყენებენ ამ ფულს. სახელმწიფო არ აკონტროლებს არც ტარიფებს, რომლებსაც ეკლესია სხვადსხვა რიტუალისა და ცერემონიის ჩატარებისთვის აწესებს. მაგალითად, კიშინიოვის მთავარ ტაძარში – „ქრისტეს შობის“ ტაძარში – ჯვრის დაწერა 1000 ლეი (დაახლოებით 48 ევრო) ღირს, მაგრამ თუკი წყვილს ჯვრისწერაზე მარტო სურს ყოფნა (ანუ, ეკლესიაში მათ გარდა სხვა წყვილი რომ არ იყოს), ამ შემთხვევაში, უკვე 1500 ლეის (72 ევრო) გაღება უწევთ. მგალობლების დასწრება ასევე ცალკე ფული ღირს – რამდენიმე ასეულ ლეიმდე.
Ziarul de Gardă-ს მასალის ორიგინალი