მოლდოვა რუსულ პროპაგანდას "აპაუზებს"
მოლდოვა, მაყურებლის მოფრთხილების მიზნით, სატელევიზიო გადაცემების გაფილტრვას ცდილობს. თუ როგორ იმუშავებს ეს, და რა შეიძლება იქცეს დაბრკოლებად, ამის გარკვევას JAMnews-ის მოლდოველი პარტნიორი გაზეთი Ziarul de Garda შეეცადა.
Ziarul de Garda-ს მასალების მიხედვით
მოლდოვაში ძალაში შევიდა ტელევიზიისა და რადიოს შესახებ კოდექსში შესწორებები: 12 თებერვლიდან ტელეეთერიდან უნდა გაქრეს ახალი ამბების გამოშვებები, საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამები და ის გადაცემები, რომლებიც სამხედრო თემატიკას ეძღვნება და რუსულ ტელეარხებზე გადის. ამგვარი კონტენტის ტრანსლაციისთვის ტელემაუწყებელს, შესაძლოა, 40 ათასი ლეის (დაახლოებით 2 ათასი ევრო) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრონ, ან ლიცენზია ჩამოართვან.
ამგვარი შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს; მოლდოვური ნოუ-ჰაუ კი ისაა, რომ რუსეთის ტელევიზიის ძირითადი კონტენტის დაბლოკვა არ იგეგმება – გასართობ გადაცემებს ჩვეულებისამებრ უჩვენებენ. მაყურებლისგან „დაიმალება“ მხოლოდ ის გადაცემები, რომლებიც ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭომ რუსულ პროპაგანდად მიიჩნია. ამ გადაცემებს მოლდოვას სახელმწიფო ტელევიზიის საკუთარი კონტენტით შეცვლიან.
ამ სიახლის კრიტიკოსები იმაზე მიუთითებენ, რომ ერთ პროპაგანდისტულ პროდუქტს მეორე შეცვლის, უბრალოდ, მოლდოველ მაყურებელს, რუსული პროპაგანდის ნაცვლად, ადგილობრივ, ხელისუფლების საამებლად შექმნილ პროპაგანდას შესთავაზებენ.
„შიდა პროპაგანდა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს (ვიდრე საგარეო), – მიაჩნია პიოტრ მაკოვეის, დამოუკიდებელი პრესის ასოციაციის დირექტორს, – ის პოლიტიკოსებს, რომლებიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების უმეტესობას ისედაც აკონტროლებენ, საზოგადოებრივი აზრითა და ამომრჩევლების ხმებით მანიპულირებაში დაეხმარება“. კოდექსში შესწორებები მოლდოვის მმართველი დემოკრატიული პარტიის დეპუტატების მიერ არის შემუშავებული; სწორედ ისინი იცავენ ყველაზე მეტად ამ შესწორებებს და ირწმუნებიან, რომ „ანტიპროპაგანდისტული კანონი“ ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციებს სრულიად შეესაბამება.
ადგილობრივი მედია-ექსპერტები ამას არ ეთანხმებიან – ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მიღებული შესწორებები არადემოკრატიულია.
პიოტრ მაკოვეი, დამოუკიდებელი პრესის ასოციაციის დირექტორი, მიიჩნევს, რომ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე დემოკრატიული გზა ბალტიის ქვეყნებმა აირჩიეს: იქ პირდაპირი აკრძალვები არ არსებობს, მაგრამ აქტიურად მუშაობს მარეგულირებელი ორგანო (მოლდოვის ტელემაუწყებლობის საკოორდინაციო საბჭოს ანალოგი): ის მუდმივად ადევნებს თვალს იმას, თუ რა ჩნდება ტელეეთერში, და როცა საჭიროა, სასამართლოს მიმართავს. მაუწყებლობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არსებობს.
მაკოვეის აზრით, მართალია, ზოგჯერ პროპაგანდასთან ბრძოლის მკვეთრი მეთოდებიც გამართლებულია, როგორც, მაგალითად, უკრაინაში – იქ რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობა მთლიანად აკრძალულია:
„უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, რუსეთი მისთვის აგრესორია. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, ამ აკრძალვების მიღება გამართლებული იყო“, – თქვა პიოტრ მაკოვეიმ. სხვა დამოუკიდებელ მედია-ექსპერტებთან ერთად მოლდოვის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგში მაკოვეიც მონაწილეობდა. იმ ანგარიშის თანახმად, რომელიც სპეციალისტებმა გასული წლის მაისში ამ გამოკვლევის შედეგად მოამზადეს, მოლდოვაში ტრანსლირებული ხუთი რუსული არხი („პირველი არხი“, РТР, НТВ, РЕН ТВ, СТС) „ცალმხრივ, მანიპულაციურ და პროპაგანდისტულ ინფორმაციას წარადგენდა და ისეთ ტექნიკებს გამოიყენებდა, როგორიცაა ფაქტების შერჩევითი წარმოდგენა, წყაროსგან მიღებული ცნობების ინტერპრეტაცია, იარლიყების მიკვრა, აზრების თავს მოხვევა და სხვა.
კოდექსის შეცვლის შესახებ მიღებულ კანონს კრემლმა „მორიგი ანტირუსული გამოხდომა“ უწოდა, ხოლო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომელიც გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს მოუწოდებს , რომ კოდექსის ცვლილებები ადამიანის უფლებების შესახებ დეკლარაციის და კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასონ.
ამის პასუხად, მოლდოველი დეპუტატების ჯგუფმა – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, პარლამენტში დაარეგისტრირეს დეკლარაციის პროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეროვნულ საინფორმაციო უსაფრთხოებაზე თავდასხმასა და მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკურ საქმიანობაში შეურაცხმყოფელ ჩარევას გმობს.