მომიტინგეები თბილისში პარლამენტის პიკეტირებას იწყებენ. ფოტორეპორტაჟი
საღამოს შვიდი საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხალხით გაივსო.
მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით.
აქციის ორგანიზატორები არიან როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე გაერთიანებული ოპოზიცია. ოცამდე პოლიტიკური პარტია გაერთიანდა ხელისუფლების წინააღმდეგ.
დემონსტრანტებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს პარლამენტის შენობას.
მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტთან ღამეს გაათევს. პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
აქციის მთავარი ლოზუნგია “ერთად ერთის წინააღმდეგ!”
შესწორების თანახმად, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო, ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადასულიყო და უარი ეთქვა მაჟორიტარულ სისტემაზე. ეს იყო მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა პროტესტის პირველი ტალღისას, რომელიც 2019 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. მაშინ, სიტუაციის განსამუხტად, პირადად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაპირდა დემონსტრანტებს, რომ მაჟორიტარული სისტემა, რომელიც დიდ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას არჩევნების დროს, გაუქმდებოდა. თუმცა, პირობა დაირღვა და პარლამენტში კენჭისყრისას, ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილმა დეპუტატებმა რეფორმა ჩააგდეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილი ტყუილსა და არჩევნების მოპარვაში დაადანაშაულეს და ქუჩაში გამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო, რომელიც პროპორციული სისტემით გაიმართებოდა. მათ შეუერთდა ამ მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული მთელი ქართული ოპოზიცია. მომიტინგეები სამი დღის განმავლობაში ახდენდნენ პარლამენტის პიკეტირებას, სანამ სპეცრაზმმა ძალით, წყლის ჭავლის მანქანებითა და ხელკეტებით არ დაშალა დემონსტრანტები.
თუმცა, მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მღელვარება არ შეწყვეტილა. აქციის დაშლის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელისუფლების ოპონენტები „პარტიზანული“ ბრძოლის მეთოდებზე გადავიდნენ: ისინი დიდ ჯაჭვებსა და ბოქლომებს ჰკიდებდნენ სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე, უსტვენდნენ მინისტრებსა და დეპუტატებს, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ.
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნები ძალაში რჩება – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით.
ეს ვიდეო მოკლედ მოგითხრობთ ნოემბრის დემონსტრაციების ისტორიას:
25 ნოემბრის მიტინგი ადრევე დაანონსდა. უკვე 26 ნოემბერს დილიდან, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ დახურონ საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი და მისი მუშაობის ბლოკირება მოახდინონ.
„და ასე იქნება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. მშვიდ ცხოვრებას მმართველი პარტია ვეღარ ეღირსება, ეს უკვე მათი დასასრულია“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი, სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
საღამოს შვიდი საათისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მომხრეებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ცენტრში და ასე მივიდნენ პარლამენტთან.
„ბიძინა წადი!“
ბიძინა, სირცხვილია!“
„ბიძინა გადამგდები!“ – ეწერა პლაკატებზე.
მიკროფონთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კარდინალურად განსხვავებული შეხედულებების ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრაქტიკულად მთელმა ოპოზიციამ მოახერხა გაერთიანება.
ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ პროტესტი განსაკუთრებით მშვიდობიანი ხასიათისაა. გეგმის მიხედვით, მომიტინგეები ღამეს პარლამენტთან გაათევენ.
„კარგი იქნება, თუკი ივანიშვილი გონს მოვა. მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართულ საზოგადოებას და პასუხი მისთვის ძალიან დრამატული იქნება. ჩვენ სამართლიანი არჩევნები გვინდა, მაგრამ მან პროცესების რადიკალიზაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ დატოვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
„ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, პარლამენტის პიკეტირებას მოვახდენთ, გავმართავთ აქციებს საქართველოს ყველა ქალაქში, დაგვშლიან, მაგრამ მაინც შევიკრიბებით, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – ამბობს ბაჩუკი ქარდავა, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
„ქართული ოცნების“ პასუხი: თემა დახურულია
25 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, მმართველი პარტიის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. იყო მოლოდინი, რომ მიტინგის დაწყებამდე, ხელისუფლებას, შესაძლოა, მომიტინგეებისთვის კომპრომისული წინადადება შეეთავაზებინა განსჯისათვის. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არ შეუძლია განიხილოს არც ერთი ახალი ინიციატივა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან „საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, დღეს არ არსებობს რესურსი რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზებისთვის“.
„თემა დახურულია“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ასევე მკაცრად უარყო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებაც. „გერმანული მოდელი“ – ეს არის საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა წარმოადგინეს.
ამ მოდელის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით (73 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქიდან და 77 – პარტიული სიით). თუმცა, მოქმედი მოდელისგან განსხვავებით, შეკრებითობის პრინციპი გაუქმდება, როდესაც ჯამდება პარტიების შედეგები, რომელიც მათ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით მიიღეს. ამის ნაცვლად, პარტია მიიღებს იმდენ ადგილს პარლამენტში, რამდენიც პროპორციული საარჩევნო სისტემით მათ მხარდაჭერას შეესაბამება.
ეს ინიციატივა არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, მისი მიღებისთვის არაა საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა (113 დეპუტატის ხმა). ამ ცვლილების მისაღებად საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.