მიიღებს თუ არა ლავროვს საქართველო?
2020 წლის14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს.
მინისტერიალზე ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა ჩამოვიდნენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა რუსეთი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
• ღამე სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაშალა. არიან დაშავებულები
• ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია
• რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ითხოვს
ჩამოვა თუ არა საქართველოში ამ ქვეყნის დელეგაცია და მინისტრი სერგეი ლავროვი? 2020 წლის დადგომასთან ერთად საქართველოში ამ თემაზე მსჯელობა უკვე დაიწყეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირი. უკვე 12 წელია საქართველოში ლავროვის დონის რუსეთის ოფიციალური პირები არ ჩამოსულან. გასული წლის ივნისში მართლმადიდებლური ფორუმის ფარგლებში რიგითი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს და მის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში მრავალათასიანი მიტინგი და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
ამასთან, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის გვერდის ავლით, აკრძალული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.
გავრცელდება თუ არა ეს კანონი ლავროვზე, მიიღებს თუ არა საქართველო მას და რუსეთის დელეგაციას? ქართული მედია უკვე მსჯელობს ამ თემაზე
საქართველოს საგარეო უწყება ლავროვის შესაძლო ვიზიტს ამ ეტაპზე არც ადასტურებს და არც უარყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ლავროვი ჩამოვა საქართველოში “მას დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული”
“საქართველოში ლავროვს დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ აღებული ვალდებულებები. დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები“, – ამბობს თალაკვაძე.
კითხვაზე, შემოუშვებს თუ არა ქართული მხარე საქართველოში სერგეი ლავროვს, თალაკვაძის თქმით,“საზღვრის კვეთა ეხება სხვა სტრუქტურებს”.
“სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით სად ჩავა და სად არ ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ რაც ტრადიციულად თავმჯდომარე ქვეყნების მიერ ტარდება, ის ღონისძიებები ჩავატაროთ, მათ შორის მინისტერიალი”, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის.
როგორც უგულავამ განაცხადა, ყველა, ვინც ლავროვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოუშვებს, კანონს დაარღვევს და „ადრე თუ გვიან მოეკითხება პასუხი”.
„ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის. „ქართული ოცნების” მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რაც უნდოდა, ესაა ანტიოკუპაციური კანონის გაუქმება, ამიტომ მათგან ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ კანონი არის კანონი. ის მოქმედებს მინისტრზეც და რიგით მოქალაქეზეც. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან. ყველა შემომშვები იქნება კანონდამრღვევი. შესაბამისად კანონდარღვევის გამო ადრე თუ გვიან მოეკითხებათ პასუხი”,- განაცხადა უგულავამ.
რას ფიქრობენ ექსპერტები ლავროვის შესაძლო ვიზიტზე
ექსპერტები ფიქრობენ, რომ სერგეი ლავროვის ჩამოსვლა საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტს გამოიწვევს და ამით ისარგებლებს ოპოზიცია, რაც ქვეყანაში დაძაბულობას გამოიწვევს.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ჩიხშია და ერთადერთი გამოსავალია მინისტერიალის ჩატარებაზე უარი თქვას:
„ქართული ოცნება“ არის სრულ დაბნეულობაში. სერგეი ლავროვი უნდა ჩამოვიდეს, რადგან ის არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. არ ჩამოსვლა როგორ შეიძლება მოხდეს? მაშინ გამოდის, რომ მთავრობამ უნდა შეუთვალოს არ ჩამოვიდეს. ეს კი გამოწვევს კიდევ უფრო დიდ დაძაბულობას რუსეთთან ურთიერთობაში. ამას რუსეთი საქართველოს ასე მარტივად არ შეარჩენს. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მთავრობამ თავიდან აიცილოს მინისტერიალის ჩატარება, რადგან წარმოუდგენელია ქვეყანაში სერგეი ლავროვის ჩამოსვლამ წყნარად და მშვიდად ჩაიაროს და ვითარება კიდევ უფრო არ დაძაბოს“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველოს რუსეთის დელეგაციის მიღება მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი ქვეყანა საერთაშორისო იმიჯს დაიზიანებს.
როგორც კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ დელიკატურია, თუმცა, საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მას აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულება, რომ ყველა დელეგაციას, მათ შორის რუსეთის დელეგაციასაც ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნას.
„საკმაოდ დელიკატური სიტუაციაა შექმნილი იქედან გამომდინარე, რომ საქართველო თვითონ არის ამჟამად თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია, რომ ამ ვალდებულებებზე უარს ვერ იტყვის. ასევე მნიშვნელოვანია ის შიდა კონტექსტი, რომელიც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან და ოკუპირებულ რეგიონებთან. ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი გამოცდილება, თუ როგორ ჩამოდიან მაგალითად, საქართველოში კოსოვოს სპორტული ნაკრებები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს აღიარებული კოსოვო. მსგავსი გამოსავალი უნდა მოიძებნოს,“ – განაცხადა კაკაჩიამ.
ამასთან, კაკაჩია ფიქრობს, რომ სერგეი გავრილოვის ვიზიტის შედეგად შექმნილი პრობლემის განმეორების საფრთხე არ არსებობს.
„არა მგონია, გავრილოვის ვიზიტის მსგავსი პროცესები განვითარდეს, რადგან კონტექსტი სულ სხვაა. გავრილოვი მმართველმა პარტიამ მოიწვია, ამჯერად კი საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მან თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. არა მგონია, ქართული ოპოზიცია ამას ვერ ხვდებოდეს და ამ კონტექსტში განსხვავება ვერ ნახოს, ამიტომ ამ ორს ერთმანეთს მაინც ვერ შევადარებდი“, – განაცხადა კაკაჩიამ.
2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამ პოსტს ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს.