მერკელის ვიზიტის ეკონომიკური შედეგი. რა ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი თბილისში?
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსთან ორი ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ჯამში 193 მილიონი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს და ამ სესხის მეშვეობით თბილისთან ახლოს მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება, ხოლო აჭარაში წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდება.
_________________
მიწისქვეშა გაზსაცავი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო.
გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის დაცლილ საბადოზე აშენდება. მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.
მიწისქვეშა გაზსაცავი მნიშვნელოვანი ობიექტია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ეს პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს: ზაფხულში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია, აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეინახება, მარაგის გამოყენება კი ზამთარში, მოხმარების პიკზე დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ გაზის მოწოდება ავარიულად შეწყდება, გაზსაცავი ქვეყანას მომხმარებლების გაზით შეუფერხებელი მომარაგების საშუალებას მისცემს.
გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. ის 2022 წელს ამოქმედდება.
გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. მას შემდეგ საქართველოს მთავრობა არაერთ საერთაშორისო ინვესტორთან ცდილობდა პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას.
გაზსაცავის მშენებლობისთვის სულ 250 მილიონი ევროა საჭირო. 150 მილიონი საქართველოს გერმანულმა მხარემ მისცა კრედიტის სახით. დანარჩენი 100 მილიონი სესხის აღებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ცდილობს. ამ თემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
43 მილიონი აჭარას წყალმომარაგებისთვის
აჭარის სოფლების წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო პროგრამისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო გრანტის სახით 3 მილიონი ევრო გამოუყო.
ეს თანხა ხულოს, ქედას, შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში “წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების” რეაბილიტაციას მოხმარდება.
ამ პროექტის 215 000 ადამიანისთვის წყლის მომარაგება გაუმჯობესდება.
ეს პირველი პროექტია აჭარაში, რომელიც გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
“საქართველოს რკინიგზასა” და ,,დოიჩე ბანს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება
გერმანიასთან საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარკინიგზო კომპანიასთან “დოიჩე ბანთან” ხელშეკრულების დადება.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან და რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი.
,,დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, კონსტანციდან ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. გადაზიდვებს ,,დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია ,,დიბი შენკერი’’ განახორციელებს.
ანგელა მერკელის თქმით, “გერმანია ხედავს ბიზნესკავშირების გაღრმავების პერსპექტივას” და განსაკუთრებით პერსპექტიულია აგრარული სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის საქართველოდან ევროკავშირში გატანა.
მერკელის დელეგაციაში იყვნენ ისეთი მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG/Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient.
ისინი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გაეცნენ. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვება და გერმანული ბიზნესკომპანიები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდებიან.
ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მერკელის თქმით, დაწესდება კვოტა საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ისინი გერმანიაში დეფიციტურ პროფესიებზე ლეგალურად დასაქმდებიან.
“ჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს. ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არსებობს დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით. ჩამოვაყალიბებთ დასაქმების ლეგალურ და სამართლებრივად გამართლებულ გზებს. მათ შორის პროფესიული სასწავლებლების მეშვეობითაც, რომ აღნიშნული სკოლები გაძლიერდეს, ამას გარდა, მოხდეს გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობა,”- განაცხადა მერკელმა.