მამაკაცები დაბრუნდნენ
ტეხუტის მკვიდრი, 22 წლის ანუშ მელქონიანი ერევანში, ბუნების დაცვის საკითხებზე მუშაობს. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ლორეს ოლქში სპილენძისა და მოლიბდენის საბადოების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, ანუშმა თავის სოფელში გარემოს დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია დააარსა. მონიტორინგის შემდეგ დარღვევები ვერ აღმოაჩინა, ორგანიზაცია დახურა და დედაქალაქში გადავიდა.
“პატარა რომ ვიყავი, სოფელში მამაკაცები საერთოდ არ იყვნენ. ყველა, მათ შორის მამაჩემიც, საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ. ახლა კი დაბრუნდნენ. კარგია, მაღარო რომ მუშაობს. თითოეული ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის აქ დასაქმებული. წინათ სტუდენტი სწავლის დასრულების შემდეგ უსაქმურად იჯდა სახლში; ახლა კი შეუძლია, სამსახური იშოვოს”, – ამბობს ანუში.
მართლაც – სააქციო საზოგადოება ‘ტეხუნის’ მაღაროში 1300 ადამიანი მუშაობს. დასაქმებულთა 90% ლორეს ხეობიდანაა; ამათგან 250 შნოხას მკვიდრია, 150 ადამიანი კი ტეხუტაში ცხოვრობს. მაღაროში მომუშავეთა საშუალო ხელფასი, გადასახადების ჩათვლით, 315000 დრამია (დაახლოებით 700 დოლარი);
ადამიანებს სამუშაო სჭირდებათ, და ისინი მას იღებენ, ოღონდ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი ცხოვრება. ასე ფიქრობს ტეხუტის დაცვის სამოქალაქო ინიციატივის წევრი არტურ გრიგორიანი, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, მაღაროს მუშაობის შეწყვეტისთვის იბრძვის. “მაღაროს ზიანი მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ამ საწარმოს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ”, – ამბობს არტური.
ამ მხარეში მაღაროს ამუშავებას დადებითი მხარეებიც აქვს. შეუძლებელია, ვერ შენიშნო ახალი ასფალტი გზებზე, რაც სომხურ სოფლებში იშვიათობაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ას მეტრში ნაგვის ურნები დგას, რომლებსაც ყოველდღე ცლიან.
იმ დღის შემდეგ, რაც მაღაროს შესახებ დაიწყო ლაპარაკი, საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ტყის მასივის ნაწილის გაჩეხვის აუცილებლობა; თუმცა, ამჯერად ამ გეგმას მაღაროს ხელმძღვანელობაც, მოსახლეობაც და ეკოლოგების დიდი ნაწილიც საკმაოდ მშვიდად ხვდება. კომპანია ‘ტეხუტი’ ამტკიცებს, რომ 194,4 ჰექტარზე გაჩეხილი ტყის ნაცვლად, 415,7 ჰექტარზე დარგო ხეები (ძირითადად ლორეს ოლქში). ამას გარდა, შნოხსა და ტეხუტში 180 ჰექტარზე ხეხილი გაშენდება.
პირდაპირი არხი შნოხი-დებედა-მტკვარი-კასპიის ზღვა
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტმა, წყლის ეკოსისტემების ექსპერტმა, სეირან მანასიანმა 2009-2015 წლებში მდინარე შნოხის წყლის დინამიკის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ტეხუტის სამთო-სამრეწველო კომპლექსის უარყოფითი ზემოქმედების შედეგად მდინარე, რომელიც ‘კარგ’ რესურსთა კლასში შედიოდა, 3-4 წლის შემდეგ მეხუთე, ‘ცუდი’ კლასის რესურსად იქცა.
სხვათა შორის, მდინარე შნოკი დებედას შენაკადია, რომელიც მტკვარს (საქართველო) უერთდება. თავის მხრივ, მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება (აზერბაიჯანი).
“თუკი პროექტი ამოქმედდა, არ არის გამორიცხული, საქართველომ სომხეთისგან საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვოს იმის გამო, რომ საქართველოში გარემო დაბინძურდება. ამ თანხას კი, არა კომპანია, არამედ სახელმწიფო გადაიხდის ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან”, – აღნიშნავს აქტივისტი არტურ გრიგორიანი.
კომპანია ‘ვალეკს გრუპის’ პრესმდივანმა განაცხადა, რომ მათი კომბინატი ერთადერთი საწარმოა, რომელიც საწარმოო წყლის დახურული ცირკულაციის პრინციპით მუშაობს და, ამდენად, გაჟონვა გამორიცხულია. გამოკვლევის ფარგლებში, მდინარე შნოხში მოლიბდენის რაოდენობის დინამიკის შესასწავლად შესაბამისი კვლევითი სამუშაოები ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგად არასასურველი მაჩვენებლები არ გამოვლენილა.
მიუხედავად ამისა, არტურ გრიგორიანი ამტკიცებს, რომ საიმედო წყაროებიდან მიღებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპლუატაციის პირველ ეტაპზე საცავიდან გაჟონვა მოხდა. ‘ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი შეაკეთეს, თუმცა, ავარიის შემდეგ სათანადო შემოწმება და გამოკვლევები არ ჩატარებულა. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლების ნათქვამს ვერავინ დაადასტურებს.’
სააქციო საზოგადოება ‘ტეხუტი’, უკვე სამი წელია, რაც ბუნების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გასაკონტროლებელი ორგანიზაციების სიაშია, როგორც დაწესებულება, რომლის საქმიანობაც გარემოს დაბინძურების რისკებთანაა დაკავშირებული. ვიდრე მაღარო გაჩერებული იყო, შემოწმება არ ტარდებოდა. 2014 წლის დეკემბერში ტეხუტის მაღარო ამოქმედდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი შემოწმებაც არ ჩატარებულა.
ამას გარდა, ხელისუფლების მიერ 2015 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, რისკის ზონაში არსებული ბევრი ორგანიზაციის (მ.შ. დახურული სააქციო საზოგადოება ‘ტეხუტის’) შემოწმება შეჩერებულია.
სოფელ ტეტუხის მამასახლისმა განაცხადა: ‘ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, თუ რამხელა ზიანის მოყენება შეუძლია ამ მაღაროს. მე, სოფლის მამსახლისს, საამისოდ არც ფული მაქვს და არც შესაძლებლობები. მაღაროს მფლობელები თავად იწვევენ შემმოწმებელს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.’
ახალი გამოკვლევები ახალ ტერიტორიებზე
ამჟამად დახურულ საქციო საზოგადოება ‘ტეხუტი’ ახალი ტერიტორიების მიწის წიაღის შესწავლას აპირებს. აღნიშნული ნაკვეთები ექვს სოფელს ეკუთვნის, მათ შორის – ტეხუტსა და შნოხს. ტეხუტის დაცვის სამოქალაქო ინიციატივის წევრები ფიქრობენ, რომ, მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, ამ სოფლების მოსახლეები ამჯერად ისე ადვილად აღარ დანებდებიან.
ახალ ტერიტორიაში ტეხუტის მცხოვრები 180 მესაკუთრის უძრავი ქონება შედის. ‘წინასწარი თანხმობა მთხოვეს, მაგრამ არ მივეცი. თუ ყველა მესაკუთრესგან მიიღებთ თანხმობას, მეც მოგცემთ თანხმობას-მეთქი. თუკი სხვა მესაკუთრეები წინააღმდეგ იქნებიან, ჩემი თანასოფლელების წინააღმდეგ ხომ არ წავალ?!’ – განაცხადა ტეხუტის მამასახლისმა.
შნოხის თემის ხელმძღვანელმა წინასწარი თანხმობა მისცა კომპანიას: ‘უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი მიწის წიაღში. როდესაც მიწაში სასარგებლო წიაღისეულის არსებობა დამტკიცდება, სოფლელში რეფერენდუმს ჩავატარებ და ასე გადავწყვეტთ ამ საკითხს.’
კვლევის ჩატარებაზე კატეგორიული უარი მხოლოდ სოფელ ცახკაშატის მოსახლეებმა განაცხადეს.
კომპანია ‘ვალექს გრუპის’ პრესმდივანის თქმით: ‘ჩვენი კომპანია არ არის მიჩვეული, რომ ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა კეთილგანწყობით არ ხვდებოდეს ჩვენს საქმიანობას. დღემდე რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია; ადამიანები ყოველთვის ხალისითა და სიხარულით გვეხმარებოდნენ.’
მართლაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია – მაღაროსთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, გზები დაგებულია, მამაკაცები მუშაობენ და არც წყალია ცუდი ხარისხის. შეკითხვაზე ‘რა იქნება შემდეგ’ ასეთ პასუხს ვიღებთ ‘შემდეგ’ – ჯერ შორია, ჩვენ დღეს გვინდა ცხოვრება.’
გამოქვეყნდა: 16.08.2016