კომიკოსი მსახიობი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტი გახდეს. ყველაფერი 31 მარტის არჩევნების შესახებ
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს, საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში გაიმართება.
2013 წლიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს. უკრაინაში კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო მიმომხილველები სიტუაციას კრიტიკულად აფასებენ.
საკუთარი კანდიდატურა ამ არჩევნებზე სარეკორდო რაოდენობით ადამიანმა წარმოადგინა – 43. თუმცა, პრეზიდენტის პოსტის დაკავების რეალურ პრეტენდენტად სამი მიიჩნევა:
• მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, შოკოლადის იმპერიის მფლობელი მილიარდერი, რომელსაც უკრაინაში „შოკოლადის მეფესაც“ უწოდებენ;
• ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო – მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის პროექტებში, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ, მას ზედმეტსახელად – „გაზის პრინცესას“ ეძახდნენ;
• კომიკოსი მსახიობი, სატელევიზიო შოუს წამყვანი, ვლადიმირ ზელენსკი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.
ასეთ სიტუაციაში, უკრაინის დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ ვინც არ უნდა აღმოჩნდეს საპრეზიდენტო სავარძელში – ახალი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს რეფორმების დაჩქარებას, რომელსაც მხარს უჭერდა დასავლეთი 5 წლის განმავლობაში.
„თითოეულ მათგანს თავისი სერიოზული ნაკლი აქვს. არ არის არც ერთი, რომელსაც უბრალოდ, ადგები და მხარს დაუჭერ“, – განუცხადა Reuters დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მოკლედ კანდიდატთა პირველი სამეულის შესახებ, რომელთაც გამარჯვების რეალური შანსი აქვთ.
ვლადიმირ ზელენსკი
შოუმენი, არტისტი და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი – 41 წლისაა და ამ მომენტისთვის უსიტყვოდ ლიდერობს წინასაარჩევნო რბოლაში: სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მისთვის ახლავე ხმის მისაცემად მზად არის მოსახლეობის 32,1 პროცენტი.
ზელენსკი უკრაინაში ცნობილი გახდა, როგორც მთავარი როლის (პრეზიდენტის) შემსრულებელი, სერიალში, „ხალხის მსახური“. ადრე პოლიტიკურ ცხოვრებაში არასოდეს მონაწილეობდა და არც სახელმწიფო სამსახურში ყოფილა დასაქმებული.
2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც შეიცავდა მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ზელენსკი სამ კომპანიას ფლობს რუსეთში. მაგრამ, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, სოციოლოგების აზრით, ამ ინფორმაციამ ზელენსკის სასარგებლოდ იმუშავა.
ამ კანდიდატის მთავარი ლოზუნგებია – კორუფციასა და ოლიგარქებთან ბრძოლა და ასევე, რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ურთიერთობის დარეგულირება, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით.
მისი ასეთი მაღალი რეიტინგის ერთ-ერთ მიზეზად, ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობა და პოლიტიკაში ახალ ხალხზე მოთხოვნა სახელდება. ვლადიმირ ზელენსკი პირველ რიგში ახალგაზრდებისა და უკრაინის რუსულად მოლაპარაკე რეგიონების მხარდაჭერით სარგებლობს.
პეტრო პოროშენკო
მოქმედი პრეზიდენტი, 52 წლის პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, პოტენციურ გამარჯვებულთა სიაში მეორე ადგილზეა – სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, მას ამ მომენტისთვის ამომრჩევლის 17,1 პროცენტი უჭერს მხარს.
პოროშენკო – უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი შემოსავლის წყარო – საკონდიტრო ნაწარმის ბიზნესია.
2019 წლის თებერვალში, „Bihus.Info“-ს ჟურნალისტებმა გამოავლინეს კორუფციული სქემა თავდაცვის სისტემაში. მასში ჩართული იყო პრეზიდენტის ახლო მეგობრის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლეგ გლადკოვსკის შვილი. პოროშენკომ გლადკოვსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა და შესაბამის ორგანოებს „რეზონანსული პუბლიკაციების“ გამოძიებისკენ მოუწოდა.
პოროშენკოს კამპანია აგებულია იმაზე, რომ მის დროს გაძლიერდა არმიის ბრძოლისუნარიანობა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი ავტოკეფალია მოიპოვა.
მოწინააღმდეგეები პოროშენკოს პირველ რიგში უპირისპირდებიან კორუფციასთან ბრძოლაში გამოვლენილი უუნარობის გამო.
თუკი გამოკითხვებს დავუჯერებთ, პოროშენკოს მეორე ტურში გასვლის ყველანაირი შანსი აქვს, მაგრამ პოროშენკო ლიდერობს კანდიდატთა ანტირეიტინგშიც – გამოკითხულთა ნახევარი არც ერთ სიტუაციაში არ მისცემდა ხმას მოქმედ პრეზიდენტს.
იულია ტიმოშენკო
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, იულია ტიმოშენკოსთვის ხმის მისაცემად ამ მომენტისთვის მზად არის ამომრჩეველთა 12,5 პროცენტი.
ის 58 წლისაა, ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, არის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი და მესამედ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე. ტიმოშენკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს, კორუფციის ბრალდებით, საპატიმრო სასჯელი მოიხადა.
„ბატკივშინა“ და იულია ტიმოშენკო ასევე ფიგურირებენ „Bihus.Info“-ს გამოძიებაში – საუბარია პარტიის დაფინანსების ფიქტიურ სქემაზე. გამოძიებაში ნათქვამია, რომ ტიმოშენკოს პარტიას საქმიანობისთვის საჭირო მილიონებს, თითქოს, უკრაინის მოქალაქეები სწირავენ, მაგრამ მათმა უმეტესობამ ან არ იცის ამის შესახებ ან ასეთი თანხები არ გააჩნიათ. 13 მარტს, სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე პარტიის ანგარიშების შემოწმების ნებართვა მისცა შესაბამის სამსახურებს.
თუმცა, ამ ფონზე, სოციოლოგები საუბრობენ ტიმოშენკოს ამომრჩევლის „მდგრადობაზე“ – უფრო ზუსტად, მზაობაზე, ხმა მისცენ სწორედ ამ კანდიდატს.
პროგნოზი
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, თუკი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი დააგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, დაინიშნება მეორე ტური.
ახლა, სწორედ ასეთი სცენარი გამოიყურება ყველაზე რეალურად.
ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურში პრეზიდენტი პოროშენკო და მსახიობი ზელენსკი გავლენ.
ასეთ შემთხვევაში, ვის დაუჭერენ მხარს ტიმოშენკოსა და სხვა კანდიდატების ამომრჩევლები – ამის პროგნოზირებისგან ყველა თავს იკავებს.