კვირიკაშვილი საქმის ხელახალი გამოძიების პირობას დებს. სარალიძე მის გადადგომას ითხოვს
მას შემდეგ, რაც პრემიერ კვირიკაშვილს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, მან ბრიფინგი გამართა სახელმწიფო კანცელარიაში.
მან თქვა, რომ ხორავას ქუჩის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.
“შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული”, – განაცხადა მან სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უმოკლეს ვადაში რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი და დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც უმცირესობა იქნება წარმოდგენილი უმრავლესობის სახით:
“უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას. იმ პერიოდში, რა პერიოდიც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.”
„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან”.
პრემიერის თქმით, მას აქციაზე აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად შეხვდა, თუმცა მისივე თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მცირე ჯგუფმა არ მისცა საშუალება ბოლომდე გაეჟღერებინა განცხადება:
“ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო. მე ყოველთვის ვიდექი ჩემი ხალხის გვერდით, ამის გამო გადავწყვიტე აქციაზე მისვლა, რათა პირველ რიგში, მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან. გავაკეთე ეს, მიუხედავად იმისა, აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი”.
პრემიერის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე. მან თქვა, რომ გახარიას უწყებას არ ენდობა და მისი მოთხოვნაა პრემიერის გადადგომა.