კატალონია დამოუკიდებლობის გზაზე შეჩერდა: მისი ლიდერი მადრიდთან დიალოგისთვის მზად არის
REUTERS/Enrique Calvo
კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა 10 ოქტომბერს მადრიდს ურთიერთობაში იმ დაძაბულობის შესუსტებისკენ მოუწოდა, რომელიც ესპანეთის ამ მდიდარი ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შედეგად წარმოიშვა, – იუწყება Reuters.
კატალონია ესპანეთის შემადგენლობაში არსებული ავტონომიური რეგიონია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანია. 2017 წლის 1 ოქტომბერს აქ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა – ესპანეთის მთავრობამ ის უკანონოდ გამოაცხადა და შეეცადა, კენჭისყრა აღეკვეთა – ამან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მასობრივი შეხლა-შემოხლა გამოიწვია, რა დროსაც 800 ადამიანი დაზარალდა.
რეფერენდუმის ჩატარება მაინც მოხერხდა და მონაწილეთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. თუმცა, კატალონიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ავტონომიის მოსახლეობის მხოლოდ ორმოცდასამმა პროცენტმა მიიღო.
მთელი მსოფლიო დაძაბულად ელოდა, რომ სამშაბათს, 10 ოქტომბერს, კატალონიის მთავრობის მეთაური კარლოს პიუჯემონტი პარლამენტს დამოუკიდებლობის დეკლარაციის რეალიზაციისთვის კენჭისყრას შესთავაზებდა. ეს ესპანეთში არსებულ სიტუაციას გაუთვალისწინებელ მიმართულებას მისცემდა – ესპანეთის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება არაკანონიერი იქნებოდა, და აფრთხილებდა, რომ ასეთ შემთხვევაში „კანონისა და დემოკრატიის“ აღსადგენად მიიღებდა ზომებს.
მაგრამ პიუჯემონტმა მაინც გადაწყვიტა, რომ პარლამენტში კენჭისყრა გადაედო.
“მთელი ამ კამათისა და უთანხმოებების მიუხედავად, ჩვენ – ერთი ხალხი ვართ, – განაცხადა კარლოს პიუჯემონტმა ბარსელონაში, პარლამენტში გამოსვლისას, – ხალხმა ჩვენ იმის მანდატი გადმოგვცა, რომ კატალონიის ტერიტორიაზე რესპუბლიკის სახით დამოუკიდებელი ქვეყანა შევქმნათ, მაგრამ მე გთავაზობთ, რომ ამის განხორციელება შევაჩეროთ და შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოლაპარაკებები გავმართოთ“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პიუჯემონტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ კატალონიის ლიდერებთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გეგმებზე უარს არ იტყვიან.
ი ქამდე ევროპარლამენტმა კატალონიის საკითხთან დაკავშირებით უპრეცედენტო ერთიანობა გამოავლინა.
ერთი კვირის წინ, 4 ოქტომბერს, ევროპელმა დეპუტატებმა ამ თემაზე დებატები გამართეს, რომლის დროსაც რეფერენდუმს პრაქტიკულად უკლებლივ ყველამ უკანონო უწოდა. ამგვარი შედეგი დიდ იშვიათობად იქცა ევროპარლამენტისთვის, რომელშიც ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენლები არიან გაერთანებული: კონსერვატორები, სოციალისტები, ლიბერალები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, „მწვანეები“ და ნაციონალი-ევროსკეპტიკოსები.
ისეთმა დეპუტატებმაც კი, როგორიცაა საფრანგეთის წარმომადგენელი მარინ ლე პენი, რომლებიც მუდმივად ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან და მას ეროვნების ინდივიდუალობის განადგურებაში ადანაშაულებენ, კატალონიელ სეპარატისტებს მხარი არ დაუჭირეს. დებატების დროს გამოითქვა მეტ-ნაკლებად საერთო აზრი იმის შესახებ, რომ კატალონიის მთავრობამ მადრიდის პოლიტიკით მოსახლეობის უკმაყოფილება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და უპასუხისმგებლოდ გაწირა საკუთარი მოქალაქეები – პოლიციელების ხელკეტებისთვის.
ამავდროულად, დებატების ყველა მონაწილემ ერთმნიშვნელოვნად დაგმო ესპანეთის პოლიციის ქმედებები და ამას ესპანეთის მთავრობის მხრიდან „ძალის არაპროპორციული გამოყენება“ უწოდა.
REUTERS/Enrique Calvo
დებატებზე ყველა გამომსვლელი შეთანხმდა იმაზე, რომ მადრიდსა და ბარსელონას შორის კონფლიქტის გადაწყვეტის ერთდერთი გზა ორ მხარეს შორის პოლიტიკური დიალოგის გამართვაა, შესაძლოა – ბრიუსელის შუამავლობით. ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ფრანს ტიმერმანსმა ამოცანა ამგვარად ჩამოაყალიბა:
„კანონის შეცვლისთვის ბრძოლა შეიძლება, მაგრამ მისი იგნორირება – არა“.
ამ სხდომიდან კიდევ ერთი ხმამაღალი ციტატა ეკუთვნის ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გი ვერხოფსტადტს, რომელსაც სეპარატიზმის მხარდაჭერის საკუთარი გამოცდილება აქვს: „პოლიტიკაში კომპრომისი სამარცხვინო არ არის“, – თქვა ვერხოფსტადტმა.
მან თავის სამშობლოში – ფლანდრიაში მიმდინარე პროცესები გაიხსენა – იქ ასევე აქტიურია სეპარატისტული განწყობები, მაგრამ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შედეგად კომპრომისს მიაღწიეს და ფლანდრია ერთიანი ბელგიის ნაწილად რჩება.
“მსოფლიოში სახელმწიფოები კი არა, ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სახელმწიფოებს იმისთვის ქმნიან, რომ მათში ცხოვრება მოსახერხებელი იყოს“, – თქვა ვერხოფსტადტმა.