იუნესკო VS ივანიშვილი
“თბილისი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი – ამჟამად საფრთხეშია” – ეს ფრაზა წერია საგანგებო წერილში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე 13-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში გამოგზავნა. წერილის ადრესატები ქვეყნის უმაღლესი პირები არიან – პრეზიდენტი, პრემიერი, თბილისის მერი და მინისტრები.
იუნესკოს კონსულტანტი ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებულმა საინვესტიციო პროექტმა – “პანორამა თბილისი”, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.
“პანორამა-თბილისი” იქნება ოთხი უზარმაზარი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ძველი თბილისის ოთხ სხვადასხვა უბანში აშენდება (სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი). კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდება. გეგმის მიხედვით, აქ მრავალფუნქციური ცენტრები, ბიზნეს-სივრცეები, შვიდვარსკვლავიანი სასტუმროები, სპორტული დარბაზები და სხვა ტურისტული თუ რეკრეაციული ინფრასტრუქტურა განთავსდება.
აი, ასე გამოიყურება “პანორამა-თბილისის” კომპიუტერული მოდელი:
მსგავსი გრანდიოზული ნაგებობების განთავსება თბილისის ისტორიულ ნაწილში, სადაც ვიწრო ქუჩები და ძირითადად სამ-ოთხ სართულიანი შენობებია, დააზიანებს ქალაქის ისტორიულ იერ-სახეს, – ფიქრობენ სპეციალისტები.
2007 წლიდან ძველი თბილისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ამ ტერიტორიის განსაკუთრებული დაცვის ვალდებულება.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც წერილი საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს, “პანორამა თბილისის” მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, იუნესკოსაც მიმართეს.
თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტის წინასწარი ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. პროექტს ახორციელებს “თანაინვესტირების ფონდი”, რომელიც თავად ივანიშვილმა 2013 წელს დააფუძნა. “თანაინვესტირების ფონდში” აქვთ ამბიცია, რომ “პანორამა-თბილისი” თბილისის სავიზიტო ბარათად იქცევა. “ეს პროექტი თბილისის სამხრეთ კავკასიის ცენტრად აქცევს,” – ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი.
თავად პროექტის ინიციატორი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პროექტს უნიკალურს და ექსკლუზიურს უწოდებს. მისი თქმით, “რომ არა მისი პირადი ახირება, ინვესტორები ამ პროექტში ფულს არ ჩადებდნენ, რადგან იგი არარენტაბელურია.”
პროექტში ქართველი მილიარდერი საკუთარი ფულის ჩადებასაც გეგმავს.
“პროექტი ფინანსურად მეტად სარისკოა, თუმცა პირველი რისკები მე ავიღე ჩემ თავზე… ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ექსკლუზიური პროექტი შეიქმნას, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს,” – აცხადებს ივანიშვილი.
იგი დარწმუნებულია, რომ პანორამა თბილისის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღას “ნაციონალური მოძრაობა” მართავს.
პროექტის წინააღმდეგ, უკვე თვეებია, იბრძვიან ქართველი გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი თბილისელები. იმართება პერმანენტული აქციები, მათ შორის – ივანიშვილის სახლთან.
აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციას 5 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.
“თუ ივანიშვილს მართლაც ქალაქის განვითარება სურს, მაშინ პანორამა არა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არამედ გარეუბანში გადაიტანოს,” – აღნიშნავენ პეტიციაზე ხელმომწერები.
ურბანისტები ფიქრობენ, რომ პროექტი დედაქალაქის განვითარებას შეაფერხებს; თბილისი ისტორიულ სახეს დაკარგავს და ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
გარემოსდამცველები პრობლემად იმას მიიჩნევენ, რომ პროექტის განსახორციელებლად სოლოლაკის მაღლობზე ტყის საფარი უნდა გაიჩეხოს, ქალაქის ცენტრში მოიმატებს საცობები, რაც ეკოლოგიას დააზიანებს.
პასუხად პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ “პანორამა თბილისის” ფარგლებში, 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი აშენდება. ასევე, მშენებლობაზე 6 ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო შემდეგ მუდმივ სამუშაო ადგილს 2 ათასი ადამიანი მიიღებს.
იუნესკოს კონსულტანტების მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, წერილში არ იყო მითითებული კონკრეტული შენიშვნები, რის გამოც, პროექტი უნდა შეჩერდეს.
მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. მშენებლობების დასრულება წელიწადნახევარში იგეგმება.
არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ. მათი თქმით, პანორამა-თბილისი, შესაძლოა, ის მთავარი მიზეზი აღმოჩნდეს, რის გამოც, ძველი თბილისი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ მოხვდება.
“ეს იქნება ის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ის, რომ იუნესკოს ათქმევინა უარი ძველ თბილისზე. თბილისი ფინანსურად ბევრად უფრო მოიგებდა, იუნესკოს სიაში რომ მოხვედრილიყო,” – აცხადებს კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი.
- აგვისტოში პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 10 აქტივისტი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი ის ტრანსფარანტები იყო, სადაც უცენზურო სიტყვებით პანორამა თბილისის პროექტს და თავად ყოფილ პრემიერს მოიხსენიებდნენ
- “პანორამა-თბილისის” მშენებლობა რომ დაწყებულიყო, თბილისის საკრებულომ სოლოლაკის მაღლობს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა.
- მიწის ნაწილი, სადაც დღეს პანორამა თბილისის ერთ-ერთი კომპლექსი შენდება, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო, და თანაინვესტირების ფონდმა ის ყოფილი პრემიერისგან შეიძინა.