ინვესტორებმა UBER-ის მფლობელი დირექტორობიდან გაათავისუფლეს
სატრანსპორტო მომსახურების კომპანია Uber-ის დამაარსებელმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტერენს კალანიკმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.
რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება? კალანიკის წასვლის მიზეზები The New York Times-ისთვის გახდა ცნობილი.
კალანიკმა Uber 2009 წელს დააარსა და ათ წელიწადზე ნაკლებ დროში კომპანია არნახულად წარმატებული გახადა. ამჟამად მისი აქციების ღირებულება 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კერძო კომპანიისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თუმცა, უკანასკნელ ხანს კომპანია სხვადასხვა პრობლემას წააწყდა. თავიდან სკანდალი იმის გამო წარმოიშვა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა მასობრივად დაიწყეს ჩივილი სამუშაო ადგილას სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო, რაზეც Uber-ის ხელმძღვანელობა თვალებს ხუჭავდა.
შემდეგ პრეტენზია გამოთქვეს იმ მძღოლებმა, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობდნენ. ისინი კომპანიას ვიდეოთამაშებიდან გადმოღებული მანიპულაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. მძღოლებს სამსახურის გასაგრძელებლად ხელფასით კი არ ახალისებდნენ, არამედ სრულიად არამატერიალური წოდებების მინიჭებით – „სანიმუშო მძღოლი“, „უზადო მძღოლი“ და ა. შ.
ასევე საგადასახადო ორგანოებმა იეჭვეს, რომ კომპანია ისეთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებდა, რაც მის საგადასახადო დატვირთვას ამცირებდა.
Uber მედიის და საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
შედეგად, კომპანიის ხუთმა მთავარმა ინვესტორმა ( 2009 წლიდან მან 14 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიზიდა) ტერენს კალანიკის გადადგომა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის აქციების დიდი ნაწილის მფლობელია, მაინც იძულებული გახდა, რომ ამ მოთხოვნას დამორჩილებოდა.