თურქეთი და რუსეთი ომის პირას? სირიაში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა
Reuters-ის ცნობით, როგორც მინიმუმ 33 თურქი სამხედრო დაიღუპა სირიაში, 27 თებერვალს, რუსული ავიაციის თავდასხმის შედეგად.
შედეგები ასეთია:
• თურქეთში პარლამენტი სირიისთვის ომის გამოცხადებაზე მსჯელობს.
• პრეზიდენტი ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი აღარ შეაკავებს სირიელი ლტოლვილების ტალღის ევროპაში გადინებას. 2016 წლის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირმა რამდენიმე მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო ოფიციალურ ანკარას, რომელიც სირიელი მიგრანტების ნაკადის ევროპისკენ გადინების შეჩერებას დათანხმდა.
• ნატო თურქეთის მოთხოვნით მაღალი დონის საგანგებო თათბირს მართავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქული ჯარები, რომლებიც ცეცხლის გახსნის შედეგად დაზარალდნენ, არ უნდა ყოფილიყვნენ იმ რაიონში და ანკარამ წინასწარ არ მიაწოდა მოსკოვს ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ.
როგორც Reuters-ი წერს, რუსმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „იდლიბში, თურქეთის ნებისმიერი სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, ცუდად დასრულდეს ანკარისთვის“.
აშშ-ში, სენატორმა გრემმა პრეზიდენტ ტრამპს მოსთხოვა ფრენებისთვის დახურული ზონის შექმნა სირიის პროვინცია იდლიბში, ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა დასაყრდენში.
• რატომ სჭირდება სირია თურქეთს და რატომ – რუსეთს? პასუხები კითხვებზე
• „აი, რატომ არიან რუსი დაქირავებულები სირიაში“ – ნავთობი
• ვინ არიან ქურთები და რატომ არიან ისინი სირიაში დარტყმის ქვეშ
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
• თუკი თურქეთი საკუთარ მუქარას განახორციელებს და აღარ შეაკავებს სირიიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადებს, ევროკავშირი იძულებული გახდება პირდაპირ ჩაერიოს სირიის ტერიტორიაზე რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე კონფლიქტში. თურქეთში ახლა 3.7 მილიონი დევნილია, კიდევ 1 მილიონი კი – თურქეთ-სირიის საზღვარზე.
• თურქეთი – ნატოს წევრია, რომელიც, თავისივე წესდებით, მის მიერ ომის გამოცხადების შემთხვევაში, ვალდებულია, მხარი დაუჭიროს მას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან თურქ სამხედროებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციით და სრულად უჭერენ მხარს „თურქეთს, როგორც ნატოელ მოკავშირეს“.
• რუსეთი, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ხაფანგში აღმოჩნდა.
„თუკი იდლიბში თურქი სამხედროების დაღუპვას ერდოღანი ასობით ათასი სირიელი დევნილის ევროპაში გაშვებით უპასუხებს – ევროპა ამაზე პასუხისმგებლობას პუტინს დააკისრებს“, – მიაჩნია წამყვან რუს პოლიტოლოგს, არკადი დუბნოვს.