თანამედროვე ჩინეთი თბილისში. ეროვნული მუზეუმი ჩინელი არტისტების გამოფენას მასპინძლობს
“თანავარსკვლავედები” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც თანამედროვე ჩინელი ხელოვანების ნამუშევრებს აერთიანებს და თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 23 ივნისიდან 11 სექტემბრამდე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს.
მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 40-მდე ავანგარდისტული ნამუშევარია წარმოდგენილი. ვისაც ჩინეთი და თანამედროვე ხელოვნება აინტერესებს, ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა.
აი ვეივეი, ჰუ შიაოიანი, ლი შურუი, ლიუ ვეი, ლუ პინგიანი, ლუ შანჩუანი, მა ქიუშა, ვან გუანგლი, ვანგ სიშუნი, ვანგ იუანგი, ში მოლინი, შიუ ქუ, შიუ ზენი, იან შინგი, ზანგ დინგი, ზანგ ზენიუ, ზაო იაო, ზაო ზაო – ჩინელი ხელოვანების ეს სახელები თანამედროვე არტის მოყვარულებისთვის მრავლისმთქმელია.
თითოეული არტისტი საკუთარი შემოქმედებით ჩინეთის დღევანდელ პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ რეალობას ასახავს და, რაც მთავარია, მასზე გავლენას ახდენს. მათი ნამუშევრები პრობლემების გადაჭრის განსხვავებული გზების ძიებაა.
მათ შორის, განსაკუთრებით გახმაურებული სახელი აი ვეივეია – ჩინელი ხელოვანი და პოლიტიკური აქტივისტი, რომელსაც ჩინეთის მთავრობა დევნის და იგი დღეს ევროპაში ცხოვრობს.
2011 წელს, როდესაც ჩინეთის მთავრობამ აი ვეივეი აეროპორტში დააკავა, მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო მის დასაცავად: ჟურნალი “The Times”-ი ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილ მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებდა. ისინი ჩინეთის ხელისუფლებას მიმართავდნენ და ითხოვდნენ, რომ ხელოვანის წინააღმდეგ დევნა შეწყვეტილიყო. პირველი ავტორები მსოფლიო მნიშვნელობის არტისტები – დემიენ ჰერსტი და ანიშ კაპური იყვნენ.
ბუკერის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა სალმან რუშდიმ “The New York Times”-ისთვის ვრცელი წერილი დაწერა აი ვეივეიზე. ამ აქციამ მაშინ გააერთიანა: ნიუ-იორკი, სტოლჰოლმი, ლონდონი, პარიზი, ბოსტონი, ბერლინი, ათენი და სხვა. ამ აჟიოტაჟის შემდეგ, რამდენიმე თვეში ხელოვანი გაათავისუფლეს.
აი ვეივეის ნამუშევრებით დღეს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები ინტერესდებიან. 11 სექტემბრამდე კი, მისი ნამუშევრის ნახვა თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს შეეძლებათ.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილია აი ვეივეის „ქათმის ფინჯანი“, რომელიც მან 2015 წელს შექმნა. ამ პროექტით ხელოვანი მდიდარი ჩინელების ფაიფურისადმი ტრფიალს დასცინის, რომლებიც მილიონებს იხდიან ფაიფურის ერთ ფინჯანში.
ლიუ ვეის ნამუშევრები კი სწორხაზოვანი და მათემატიკური გზით გესაუბრება ურბანულ გარემოზე. ნამუშევრით “იისფერი ჰაერი G”, რომელსაც ეროვნულ გალერეაში ნახავთ, ის ურბანულობას ვერტიკალური, სისტემური ნაკვთების მქონდე ნახატებით შეისწავლის.
გამოფენას “თანავარსკვლავედი” საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოადგენს ახალგაზრდა ფრანგი კოლექციონერი ჯონ დოდელანდი, რომელიც უკვე შვიდი წელია, რაც საქართველოს მოქალაქეა. გამოფენის პარტნიორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო მედიაპარტნიორი კომპანია “BIO International” და მისი დირექტორი ოლგა ბაბლუანი.
“ეს გამოფენა პირველი და უნიკალურია კავკასიის რეგიონში. თბილისში ყველას შეუძლია ნახოს ის, რასაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ნახულობენ ადამიანები, – ამბობს ფრანგი კოლექციონერი ჯონ დოდელანდი – საქართველო პერსპექტიული ქვეყანაა. აბრეშუმის გზა ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების რეალური ხიდია. გამოფენა თანამედროვე ჩინელი ხელოვანების თავისუფალ სიტყვას წარმოადგენს”.
ოლგა ბაბლუანის თქმით, ექსპოზიციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს:
“დოდელანდს კარგად ესმის ჩინურ-ქართული ურთიერთობების აუცილებლობა. მოგეხსენებათ, აბრეშუმის გზის საკითხის გაძლიერება ჩინეთის ხელისუფლებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს დასახული”.
ვანგ გუანგლი 090820, 2009. ჯონ დოდელანდის კოლექცია
აი ვეივეი „ქათმის ფინჯანი“ 2015. ჯონ დოდელანდის კოლექცია
ლიუ ვეი, იისფერი ჰაერი G, 2008, ჯონ დოდელანდის კოლექცია
გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 11 სექტემბრამდე დარჩება