ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან 2011 წლის შეთანხმების ამოქმედება გადავწყვიტეთ
რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის “ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თბილისი და მოსკოვი 2011 წელს დადებული ხელშეკრულების ამოქმედებაზე შეთახმდნენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის „სავაჭრო დერეფნების“ შექმნას და ტვირთების მოძრაობის მესამე მხარის მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.
ამ დოკუმენტით, მონიტორინგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზეც დაწესდება.
როგორც აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ „მცირე ნაბიჯების მეთოდით იმოქმედონ“ და ის საკითხები განიხილონ, რომელთა გადაწყვეტა „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გარეშე არის შესაძლებელი.
„ჩვენ გადავწყვიტეთ 2011 წლის შეთანხმების ამოქმედება, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო -ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობის განვითარების საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა „კომერსანტთან“ საუბარში.
შეთანხმება გრიგორი კარასინმაც დაადასტურა. „კომერსანტთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ მონიტორინგს ორი ქვეყნის სააზღვარზე შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს და ამასთან დაკავშირებით შვერიცარიის წარმომადგნელები მოსკოვში მოლაპარაკებას უკვე მარტის თვეში გამართავენ. მისი თქმით, შესათანხმებელია საბაჟო პუნქტების ზუსტი ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც SGS-თან კონტრაქტს მოეწერება ხელი. „ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს პრაქტიკულ სფეროში და გავაგრძელებთ სხვლას იმისკენ, რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს“, – განაცხდა კარასინმა.
ზურაბ აბაშიძის განცხდებას შეთანხმების ამოქმედების შესახებ სოციალური ქსელით პარლამენტის წევრი, ყოფილი საგაერო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გამოეხმაურა, რომელიც 2011 წელს მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მან დოკუმენტის ამოქმედების ნელი ტემპით უკმაყოფილება გამოთქვა. კაპანაძის განცხადებით, „ გაუგებარია, რომელ მცირე ნაბიჯებზე საუბრობენ მხარეები, როცა აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერიდან 5 წელი გავიდა“.
- შეთანხმებას „საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ“ რუსეთმა და საქართველომ ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს მოწერეს. ის გახდა წინაპირობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიზაციში (WTO) რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობისათვის. ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ თბილისი საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე ტვირთების მოძრაობის გაკონტროლების საშუალებას ითხოვდა.
- შეთანხმების მიხედვით, რუსეთსა და საქართველოს შორის სამი „სავაჭრო დერეფანი“ იქმნება. ერთი მათგანი მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას, მეორე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას, მესამე – ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიას. დერეფნებიდან შემომავალ და გამავაკლ ტვირთებს მოწვეული კომპანიის წარმომადგენლები გააკონტროლებენ და ინფორმციას თბილისსა და მოსკოვს მიაწვდიან. შესაბამისად, კონტროლი განხორციელდება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზეც – როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუზე. ამ მისიის შესასრულებლად მხარეებმა შვეიცარიული კომპანია SGS შეარჩიეს.
- საქართველოს და რუსეთის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსი არ არის მითითებული.