ვინ არის ფეტჰულა გიულენი?
ვინ არის ფეთჰულა გიულენი, რომელსაც თუქრეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ?
16 ივლისს თავის მიმართვაში ერდოღანი აცხადებდა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ფეთჰულა გიულენის მიერ იყო მართული.
“თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც იაფფასიანი აჯანყებებს გაჰყვება და არც ის სახელმწიფო, რომლის მართვა პენსილვანიიდან შეიძლება,” – განაცხადა ერდოღანმა, როდესაც სახელმწიფო ტელევიზიას Face Time-ით პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
სწორედ პენსილვანიაში ცხოვრობს ფეთჰულა გიულენი – ერდოღანის მთავარი მტერი, თურქეთში ერდოღანის შემდეგ მეორე გავლენიან ადამიანი.
ვინ არის გიულენი?
· გიულენი დაიბადა 1941 წელს ქურთულ ოჯახში, ქალაქ ერზრუმთან;
· გიულენი მწერალი და ყოფილი იმამია. 12 წლის იყო პირველად რომ იქადაგა;
· 1982 წელს მისი პირველი ისლამური სკოლა გაიხსნა;
· 1999 წლიდან პენსილვანიაში (აშშ) ცხოვრობს;
· დაფუძნებული აქვს სკოლებისა და უნივერსიტეტების ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით (1000-ზე მეტი სკოლა მსოფლიოს 160 ქვეყანაში);
· 2008 წელს Prospect-მა და Foreign Policy-მ ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად დაასახელეს. ჟურნალმა Time-მა ის “მსოფლიოს 100 გავლენიანი ადამიანის” სიაში შეიყვანა;
· გიულენი და ერდოღანი ერთ დროს მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ. პირველი უთანხმოება მათ შორის 1999 წელს მოხდა. მაშინ გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა;
· 2000 წელს გიულენის წინააღმდეგ თურქეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მოგვიანებით დახურეს;
ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით გამწვავდა ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება. ერდოღანი მუდმივად იმეორებდა, რომ გიულენს და მის ორგანიზაციას “ჰიზმეტს” ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურთ;
· გიულენსვე ბრალდებოდა 2013 წელს ერდოღანის ხელისუფლებაში კორუფციული სკანდალის გამოაშკარავება. 2014 წელს თურქეთის სასამართლომ გიულის დაპატიმრების ორდერი გასცა. თურქული მხარე ინტერპოლს გიულნის “წითელი ცირკულარით” ძებნას სთხოვდა, თუმცა ინტერპოლმა არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა;
· 2016 წლის მარტში ერდოღანმა გიულენს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთებით დასახლებულ რეგიონში ვითარების გამწვავებაში დასდო ბრალი;
· 2016 წლის აპრილში თურქულმა პოლიციამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 90 ადამიანი დააკავა. მაისში იზმირში იგივე ბრალდებით კიდევ 29 ადამიანი დააპატიმრეს. ორივე შემთხვევაში ერდოღანი აცხადებდა, რომ გიულენი თურქეთში “პარალელური სახელმწიფოს” შექმნას ცდილობს;
· გიულენი სათავეში უდგას მოძრაობა “ჰიზმეთს”, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს არა მარტო თურქეთში. მას და მის იდეებს ჰყავს მომხრეები თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში, არმიასა და სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. ერთ-ერთი გამოსვლისას ერდოღანმა მათ “სახელმწიფო სახელმწიფოში” უწოდა;
აქვს თუ არა ქვეყნის მართვის ამბიცია გიულენს, ძნელი სათქმელია. მას ღიად არასდროს უთქვამს, რომ მზადაა, ხელისუფლებაში მოვიდეს. პირიქით, ამ კითხვას ის ყოველთვის ურაყოფითს პასუხს სცემს. თურქი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერდოღანს გიულენი “განტევების ვაცად” გამოყავს და ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემას მუდმივად მას უკავშირებს;
· გიულენს რამდენიმე ქრონიკული დაავადება და ჯანმრთელობის მუდმივი პრობლემები აქვს. ის იშვიათად ჩნდება საჯაროდ და თითქმის არ ურთერთობს ჟურნალისტებთან;
· გიულენი რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდის და ისლამისა და რელიგიის პოლიტიზების წინააღმდეგია. ის ქადაგებს ტრადიციულ, თურქულ ისლამს და მას განიხილავს როგორც თანაგრძნობისა და სოციალური თანადგომის რელიგიას;
· გიულენი სხვა კონფესიებთან და განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან დიალოგის მომხრეა. ის აქტიურად არის ჩართული დისკუსიებში თურქეთის მომავალთან და თანამედროვე სამყაროში ისლამის როლთან დაკავშირებით. გამოსავალს გიულენი განათლებასა და პიროვნების განვითარებაში ხედავს;
· გიულენი მიიჩნევს, რომ ქიმიის, მათემატიკის და ფიზიკის შესწავლა არის “უფლის სადიდებელი საქმე”;
თურქეთში “გიულენის სკოლები” საუკეთესოდ მიიჩნევა. აქ თანამედროვე, ძვირადღირებული აპარატურაა, თანაბარი მიდგომა ორივე სქესის მიმართ, ინგლისურს პირველი კლასიდან სწავლობენ;
· გიულენი მიიჩნევს, რომ ისლამი და დემოკრატია თავსებადია;
· გიულენი ქალების და მამაკაცების თანასწორობის მომხრეა, თუმცა მიიჩნევს, რომ “დასავლური ყაიდის ფემინიზმი, რომელიც სავსეა მამაკაცების მიმართ სიძულვილით, განწირულია მარცხისთვის ისევე, როგორც ყველა სხვა რადიკალური მიმდინარეობა”.