საქართველოს ექსპრემიერი: არაფორმალურ მმართველობაში დამადანაშაულეს, რაც მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში
საქართველოს ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუთი გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
მან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” ისაუბრა. წამყვანი პირადად ესტუმრა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელს მის რეზიდენციაში.
ინტერვიუში ივანიშვილი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის, ისაუბრა მის არაფორმალურ მმართველობაზე, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ცვლილებაზე, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე, საბანკო სისტემის რეფორმაზე, სიღარიბეზე, მედიაზე, დენდროლოგიური პარკის მშენებლობასა და ხეების გადატანაზე.
“რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში”
ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა პოლიტიკაში, როგორც მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, უარყო, რომ პოლიტიკაში დაბრუნებამდე არაფორმალურად მართავდა ხელისუფლებას.
“მე ვახორციელებდი საზოგადოებრივ კონტროლს და არა არაფორმალურ მმართველობას”, – განაცხადა მან. ივანიშვილის თქმით, ის არ მართავდა საქართველოს ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს და არ ერეოდა მის ფუნქციებში. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთხელ მაინც ჰქონდა ჩარევის მცდელობა საბანკო სექტორთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ მონაწილეობდა ახალი პრემიერის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურის შერჩევაში.
“ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით მივაღწიე. სხვა საკითხებში არავითარი დაჟინებული მოთხოვნა მე მასთან [კვირიკაშვილთან] არ მქონია და არავითარი ხშირი ზარები. თვითონ თუ გამიკეთებდა რაღაც ფორმალურ ზარებს და შემეკითხებოდა, შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში; ერევათ იმაში, რაც ხშირად მითქვამს, რომ მე მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ხელისუფალი გავაკრიტიკო”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა და მისი მართვის არაეფექტურმა მეთოდმა განაპირობა მმართველი გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე დაყენება. ივანიშვილის თქმით, “ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. კვირიკაშვილს არჩევანი აღარ ჰქონდა, უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრაში, ვიდრე ორწელიწადნახევარში გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთად. სწორედ ბახტაძემ დაიწყო საუბარი ქვეყანაში არსებულ ჭარბვალიანობაზე და საბანკო რეგულაციებზე.
“ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა”
ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ “ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა”. ჭარბვალიანობა იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რაც მან ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს გადაცდომად ჩაუთვალა.
ივანიშვილის თქმით, მისთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გაიგო, რომ UNICEF-ის კვლევის მიხედვით “ქართული ოცნების” მმართველობისას ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
“ამაში ლომის წვლილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ამ ფონზე რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ და საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის ბანკების წინააღმდეგია.
ყოფილმა პრემიერმა მისი ოჯახის კუთვნილ “ქართუ ბანკზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ბანკი რენტაბელობით არ გამოირჩევა და “ქართუს” კაპიტალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე მისი დაფუძნებისას იყო. ივანიშვილის თქმით 200 მილიონი კაპიტალი ჩადო ამ ბანკში, ახლა კი – ნაკლებია. ივანიშვილს “ქართუ ბანკის” გაყიდვა სურს, თუმცა შესაბამის დროს ელოდება. მისი თქმით, 2 მსხვილი ბანკი ბაზარზე ცოტაა და მესამე ძლიერი ბანკიც უნდა გაჩნდეს.
“წასვლას აღარ ვიჩქარებ”
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჯერად პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას არ იჩქარებს. მისი თქმით, პოლიტიკურად გამოუცდელი და ღარიბი საზოგადოების ფონზე სახელმწიფოს მდგრადობა მოწყვლადია და სანამ ეს არ შეიცვლება და ხალხის სურვილიც იქნება, ის პოლიტიკაში დარჩება.
„62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, რამდენსაც შევძლებ და სანამ ენერგია მექნება და რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, მანამ ვიქნები, სანამ მოწყვლადია ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილს არ სურს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი. მათ შორის მოიაზრებოდნენ: თავად ბიძინა ივანიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
თუმცა ივანიშვილს სურს, რომ პარტიამ მისი გუნდიდან საერთოდ არ წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი და ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. მაგრამ თუ ასეთი კანდიდატი არ გამოჩნდება, “მაშინ ოპოზიციამ წაიღოს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. მისი თქმით, დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.
“პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი”, – აღნიშნა მან.
ივანიშვილი: ნაკვეთებზე ხეების გადატანის სანაცვლოდ მოსახლეობას 12 მილიონი ლარი გადავუხადე
ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში დასავლეთ საქართველოში ხეების გადატანაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე ხმაურიანი მის მიმართ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ ხეების გადატანისას გაანადგურა სამეგრელო და აჭარა, რკინიგზა გადაკეტეს, დენი გამორთეს, საცობები იყო, განადგურდა მწვანე საფარი, ეკოლოგია აღარ აღდგება.
ივანიშვილის თქმით, მოსახლეობას 12 მილიონი ლარი გადაუხადა ნაკვეთებზე ხეების გატარების კომპენსაციად. ბიუჯეტში კი მთელი ამ პროცესიდან დაახლოებით 14 მილიონი ლარი შევიდა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი თანხები გადაუხადა რკინიგზასაც, რათა ლიანდაგი ჩაეხსნათ. თუმცა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხეების გადატანისას რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა. ერთადერთი, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა.
ივანიშვილის თქმით, პარკი იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე ღირს, თუმცა ეს პარკი საზოგადოებაში და საქართველოში რჩება.
ყოფილი პრემიერი შავი ზღვის სანაპიროზე შეკვეთილში საკუთარ მიწაზე დენდროლოგიურ პარკს აშენებს, რისთვისაც დასავლეთ საქართველოში არსებული უნიკალური ჯიშები ამ ტერიტორიაზე გადააქვს.