ესპანეთში მეორე ტერაქტი აღკვეთილია
REUTERS/Sergio Perez
ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი. ეს საკურორტო ქალაქ კამბრილსში, ბარსელონიდან 135 კილომეტრში მოხდა (BBC).
პარასკევს დილით იქ ინციდენტი მოხდა – ავტომობილმა გამვლელების ჯგუფს განზრახ გადაუარა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის – ერთი პოლიციელი. ავტომობილი გადატრიალდა. როდესაც მისი მგზავრები გადმოვიდნენ, შემთხვევის ადგილას მისულმა პოლიციელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ხუთივე მათგანი მოკლულია.
პოლიციის ცნობით, მათ ეკეთათ თვითმკვლელების ქამრები, რომლებიც გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზევე გააუვნებელყვეს.
ესპანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ კამბრილსის შემთხვევა დაკავშირებულია ბარსელონაში გუშინ მომხდარ ტერაქტთან, სადაც ტერორისტმა ცენტრალურ რამბლის ქუჩაზე ასევე გამვლელებს გადაუარა. გარდა ამისა, პოლიცია ვარაუდობს, რომ ოთხშაბათს ქალაქ ალკანარში მდებარე სახლში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე ტერორისტულ საქმიანობას უკავშირდება – შესაძლოა, ამ სახლში ასაფეთქებელ მოწყობილობებს აწყობდნენ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიო რახოიმ ქვეყანაში მომხდარს „ჯიჰადისტების თავდასხმა“ უწოდა.