ერდოღანი: თურქეთი არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას
გაზიარება
გაზიარება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ანკარა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ ცნობს.
უკრაინული ტელეარხის ჰრომადსკოეს ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
”კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თურქეთი არ უჭერს მხარს ყირიმის უკანონო ანექსიას. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ყირიმის ჩათვლით,” – თქვა მან.
რუსეთმა ყირიმის ანექსიის შესახებ 2014 წლის მარტში, კიევში მაიდანის გამარჯვებისა და უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ანკარა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ ცნობს. REUTERS/Gleb Garanich
პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა კონფლიქტი გადაწყდება დიპლომატიური გზით, ასევე აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მუშაობას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტურ ზონაში, სადაც გრძელდება კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულ ძალებს შორის.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთი უკრაინას 36 მილიონ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს – ამ თანხით კიევი შეძლებს თურქეთისგან შეიძინოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელი.
ასევე, ვიზიტის დროს, უკრაინასა და თურქეთს შორის გაფორმდა შეთანხმება სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის მინისტრის ანდრეი ზაგოროდნიუკის თქმით, უპირველეს ყოვლისა, საუბარია მათ შორის თანამშრომლობაზე მაღალი სიზუსტით ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ერთობლივი წარმოებასა და ვერტმფრენების შეკეთებასა და ექსპლუატაციაზე.