ევროსთან მიმართებაში ქართული ლარი ისტორიულად გაუფასურდა
ბოლო 1 კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარს გასცდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილება ხანმოკლე პროცესია, ამდენად “კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია” – მისი თქმით, ქვეყანაში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, კურსის ფორმირებაზე კი გავლენას მრავალი ფაქტორი, მათ შორის საბაზრო მოლოდინებიც ახდენენ.
გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მცურავია და მას ხან გამყარება, ხან გაუფასურება ახასიათებს.
ლარის გაუფასურების გარე და შიდა ეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ;
პირველი არის ის მოლოდინები, რომლებიც არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება – “საქართველოში სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულია, რომ არჩევნების შემდეგ ლარი უნდა გაუფასურდეს და საარჩევნო პერიოდის შემდეგ მოლოდინების ცვლილება დოლარზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს”, – ამბობს ექსპერტი ლევან კალანდაძე.
კიდევ ერთ მიზეზად სახელდება სეზონურობა. ვინაიდან საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამიტომ იმპორტიორი ორგანიზაციები ცდილობენ ნოემბერში დეკემბრისთვის მარაგები შეივსონ. რის გამოც, ამ პერიოდში ჩვეულებრივზე ცოტა მეტი ვალუტის შესყიდვა დასჭირდათ.
ექსპერტების ნაწილი და ოპოზიცია ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
სოციალურ ქსელებში ლარის გაუფასურება მთავარი თემაა:
“უკვე ყოველი ახალი დღის მეშინია”;
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ახსნა-განმარტებაც ეზარება ლარის გაუფასურებაზე და მე მთელი ხელფასი კრედიტში უნდა გადავიხადო”;
“მორჩა არჩევნები და რა ანაღვლებათ, შემდეგ არჩევნებამდე ფულის კეთება შეუძლიათ”, – წერენ ფეისბუკ-მომხმარებლები.
• 1995 წლის ოქტომბრიდან ლარი საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა. 1995 წლის 25 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,3 იყო.
• ქართულ ლარს ე.წ. თავისუფალი გაცვლითი კურსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსს არ ადგენს და არ მართავს მთავრობა ან ეროვნული ბანკი.
• ბოლო ოთხ წელიწადში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ლარმა პირველი გაუფასურება 2013 წლის ბოლოდან დაიწყო. მაშინ ერთი დოლარი 1.66 ლარი ღირდა. ლარის გაუფასურების ახალი ტალღა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, ერთი დოლარი 2,28 ლარი ღირდა, იმავე წლის 22 დეკემბრს კი ლარმა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ერთი დოლარი 2.78 ლარი ღირდა.
• 2017 წლის დასაწყისში, ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად, მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის პროგრამა აამოქმედა, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის როლი ეკონომიკაში. პირველ რიგში – ეს კრედიტებზე აისახება. ბანკები კრედიტებს უმეტესწილად მხოლოდ ლარში გასცემენ.