ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელარუსში გამოტანილი ორი ახალი სასიკვდილო განაჩენი დაგმო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელარუსში ორი ახალი სასიკვდილო განაჩენის გამოტანა დაგმო. „დადგა დრო, რომ ეს შეწყდეს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო მომხსენებლის ივ კრიუშტანის მიერ სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებულ და ბელარუსში არსებული სიტუაციის შესახებ ანდრეა რიგონის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.
“საპარლამენტო ასამბლეა ისევ და ისევ ადასტურებს სასიკვდილო განაჩენისადმი სრულ მიუღებლობას, და მას წამების აქტად და არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობად განიხილავს; და რასაკვირველია, ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ აბოლიციონისტების ევროპულ ოჯახს შეუერთდეს, და დაუყოვნებლივ დააწესოს მორატორიუმი სასიკვდილო განაჩენზე. ბელარუსის კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში არაფერია ისეთი, რაც პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და ბელარუსის პარლამენტს ამის გაკეთებაში შეიძლება ხელს უშლიდეს“, – ციტირებს განცხადებას TUT.by.
ოცდაერთ ივლისს მოგილიოვში ორ „შავ რიელტორს“ – იგორ გერშანკოვს და სემიონ ბერეჟნოის დახვრეტა მიესაჯა. საქმის კიდევ ორმა ფიგურანტმა სასჯელად ხანგრძლივი პატიმრობა მიიღო: ტატიანა გერშანკოვამ – 24 წელიწადი, ბორის კოლესნიკოვმა – 22 წელიწადი და ერთი თვე.
იმავე დღეს ბელარუსში სასიკვდილო განაჩენზე მორატორიუმის დაწესების მოწოდებით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტურბიერნ იაგლანდი და ევროპის საბჭოს საშინაო ქმედებათა სამსახურის პრეს-მდივანი მაია კოჩიანჩიჩი.
ბელარუსი ერთადერთ ევროპულ ქვეყნად რჩება, სადაც სიკვდილის დასჯა გამოიყენება, თუმცა ის მზად არ არის თავის კანონმდებლობის შესაცვლელად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებისათვის ამის არგუმენტირებისას, ალექსანდრ ლუკაშენკო ოცი წლის წინანდელი რეფერენდუმის შედეგებს ეყრდნობოდა: „ჩვენ სასიკვდილო განაჩენის გაუქმებისკენ მოგვიწოდებენ. ამ წინადადებებს ვისმენთ და არამხოლოდ ვისმენთ. მაგრამ, ხალხის ნების წინააღმდეგ, რომლის უდიდესმა ნაწილმა რეფერენდუმზე ამ კანონის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი, ვერცერთი სახელმწიფო ვერ წავა, ვერცერთი ცივილიზებული ევროპული სახელმწიფო“.