ევროკავშირმა პლასტმასს ომი გამოუცხადა
ევროპარლამენტის დეპუტატებმა პლასტმასის ერთჯერადი ნივთების აკრძალვას მისცეს ხმა, – წერს BBC. სხვა დანარჩენთან ერთად აიკრძალება ასევე კოქტეილის საწრუპი პლასტმასის ჯოხები, ბამბის ჩხირები და პლასტმასის დანა-ჩანგალი.
კმარა პლასტმასის ჭამა
აკრძალვა ძალაში 2021 წელს უნდა შევიდეს, თუკი მას ეროვნული მთავრობები მხარს დაუჭერენ. ამის აუცილებლობა დიდი ხნის წინათ მომწიფდა: მსოფლიოში დაახლოებით ნაგვის 70 პროცენტი – ეს სწორედ პლასტმასია, ხოლო მის უდიდეს ნაწილს, ერთჯერადი ნივთების სახით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეადგენს.
პლასტმასი ადამიანის ცხოვრებაში იმდენად ღრმად შემოიჭრა, რომ უკვე საკვები ჯაჭვის ელემენტად იქცა. ოქტომბრის ბოლოს მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ პლასტმასის მიკრონაწილაკები ევროპისა და აზიის რიგი რეგიონების მოსახლეობის ორგანიზმში არსებობს.
ჩვენ ვყლაპავთ პლასტმასს, რომელიც საჭმლის შესაფუთ პაკეტებსა და სუფრის ჭურჭელშია, ასევე – წყლის ბოთლებში, პენოპლასტისა და პლასტმასის ჭიქებში, ერთჯერად დანა-ჩანგალში. ჩვენ, უკვე არაერთი ათეული წელია, პლასტმასს ვჭამთ.
ძირითადი დამაბინძურებლები და მათი ალტერნატივები
საწრუპი ჯოხი
1888 წელს ამერიკელმა მარვინ სტოუნმა ცვილის ქაღალდის მილაკი დააპატენტა. ლეგენდის თანახმად, მან ის მაშინ მოიგონა, როდესაც იმ საწრუპმა, რომლითაც სთოუნი ბურბონს სვამდა, ჭიქაში დნობა დაიწყო.
პლასტმასის საწრუპების მასობრივი წარმოება 1960-იან წლებში დაიწყო – მათი წარმოება იაფი ჯდებოდა, ისინი არ ტყდებოდა, და მალე ალტერნატიული პროდუქტები ჩაანაცვლა.
დღესდღეობით მთელი ძალით ცდილობენ პლასტმასის საწრუპისგან თავის დაღწევას. მსხვილმა ქსელებმა, როგორიცაა McDonalds და Starbucks, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მაინც, ასეთ საწრუპებზე უარი თქვეს.
შესაძლო ალტერნატივები: ზღვის წყალმცენარეებისგან, ქაღალდისგან ან მაკარონისგან დამზადებული საწრუპები.
ბამბის ჯოხები
„ყურის ჩხირები“ საწრუპებთან ერთად გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩამონათვალში, რასაც ბრიტანეთის სანაპიროებზე ყველაზე ხშირად აწყდებიან, ის მეექვსე ადგილზეა.
Instagram-ის ინდონეზიელმა მომხმარებელმა ქსელში ბამბის ჩხირიანი ზღვის ცხენი გამოაქვეყნა; „ვისურვებდი, რომ ასეთი ფოტო საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ რადგანაც უკვე არის, მინდა, რომ ის ყველამ ნახოს“, – დაწერა მან.
შესაძლო ალტერნატივა ბამბის ჩხირების უმსხვილესმა მწარმოებელმა Johnson & Johnson-მა გასულ წელს პლასტმასის ჩხირებზე უარი თქვა და მუყაოზე გადავიდა, თუმცა – ჯერჯერობით მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში.
ერთჯერადი ჭურჭელი
პლასტმასის ჭიქები, თეფშები, დანები და ჩანგლები ხშირად შეიძლება პიკნიკებზე ნახოთ. ადამიანებს ისინი ხშირად მიაქვთ ტურისტულ მოგზაურობებსა და ლაშქრობებში. ევროპაში მათი სრულად აკრძალვა სურთ.
შესაძლო ალტერნატივა უკვე არსებობს, თანაც საჭმელად ვარგისიანი – წყალმცენარეებისგან დამზადებული ჭიქები, ფქვილისგან დამზადებული დანა-ჩანგალი, თეფში ფორმის მსგავსად გაღუნული პალმის ფოთლები.