ედვარდ ლუკასი: საქართველო დასავლეთს შორდება, იქ რუსეთისა და ჩინეთის გავლენა სულ უფრო და უფრო იგრძნობა
ინტერვიუს სრული ვერსია ჰრომადსკოეს საიტზე
დასავლეთი კარგავს საქართველოს, სადაც სულ უფრო იზრდება რუსეთის და ჩინეთის გავლენა – ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ლუკასმა უკრაინულ ტელეკომპანია ჰრომასკოესთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველო სწრაფად მივიღოთ დასავლეთის უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში, რადგან საქართველო გვშორდება. ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტ რუსულ გავლენას, ვხედავთ ჩინეთის დიდ გავლენას, ვხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას, საჯარო ინსტიტუციების დეგრადაციას, ძალადობრივ დაპირისპირებებს საერთაშორისო კონფერენციებზე, რაც აქამდე არასდროს მინახავს [კონფლიქტი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებსა და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შორის თბილისში 10 სექტემბერს – JAMnews]”, – თქვა ლუკასმა.
ასე უპასუხა მან კითხვას ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრებასთან მისი დამოკიდებულების შესახებ – რასმუსენის განცხადებით, შესაძლოა საქართველო გახდეს ალიანსის წევრი იმ პირობით, თუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე -5 მუხლი თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდება.
• ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „გერმანული მოდელი“ უნდა განიხილებოდეს
• თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე
“შეშფოთებული ვარ იმით, რომ საქართველოში ერთგვარი ვაკუუმია, ის პატარა ქვეყანაა, მას არ გააჩნია კრიტიკული მასა, რომ (დასავლეთისკენ) სვლა განაგრძოს. ვფიქრობ, უკრაინა დიდი ქვეყანაა, აქვს უზარმაზარი შიდა იმპულსი და საგარეო დახმარებაც, თქვენ (უკრაინას) შეგიძლიათ გააკეთოთ ეს საკუთარი ძალებით. საქართველოს, 5 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, ნამდვილად სჭირდება გარე მხარდაჭერა, რაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნია. არც გერმანიას, არც ევროკავშირის, არც შეერთებული შტატების, არავის მხრიდან”, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ნებისმიერი პირობებით მისასალმებელია. მან დასავლეთ გერმანიის მაგალითი გაიხსენა, რომელიც ნატო-ში შესვლის მომენტისთვის აღმოსავლეთ გერმანიას არ ცნობდა, ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები, თუმცა ალიანსში მაინც მიიღეს.
ლუკასმა იმედი გამოთქვა, რომ ”ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი მართალია”.
“ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი (საქართველოს ნატო-ში მალე გაწევრიანების მიმართ). თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც გვეყოლება ახალი ევროკომისია და გერმანიის ახალი ლიდერი… შესაძლოა მივიღებთ რაღაცას ნატო – ს შემდეგ სამიტზე, რომელიც სა ვარაუდოდ წარმატებული იქნება.
იმედი ბოლოს კვდება. თუმცა ამჟამად ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. დასავლეთში ახლა დიდი არეულობის პერიოდია – როგორც შიდა, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს ცუდი დროა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც საგარეო მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება” – აღნიშნა ლუკასმა.