გაერო არ აღიარებს არჩევნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, აფხაზური სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანება, რეფერენდუმი ცხინვალში – ეს საკითხები განიხილებოდა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე.
საქართელოსთან დაკავშირებული თემა დღის წესრიგში უკრაინამ დააყენა. ეს ქვეყანა, საქართველოსგან განსხვავებით, უშიშროების საბჭოს წევრია.
უკრაინა ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებებით რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაკანონებას ცდილობს.
„ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია საქართველოს თემის ჩაკვლა ვერ მოხდება,” – ამბობს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმირ იელჩენკო.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა, მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები შემაშფოთებელია და საფრთხეს უქმნის რეგიონში ადამიანის უფლებებს.
იელჩენკო პარალელს ყირიმთან ავლებს და აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები არ არის გაყინული, როგორც ეს ბევრს გონია.
“უშიშროების საბჭოს ნახევარზე მეტმა რუსეთს ქმედებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ყველა დელეგაცია ერთის გარდა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”.
უკრაინის დელეგაცია უშუშროების საბჭოსგან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე პრესისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებასაც ითხოვდა, თუმცა ეს ინიციატივა რუსეთმა დაბლოკა.
იგივეს ადასტურებს გაეროში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი მეთიუ რაიკროფტი: „მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე არ ვცნობთ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე სამხრეთ ოსეთში“, – განუცხადა ბრიტანეთის ელჩმა “ამერიკის ხმას” სხდომის დასრულების შემდეგ.
რუსული დელეგაცია უშიშროების საბჭოს დანარჩენ წევრთა მოსაზრებებს არ იზიარებს.
“ყველას მოუწევს იმასთან შეგუება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია,” – განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პიოტრ ილიჩევმა.
- უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოსკოვმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამატებითი სამხედრო ტექნიკა განათავსა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო სისტემას მიუერთა. ამასთანავე, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ჩაკეტა, რაც მოქალაქეთა გადაადგილებას აბრკოლებს.
- 9 აპრილს სამხრეთ ოსეთშიი საპრეზიდენტო არჩევნებია. ამავე დღეს გაიმართება რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, რა სახელი ერქმევა შემდგომში რესპუბლიკას – დარჩება “სამხრეთ ოსეთი” თუ დაერქმევა “ალანია”. ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში 2017 წლისთვის 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 39 ათასს საარჩევნო ხმის უფლება აქვს.