გაერომ, შესაძლოა, სირიის საკითხზე რუსეთის ვეტო დაძლიოს
გაზეთი The Guardian-სთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები განიხილავენ რუსეთის ვეტოს დაძლევის შესაძლებლობას, რომელიც ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას საშუალებას არ აძლევს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამნაშავე დაასახელოს.
რუსეთის ვეტოს გამო, უშიშროების საბჭოს არ შეუძლია, რომ სირიის ქალაქ დუმაზე, სავარაუდოდ, 7 აპრილს განხორციელებული ქიმიური შეტევის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების შედეგები გაახმაუროს. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ქიმიური იარაღის გამოყენებაში უკვე დაადანაშაულეს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ჯარი და სირიაში რამდენიმე სამიზნეზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს.
პრინციპი, რომლის მიხედვითაც გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთის ვეტოს დაძლევა შეუძლია, საკითხის გაეროს გენერალური ასამბლეისთვის გადაცემას გულისხმობს. თუ უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 9 ამ ნაბიჯს დათანხმდება, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა მოხდება გენერალურ ასამბლეაზე, სადაც არც ერთ ქვეყანას ვეტოს უფლება არ აქვს.
უშიშროების საბჭოში განსახილველი საკითხის გენერალური ასამბლეისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა 1950 წელს მიღებული რეზოლუცია „ერთიანობა მშვიდობის სასარგებლოდ“. ადრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსმა ექსპერტებმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის კვალი ვერ აღმოაჩინეს. რუსეთი აგრძელებს ბაშარ ასადის მხარდაჭერას, რომელსაც აშშ და მოკავშირეები ქიმიური შეტევის განხორციელებაში ადანაშაულებენ.
ამ ბოლო დროის განმავლობაში სირიის სიტუაციასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთმა ვეტოს უფლება 11-ჯერ გამოიყენა.