ბაქოში მცხოვრები ქალი ფორმულა-1-ის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივის
ბაქოს მცხოვრებმა ტატიანა კრიუჩკინამ ფორმულა-1-ის “გრან-პრი აზერბაიჯანის” ორგანიზატორების მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, და მათ გადაადგილების თავისუფლებისა და დასვენების უფლების დარღვევაში დასდო ბრალი. მისი აზრით, ავტორბოლის დროს ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და ბაქოელებისთვის ტრადიციული დასვენების ადგილების გადაკეტვა თვითნებური მართვა და ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა.
ბაქო მსოფლიოს იმ სამ ქალაქს შორისაა, სადაც “ფორმულა-1”-ის ეტაპები არა საგანგებოდ დაგებულ ტრასაზე, არამედ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმართება. და თუკი მონაკოსა და სინგაპურის შემთხვევაში, ამგვარი გადაწყვეტილება ამ ქალაქების გეოგრაფიული მდგომარეობით აიხსნება (იქ თავისუფალი ტერიტორია უბრალოდ არ არსებობს), ბაქოს ცენტრში რბოლის გამართვა, უკვე მეორე წელია, აზერბაიჯანის დედაქალაქის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს.
“ქალაქის ცენტრში ბეტონის ბლოკებს აწყობენ, და რკინის გისოსებით კეტავენ. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ქალაქი ზოოპარკის უზარმაზარ გალიაში ჩასვეს. წელს სიახლე გაჩნდა – გისოსების გასწვრივ სამხედრო ფორმაზე მწვანე ჟილეტგადაცმული ადამიანები გაამწკრივეს”, – უთხრა კრიუჩკინამ სააგენტო “ტურანს”, სასამართლოში ჩივილის თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებისას.
“ადამიანებს თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ, სამსახურებამდე ვერ მიდიან, რადგან ტრანსპორტის პრობლემები ჩნდება, გარდა ამისა, მათ არც ნორმალურად დასვენება შეუძლიათ. 23 ივნისს ბულვარზე გვინდოდა მოხვედრა, მაგრამ ვერ შევძელით. პოლიციის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ ბულვარის შესასვლელი დაკეტილი იყო. ბულვარი საზოგადოებრივი ადგილია და არავის აქვს უფლება, მოქალაქეებს იქ სეირნობა აუკრძალოს”, – აგრძელებს კრიუჩკინა.
კრიუჩკინას სარჩელს სასამართლოში მხარს დაუჭერს იურისტი სამირა აგაევა. მოპასუხეებად გამოვლენ ბულვარის მმართველობა, აზერბაიჯანში “ფორმულა-1”-ის ორგანიზატორი კომპანია (რომელსაც სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის ვაჟი ხელმძღვანელობს), და ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლება.
“თავისუფლად გადაადგილების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის #4 ოქმის მე-2 მუხლით რეგულირდება. მუხლში ნათქვამია, რომ არავის შეუძლია ადამინის გადაადგილების უფლება შეზღუდოს. მართალია, იქ მითითებულია ზოგიერთი გამონაკლისი, თუმცა ეს იმას არ ეხება, რაც “ფორმულა 1-ის” შეჯიბრის დროს ხდებოდა. გარდა ამისა, სარჩელის განცხადებაში მითითებულია ადამიანებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული დასვენების უფლების დარღვევის შესახებაც – რბოლის დროს და მისი დასრულებიდან კიდევ ორი დღის განმავლობაში ბულვარი დაკეტილი იყო.
ჩვენ ასევე მივუთითეთ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ არავინ შეიძლება დისკრიმინაციას დაექვემდებაროს. არადა, ბაქოში გრან-პრის დღეებში სწორედ ეს ხდებოდა. ბულვარში მოხვედრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ, რომლებსაც ხელთ ჰქონდათ ბილეთები, და, უბილეთოებისგან განსხვავებით, მხოლოდ მათ ჰქონდათ დასვენების ყველა უფლებით სარგებლობის საშუალება” – გადმოსცემს აგაევას სიტყვებს სააგენტო “ტურანი”.
“არ მგონია, რომ ადგილობრივ ინსტანციებში წარმატების მიღწევას შევძლებთ. თუმცა, სასამართლოსთვის მიმართვით ჩვენ ვქმნით პრეცედენტს, რადგან ეს შეჯიბრებები კიდევ სამ წელიწადს გაიმართება. თუ ადგილობრივი სასამართლოები გადაწყვეტილებას ჩვენ წინააღმდეგ გამოიტანენ, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ”, – ამბობს აგაევა.
ტატიანა კრიუჩკინა პროფესიონალი ბუღალტერია, ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში “რეპორტიორების უსაფრთხოებისა და თავისუფლების ინსტიტუტი” (Institute for reporters freedom and safety). ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ემინ ჰუსეინოვი და ერთ-ერთი დამფუძნებელი იდრაკ აბასოვი ამჟამად იძულებით ცხოვრობენ ევროპაში. ხოლო ერთ-ერთი რეპორტიორი, მეჰმან ჰუსეინოვი (ემინის ძმა) აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება.