ახალი ბელარუსი
ქვეყნის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყანა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მომწიფდა. მან კიდევ ერთი, არანაკლებ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მათი თქმით, ზემოაღნიშნულ ცვლილებებსა და რეფორმებს ერთგვარი “უხუცესთა საბჭო” შეიმუშავებს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები იგეგმება. ვარაუდობენ, რომ რეფორმები რეფერენდუმიდ გზით განხორციელდება. გაურკვეველია ისიც, თუ ვინ შევა იმ “უხუცესთა” რიგებში, რომლებზეც ქვეყნის ხელმძღვანელი საუბრობდა.
ამიტომ “ევრორადიომ” ჯერჯერობით საკუთარი”უხუცესები” მოწვია – პოლიტოლოგი ანდრეი კაზაკევიჩი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხეილ პასტუხოვი და პოლიტოლოგი ანდრეი კაზაკევიჩი. მათ საკუთარი ვარაუდები გამოთქვეს იმის შესახებ, თუ რა ტიპის რეფორმები ელის ბელარუსს.
ვარიანტი 1: საპარლამენტო რესუბლიკის მოდელზე გადასვლა (პრეზიდენტიდ არჩევა არა საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, არამედ პარლამენტის მიერ)
“თუკი ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიბაძვას და სუვერენული დემოკრსტიის თამაშს აპირებს – იმის სადემონსტრაციოდ, რომ პატლამენტიც არსებობს, და პარტიული სისტემაც – შესაძლოა, ვითარება არა საპრეზიდენტო, არამედ საპრეზიდენტო-საპარლამენტო მიმართულებით განვითარდეს “, – ამბობს პოლიტოლოგი დენის მელიანცოვი.
გარდა ამისა, იგი ლაპარაკობს იმაზეც, რომ საპარლემენტო რესპუბლიკა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულ სახელმწიფოს. ბელარუსში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მუშაობს სისტემა, და არა ის, თუ როგორაა ის აღწერილი ფურცელზე.
იმის შესახებ, რომ ბელარუსი, შესაძლოა, საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხაილ პასტუხოვიც. მას არგუმენტად სომხური გამოცდილება მოჰყავს.
“შესაძლოა, ე.წ. სომხური ვარიანტი გათამაშდეს. 2015 წლის დეკემბერში სომხეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა პარლამენტის დეპუტატების ხელში გადავიდა.”
ვარიანტი 2. ცვლილებები საარჩევნო სისტემაში
ამ ვარიანტს სამივე ექსპერტი დასაშვებად მიიჩნევს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიით ჩატარების შესაძლებლობაზე.
ასეთი არჩევნების დროს ირჩევენ არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ პარტიას, რომელიც თავად წყვეტს, ვის მისცეს დეპუტატის მანდატი (თუკი, რა თქმა უნდა, ხმების საკმარის რაოდენობას დააგროვებს).
თეორიულად, ასეთი სისტემის დანერგვისთვის კონსტიტუციის ცვლილება არ არის საჭირო – საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაც საკმარისია. თუმცა, თუკი ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება (ისე, როგორც ზედა პუნქტშია აღწერილი), ქვეყნის ძირითად კანონში სათანადო ცვლილებები მაშინვე უნდა შევიდეს.
ვარიანტი 3. სიკვდილით დასჯის გაუქმება
“სახელმწიფოს მეთაურს არგუმენტად მოჰყავს 1996 წლის რეფერენდუმის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ბელარუსიელმა ხალხმა გადაწყვიტა, სიკვდილით დასჯა არ გაუქმებულიყო. შესაძლებელია, კიდევ ერთხელ მიეცეს საზოგადოებას საშუალება, ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ამას ითხოვს, და ევროპაც”, – მიაჩნია მიხაილ პასტუხოვს.
ცვლილებების ასეთი სცენარიც საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება. ამ შემთხვევაში რეფერენდუმიც საჭიროა.
თუმცა, მეორე მხრივ, ბელარუსული საზოგადოებისა და დასავლეთის გულის მოსაგებად სიკვილით დასჯის საკონსტიტუციო ცვლილებით გაუქმება საჭირო არ არის. მორატორიუმის დაწესება სრულიად საკმარისია. ამის გაკეთება რამდენიმე დღეში შეიძლება – ძვირადღირებული რეფერენდუმების გარეშე, სახელმწიფოს მეთაურის ერთი განკარგულებით.
ვარიანტი 4. უარი სამეურნეო სასამართლოების ხსენებაზე
“სამი თუ ოთხი წელია, რაც ბელარუსში სამეურნეო სასამართლოების სისტემა გაუქმდა; კონსტიტუციაში კი ჯერ კიდევ არსებობს ჩანაწერი უზენაესი სამეურნეო სასამართლოს შესახებ. ეს აშკარა სამართლებრივი წინააღმდეგობაა, რომელიც როგორღაც უნდა გადაილახოს”, – ამბობს მიხაილ პასტუხოვი.
ეს მართლაც ასეა – კონსტიტუციაში ნახსენებია “უზენაესი სამეურნეო სასამართლო”, რომელიც რეალობაში არ არსებობს. ასე რომ, ძირითადი კანონის ტექსტის გადაწერა ნამდვილად საჭიროა. თუმცა, მეორე მხრივ, რა საჭიროა ასეთი წვრილმანი საკითხის მოსაგვარებლად “უხუცესების” საბჭოს მოწვევა და რეფერენდუმის ჩატარება?
ვარიანტი 5. რესპუბლიკის საბჭოს ლიკვიდაცია
“ჩვენ გვაქვს პრობლემები, რომლებიც პარლამენტის ზედა პალატას უკავშირდება. მრავალი პარამეტრით, ის არაფუნქციური და, შეიძლება ითქვას, ზედმეტია. შესაძლებელია მისი გაუქმება. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები არ მიმდინარეობდა. მაგრმ მოვალეობების გადანაწილება ლოგიკური იქნებოდა”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი ანდრეი კაზაკევიჩი.
ექსპერტის აზრით, პარლამენტის ორ ნაწილად გაყოფა გაავებული ოპოზიციონერებისგან თავის დაზღვევას ისახავდა მიზნად. შიშს დიდი თვალები აქვს, და თან 90-იანების დროს არსებული ოპოზიცია სხვანაირი იყო.
ამჟამად ვნებები დამცხრალია. ამიტომ, შესაძლებელია უფრო მარტივი საპარლამენტო სისტემის დაბრუნება. ამ შემთხვევაში, რესპუბლიკის საბჭო ან უნდა გაუქმდეს, ან წარმომადგენელთა პალატას უნდა შეერწყას.
ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ სახელმწიფოს მეთაურის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებული საუბარი შემთხვევითი არ არის.
ლუკაშენკოს მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იმის ნიშანია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შედარებით მოკლე ხანში გასაჯაროვდება.
გამოქვეყნებულია:21.10.2016