აშშ-მ რუსეთის იმ 13 მოქალაქის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ედებათ ბრალად
საგანგებო პროკურორმა, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებდა, ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში 13 რუსეთის მოქალაქე დაადანაშაულა, – იუწყება CNN.
ეს პირველი ოფიციალური ბრალდებაა, რომელიც პროკურორმა რობერტ მიულერმა რუსეთის მოქალაქეებს წაუყენა.
ბრალდების სიაში მოხვდნენ ორგანიზაცია „სააგენტო ინტერნეტ-გამოძიებების“ 12 თანამშრომელი და მისი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
პრიგოჟინის შესახებ, დიდი ხანია, ცნობილია, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ადამიანთა პირთა წრეს განეკუთვნება. რუსული მედიის ინფორმაციით, 1980-იან წლებში ეს ადამიანი ყაჩაღობის, თაღლითობის და არასრულწლოვნების პროსტიტუციულ საქმიანობაში ჩათრევის ბრალდებით, 12- წლიან სასჯელს იხდიდა. რუსული და საერთაშორისო მედია ბოლო ხანს ხშირად ახსენებს პრიგოჟინს, როგორც იმ კომპანიის მფლობელს, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისთვის დაქირავებული მეომრების გადაბირებით არის დაკავებული.
სიაში დასახელებულ პირებს ბრალი „საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკის საზოგადოებაში შუღლის გაღვივებაში ედებათ“, რომელსაც ისინი „სააგენტო ინტერნეტ-გამოძიებების“ ოფისიდან ახორციელებდნენ.
12 ადამიანი, რომელთა საქმიანობასაც პიგოჟინი აფინანსებდა, იმით იყო დაკავებული, რომ სოციალურ ქსელებში ვითომდა ამერიკელების კუთვნილი, ყალბი აქაუნებიდან პოსტებს აქვეყნებდა ასეთი ჰეშთეგებით – #HilIaryCIintonIsNotMyPresident (ჰილარი კლინტონი – ჩემი პრეზიდენტი არ არის), #Trump2016, #MAGA (ტრამპის ლოზუნგის აბრევიატურა „გადავაქციოთ ამერიკა კვლავ დიად ქვეყნად“)
„სააგენტოს“ თანამშრომლები ინტერნეტში ყიდულობდნენ რეკლამას, რომელიც ტრამპისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა. მათ აშშ-ში აქციების მოწყობაც კი სცადეს და თავს იმ აქტივისტებად ასაღებდნენ, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ღონისძიებაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ.
გამოძიების დასკვნების თანახმად, „სააგენტო ინტერნეტ-გამოძიებების“ თანამშრომლებს სოციალური ქსელების საშუალებით აშშ-ის მოქალაქეთა განწყობაზე ზემოქმედების მცდელობა არც არჩევნების შემდეგ შეუწყვეტიათ.
„სააგენტოს“ საქმიანობა გაყალბებული ან მოპარული საბუთების საშუალებით ხორციელდებოდა, ამიტომ მიულერის სიიდან რამდენიმე ადამიანი დამატებით, თაღლითობასა და ქურდობაშიც არის ბრალდებული.
ამერიკის კონგრესის მიერ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულია სანქციები. თუმცა, პროკურორ მიულერის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მოხსენება, ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი პირველი ოფიციალური ბრალდებაა.