აშშ-ისა და გერმანიის შეხედულებები უკრაინის საკითხის დარეგულირებისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ განსხვავებულია
აშშ-სა და გერმანიის შეხედულებები უკრაინის საკითხის დარეგულირების მეთოდებისა და რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე – განსხვავებულია. დაახლოებით, ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პირველი პირადი შეხვედრის შემდეგ.
როგორც Reuters წერს, მათ უთანხმოების დაფარვა გაუჭირდათ, და ალბათ ამიტომაც იყო, რომ შეხვედრის შემდეგ 17 მარტს ვაშინგტონში გამართულმა პრეს-კონფერენციამ ერთგვარად დაძაბულად ჩაიარა.
ტრამპი და მერკელი ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ. მოსალოდნელი იყო, რომ ამ შეხვედრას უნდა განესაზღვრა ტრანსანტლანტიკური კავშირის მომავალი და ორ ქვეყანას შორის სამუშაო ურთიერთობების მიმართულება დაესახა.
მერკელს თავი აუღელვებლად და მშვიდად ეჭირა. საუბრის ორივე მონაწილის პოზებისა და ჟესტების მიხედვით, ჩანდა, რომ მათ შორის არცთუ გულთბილი ურთიერთობა სუფევდა.
პრეს-კონფერენცია კიდევ უფრო უცნაურად დასრულდა – ტრამპის მიერ წამოსროლილი და მერკელისთვის აშკარად გამაოგნებელი რეპლიკით ტელეფონების მოსმენის თაობაზე.
ტრამპმა მერკელს ხელი მხოლოდ მაშინ ჩამოართვა, როდესაც ის თეთრ სახლში პირველად მივიდა, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ოვალურ კაბინეტში, რატომღაც ეს აღარ გაუკეთებია. მერკელი მისკენ რამდენჯერმე გადაიხარა, მაგრამ ტრამპმა ამის იგნორირება მოახდინა და ფართოდ გაშლილი ფეხებით, გადაჯვრედინებული ხელებით ჯდომა და პირდაპირ სივრეცეში ყურება გააგრძელა.
ამავდროულად, ორივე ლიდერმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას, ეს შეხვედრა დაახასიათა როგორც ძალიან პროდუქტიული.
მერკელმა პრეს-კონფერენციაზე თავისი გამოსვლა იმ სიტყვებით დაიწყო, რომ ერთმანეთზე ლაპარაკს ყოველთვის ერთმანეთთან ლაპარაკი ჯობს.
პრეს-კონფერენციის დაწყებიდან მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიამ თავისი ბიუჯეტი ნატოს სამხედრო დანახარჯების გეგმებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. მერკელმა, თავის მხრივ, დაადასტურა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ თვდაცვის ხარჯები 2 პროცენტამდე დაიყვანოს [მშპ].
მე კანცლერ მერკელს ნატოსადმი ჩემი მტკიცე მხარდაჭერა დავუდასტურე, ისევე როგორც ჩემი სურვილი, რომ ნატოში ჩვენმა მოკავშირეებმა სამხედრო ბიუჯეტში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ. ბოლო წლებში ბევრ სახელმწიფოს უზარმაზარი თანხები დაედო ვალად, და ეს აშშ-ის მიმართ უსამართლობაა. ამ ქვეყნებმა ვალები უნდა გადაიხადონ“.
შემდეგ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი მტკიცება იმის თაობაზე, რომ ობამას ადმინისტრაცია მის ტელეფონებს უსმენდა და მერკელს მხარდაჭერისთვის მიმართა, თან მიანიშნა, რომ გარკვეული დროის წინ გერმანიამ ასევე დაადანაშაულა ვაშინგტონი კანცლერზე თვალთვალში.
ტრამპმა თქვა: “რაც შეეხება წინა ადმინისტრაციის მხრიდან მოსმენებს, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გვაქვს რაღაც საერთო“.
რემარკამ მერკელი აშკარად ძლიერ გააკვირვა.
ერთი კვირის წინათ Reuters წერდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აპირებს, კანცლერ ანგელა მერკელს ჰკითხოს რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და უკრაინის პრობლემასთან მიმართებით.
“პრეზიდენტისთვის ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ ურთიერთობის როგორი გამოცდილება აქვს კანცლერს პუტინთან”, – თქვა ერთმა ჩინოვნიკმა 10 მარტს Reuters-ის ცნობის მიხედვით.
Reuters-ის წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ტრამპი მერკელს სთხოვს რჩევას, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს დიპლომატიური ურთერთობების გაძლიერება კონფლიქტის გადასაწყვეტად დასავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინული არმია პრორუს მეამბოხეებს ებრძვის.
თუმცა, როგორ წარიმართა რუსეთთან ურთიერთობების და უკრაინის კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში სულ ახლახან დასრულებულ მოლაპარაკებები – საერთაშორისო მედია ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება.