აფხაზეთში შს მინისტრი და გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
აფხაზეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე.
პროტესტის მიზეზი გახდა გახმაურებული დანაშაულების, მკვლელობებისა და ადამიანების გატაცებების სერია.
• სოხუმში ცდილობენ გადაარჩინონ კრიმინალური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლი – 22 წლის დომინიკა
• მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“
აქციებში მონაწილეობდნენ სოხუმის ცენტრში, ბოლო ინციდენტის დროს, 22 ნოემბერს დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლები. იმ დღეს, რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი ავტომობილით მიუახლოვდა სასტუმრო „რიწას“ და ავტომატით გაუხსნა ცეცხლი ადამიანთა ჯგუფს.
შედეგად, დაიღუპა ორი ე.წ. კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. კიდევ სამმა მოქალაქემ სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო. ერთ-ერთი მათგანი – სასტუმროს რესტორნის ოფიციანტი, 22 წლის დომინიკა აკირთავა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
500-მდე ადამიანი, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, შს მინისტრის, გარი არშბასა და გენერალური პროკურორის, ზურაბ აჩბას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა.
აფხაზეთის პრეზიდენტმა, ფაქტობრივად მაშინვე მოაწერა ხელი ბრძანებას მინისტრის გათავისუფლების შესახებ და ამის თაობაზე, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის, ეშსოუ კაკალიას გადაყენება პარლამენტმა 2 დეკემბერს დაამტკიცა.
„დიახ, პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი მოთხოვნები. ახლა დაველოდებით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნება ადამიანი, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეეძლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზური პოლიტიკის ვეტერანმა, პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა, სერგეი შამბამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო