აფხაზეთში ისტორიის სახელმძღვანელო სასამართლოს წინაშეა
აფხაზეთში უცნაური სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლოში დაბარებულია პროფესორი სტანისლავ ლაკობა, რომელიც აფხაზეთსა და მის ფარგლებს გარეთაც ავტორიტეტულ მეცნიერად და პოლიტიკოსად არის მიჩნეული. მასთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგება აკადემიკოსი ოლეგ ბგაჟბა.
პრობლემად იქცა 10-11-ე კლასებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო „აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე“ , რომლის ავტორები ლაკობა და ბგაჟბა არიან; უფრო სწორად, არა – მთლიანად სახელმძღვანელო, არამედ მისი ერთ-ერთი თავი, რომელიც 2014 წლის ბოლოს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება.
მაშინ ოპოზიციის საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლის დაპყრობამდე მივიდა, რის შემდეგაც აფხაზეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გუდაუთაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა თავი, შემდეგ კი თავისი ვადამდელი გადადგომის შესახებ განაცხადა.
მეცნიერებს ამ მოვლენების შეგნებულად დამახინჯებასა და ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ. სასამართლოში სარჩელი აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ შეიტანა. ის ამ თანამდებობას სწორედ ალექსანდრ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს იკავებდა, 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისის ბოლომდე.
ყოფილი პრემიერი მოითხოვს, რომ სახელმძღვანელოში გარედაქტირდეს ის პარაგრაფები, რომლებშიც იმ პოლიტიკური კრიზისის დროს უშუალოდ მისი ქმედებების შესახებ არის მოთხრობილი. მას მიაჩნია, რომ სახელმძღვანელოს ავტორებმა მისი ქმედებები ცრუ და ნეგატიური კუთხით წარმოაჩინეს.
ცნობილი აფხაზი ისტორიკოსების მიმართ სარჩელის შეტანამ გამოიწვია რამდენიმე აფხაზი მეცნიერის აღშფოთება, რომლებმაც ღია წერილი გაავრცელეს, და საკუთრივ სასამართლო განხილვის ფაქტის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს.
„სახელმძღვანელოების შესახებ მსჯელობა პოლიტიკურ შეკრებებზე, მიტინგებსა და ახლა უკვე სასამართლო პროცესებზეც მოდური გახდა. ეს ყველაფერი აფხაზეთის საზოგადოებაში დამატებითი არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნას უწყობს ხელს. სახელმძღვანელოების განხილვა (და არა გაკიცხვა) სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების კედლებში ან სამეცნიერო გამოცემებში იქნებოდა მიზანშეწონილი. ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის ისტორიის ალტერნატიული სახელმძღვანელოს დაწერაც შეიძლება. მაგრამ სახელმძღვანელოების დაწვა, წყალში გადაყრა ან სასამართლოსთვის გადაცემა დაუშვებელია“, — ნათქვამია განცხადებაში.