აფხაზეთის პარლამენტი ტრადიციის ერთგულია - ოპოზიციას არცერთი ხელმძღვანელი თანამდებობა არ მიაკუთვნეს
აფხაზეთის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რამდენიმე დღის წინათ ახალი სპიკერი და მისი მოადგილეები აირჩია, ამ კვირაში კი ცხრა საპარლამენტო კომიტეტისა და კომისიის ხელმძღვანელების ვინაობაც ცნობილი გახდება.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პარლამენტმა შეინარჩუნა უსიტყვოდაც ცნობილი ტრადიცია, როდესაც ყველა ხელმძღვანელ თანამდებობას ხელისუფლების მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობა იღებს – ხელმძღვანელ ორგანოებში ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი, ან თუნდაც ვინმე დამოუკიდებელი დეპუტატი არ აურჩევიათ.
სავსებით შესაძლებელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ამგვარადვე გაუნაწილოს საკუთარ წარმომადგენლებს კომიტეტებისა და კომისიების ხელმძღვანელების პორტფელებიც.
აფხაზეთში ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ პარლამენტის საქმიანობისადმი მასობრივი ინტერესის მხოლოდ ერთი დღე არსებობს – როდესაც აპოლიტიკური დიასახლისებიც კი მზად არიან, ერთი საათით მოწყდნენ სერიალების ყურებას და საქმიანი გამომეტყველებით იმსჯელონ პოლიტიკაზე. ეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეა.
პირველი სხდომის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მუდამ გამოცანად რჩებოდა, რადგან აპრიორი შეუძლებელია რაიმე ისტორიული გადაწყვეტილების ან ძალიან მნიშვნელოვანი კანონის პირველ სხდომაზე მიღება. დღის წესრიგი ძალიან შეზღუდულია და მხოლოდ საკადრო საკითხებს მოიცავს – სპიკერისა და მისი მოადგილეების არჩევას.
როგორც ჩანს, სწორედ ეს საკადრო საკითხები უკარგავს მოსვენებას თვით დიასახლისებსაც კი. მათ ისე აღელვებთ, თუ ვის აირჩევენ ხელმძღვანელად, თითქოს ეს არჩეულები პრეზიდიუმში მოხვედრისთანავე თითეულ მაყურებელ ქალსაც და მამაკაცსაც კომუნიზმისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზის რუკას გადასცემენ.
12 აპრილს, პირველი საპარლამენტო სხდომის დღეს ყველას ერთი საკითხი აღელვებდა: იქნებოდა თუ არა საპარლამენტო სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია? მილიციონერებსაც კი, რომლებიც ერთი უბნის იქით, სამთავრობო კომპლექსის დამცავ ალყაში იდგნენ, ტრანსლაციის საკითხი ადარდებდათ, თუმცა გაუგებარი იყო, როგორ აპირებდნენ მის ყურებას და თან საგუშაგოზე დგომას.
სპიკერი
უშუალოდ სხდომის დაწყებამდე სოციალურ ქსელებში არ წყდებოდა გამალებული ვარაუდების გამოთქმა იმის შესახებ, თუ ვინ გახდებოდა სპიკერი. ფეისბუკელებს შორის დიდი უპირატესობით გაიმარჯვა აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს ოპოზიციის ლიდერმა, ალექსანდრ ანქვაბმა.
ალექსანდრ ანქვაბი
თუმცა, რეალობა ვირტუალურობისგან სრულიად კონტრასრულია. პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობის ფონზე, ალექსანდრ ანქვაბის პარლამენტის სპიკერად არჩევის შანსი ნულს უტოლდებოდა, და ეს თავად მასაც კარგად ესმოდა. 35-დან 20 დეპუტატი პროსაპრეზიდენტოდ მიიჩნევა, და ისინი არანაირ ვითარებაში არ მისცემენ ხმას არათუ ყოფილ პრეზიდენტს, არამედ ნებისმიერს, ვინც მათ წრეს არ მიეკუთვნება.
არსებული რეგლამენტის თანახმად, სხდომა ყველაზე ხნიერმა დეპუტატმა გახსნა – ვალერი კვარჩიამ. ვალერი ერემეევიჩი, გარდა იმისა, რომ ყველაზე უფროსია, ყველაზე გამოცდილი დეპუტატიც არის – 20 წელი მცირედი შესვენებებით პარლამენტში.
სწორედ მისი კანდიდატურა წამოაყენეს პირველად სპიკერის თანამდებობაზე.
ოპოზიციის ჯგუფმა და ვინც თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს, კვარჩიას პატივი მიაგეს, მაგრამ სპიკერის თანამდებობაზე პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჯერად დეპუტატის, ბათალ ტაბაღუას კანდიდატურა შესთავაზეს.
სწორედ ეს ორი გვარი – კვარჩია და ტაბაღუა – სახელდებოდა შესაძლო სპიკერებად ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე ბევრი დღით ადრე. ასე რომ, ყველაფერი ზედმიწევნით ღიად განვითარდა წინასწარ დაწერილი სცენარით თუ სცენარებით.
კიდევ ერთი კანდიდატურა წამოაყენა ალმას ჯოპუამ – პარტია „აინარის“ ერთადერთმა წარმომადგენელმა, რომელსაც მეამბოხის რეპუტაცია აქვს. პირველ სხდომაზე ის „ჩერქეზკით“, ხანჯლითა და პისტოლეტით გამოცხადდა. თუმცა, მშვიდად და კეთილგანწყობით საუბრობდა. მან სპიკერის თანამდებობაზე წამოაყენა ვეტერანთა მოძრაობა „არუაას“ ლიდერის ილია გუნიას კანდიდატურა, თუმცა ამ კანიდატმა თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო.
საბოლოოდ კვარჩიამ 20 ხმა მიიღო, ტაბაღუამ – 10; კიდევ 4 ბიულეტენი უმოქმედოდ მიიჩნიეს“. და აფხაზეთის ახალი პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია გახდა.
ალმას ჯოპუა
მოადგილეები
სამი მოადგილის არჩევა მარტივი პროცესი იყო. კანდიდატებად დასახელდნენ – საიდ ხარაზია, ლევონ გალუსტიანი და მიხაილ სანგულია. დასახელდა ერთადერთი ქალის გვარიც – ნატალია სმირი, რომელიც რაღაც წარმოუდგენელი გზით მოხვდა იმ მტკიცე მამაკაცურ კომპანიაში, როგორიც პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობაა. მაგრამ მან უარი განაცხადა. ოპოზიციას კი თავისი რიგებიდან არავინ შეუთავაზებია – რომც შეეთავაზებინა, საეჭვოა, რომ ისინი გასულიყვნენ.
საბოლოოდ სამ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ შედგა. აფხაზეთის პარლამენტი ამ მხრივ მყარად კონსერვატიულია. გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს. ალბათ ამიტომაც არის ასეთი საინტერესო აპოლიტიკური დიასახლისებისთვის საკადრო საკითხი.