აფგან მუხტარლის ოჯახმა საქართველო დატოვა
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გუშინ საქართველო დატოვა.
როგორც მუსტაფაევას ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ფეისბუკზე წერს, ამჟამად მუხტარლის ოჯახი გერმანიაშია.
“გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიებისა და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი”.
ლეილა მუსტაფაევამ On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ მას ჯერ საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ევროპაში.
საქართველოში ყოფნის დროს მუსტაფაევა აცხადებდა, რომ მას მუდმივად უთვალთვალებდნენ და იგი თბილისში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. 19 სექტემბერს, ლეილა მუსტაფაევამ თბილისში მყოფ აზერბაიჯანელ პოლიტიკურ აქტივისტთან, დაშგინ აღალარლისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მასზე შესაძლო თვალთვალის კადრები გამოაქვეყნა. მუხტარლის ოჯახის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მუსტაფაევასა და აღალარლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდა.
ევროპაში გამგზავრებამდე მუსტაფაევამ საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია იმ ჩინოვნიკების ქმედებათა გამოსაძიებლად, ვინც ჟურნალისტის გატაცებასთან არის კავშირში.
ხუთი თვე გავიდა, რაც საქართველოს დედაქალაქიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაქრა, თუმცა აქამდე მისი გატაცების საქმეზე ახალი არაფერი გარკვეულა.
- აფგან მუხტარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაქრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს ჰყავდათ დაკავებული. თავად მუხტარლის სიტყვებით, საქართველოდან ის ადგილობრივმა სპეც-სამსახურებმა გაიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანის სასამართლომ 31 მაისს მუხტარლის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს: მას სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. მუხტარლიმ ყველა ბრალდება უარყო. 4 ოქტომბერს ბაქოს სასამართლომ მისი თავდებით გათავისუფლების შესახებ შუამდეგომლობა არ დააკმაყოფილა.
- ევროპარლამენტმა თბილისს მოუწოდა ოპერატიულად გამოიძიოს ჟურნალისტის გატაცების საქმე, ბაქოს კი მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის გატაცებისა და დაპატიმრების შემდეგ, მალევე დაცვის მხარემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მისი უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მუხტარლის საქმეს პრიორიტეტული სტატუსი მიანიჭა – ის მაქსიმალურად მოკლე დროში განიხილება.