აზერბაიჯანულ Facebook-ზე სომხური წარმოშობის მომღერალი ქალის ჩასვლით აღშფოთებული არიან
ბაქოში რუსი მომღერლის ზარა მგოიანის შესაძლო ჩასვლამ Facebook-ის აზერბაიჯანულ სეგმენტში გამოიწვია სკანდალი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, არ ცხრება. მიზეზი ისაა, რომ ზარას „სომხური“ გვარი აქვს და მღერის სიმღერას „ჩემი სომხეთი“.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი მუსიკალურ ფესტივალ „სიცხე“-ზე მიიწვიეს, რომლის მთავარი ორგანიზატორია – აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი მომღერალი, მსხვილი მეწარმის ვაჟი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი სიძე ემინ აგალაროვი. ფესტივალი 26-დან 29 ივლისამდე გაგრძელდება.
მანამდე ბაქოში ჩასულები იყვნენ მომღერლები ფილიპ კირკოროვი და ირინა ალეგროვა, რომლებსაც სომხური ფესვები აქვთ. ასეთ შემთხვევებში, მსჯელობის საგანი ხდება სტუმრის ქცევა, და ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიცია. მაგალითად, როდესაც მომღერალი სოსო პავლიაშვილი 2016 წელს ბაქოში კონცერტით ჩავიდა, აზერბაიჯანის საზოგადოება აღაშფოთა მისმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის „ჩადიოდა და ისევ ჩავა ყარაბაღში“. მიუხედავად ამისა, კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.
2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ სომეხ მოკრივეებს კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვების დაშენა დაუპირეს.
ამ თვალსაზრისით, ზარა არასასურველი სტუმარია, რადგან Instagram-ზე გამოქვეყნებული მისი პოსტები ერთმნიშვნელოვნად სომხეთის პოზიციის მხარდაჭერაზე მეტყველებს.
Facebook-ში კომენტარები უაღრესად აგრესიულიდან ირონიულამდე მერყეობს:
„დაე, რცხვენოდეთ მათაც, ვინც ბაქოში სომეხ მომღერალ ქალს იწვევს, და მათაც, ვინც ეს დაუშვა! რა სამარცხვინოა!“
„წყეულიმც იყავთ, სამშობლოს მოღალატეებო!“
„საქმე ის კი არ არის, რომ ის ქალი სომეხია, არამედ ის, რომ სომხურ გენოციდს ემხრობა“.
„შეკითხვა ორგანიზატორებს: თუკი ასეთი აუცილებელია ბაქოში ვინმე სომეხი ქალის ჩამოყვანა, მაშინ რატომ არ არის ეს კიმ კარდაშიანი“?
„სერჟ ტანკიანი და ჯგუფი SOAD აჯობებდა!“
„როგორც ჩანს, თუკი ყოფილ სიძეს სჭირდება, ზოგიერთი სომეხი სომეხი სულაც არ არის. ასეთია არჩევითი პატრიოტიზმი“.
ზარას დასაცავად ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ეროვნებით ის სომეხი არ არის, არამედ იეზიდია (იეზიდები – ქურთული ეთნოკონფესიური ჯგუფი). სწორედ ამგვარ სულისკვეთებას გამოხატავდა თავის სტატიაში პროსამთავრობო ვებგვერდი 1news.