აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის აქტივისტი 25 დღე-ღამით დაკავებულია
გაზიარება
გაზიარება
ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ აქტივისტს ელვინ აბდულაევს, „პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გაწევის“ მუხლით, 25 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. ეს 19 იანვრის მიტინგში აბდულაევის მონაწილეობიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
როგორც სააგენტო Turan წერს, აქტივისტის დედის თქმით, ის 22 იანვარს საღამოს სახლიდან პოლიციაში წაიყვანეს, 23-ში კი მიუსაჯეს.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს ელვინი. ამბობენ, რომ ის 19 იანვრის მიტინგთან დაკავშირებით პროპაგანდას ეწეოდა. მაგრამ ეს მიტინგი ბაქოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, და ამაში უკანონო არაფერი იყო “, – ამბობს აბდულაევის დედა.
გასული წლის მაისში ელვინ აბდულაევს, ანალოგიური ბრალდებით, ციხეში 30 დღე-ღამე უკვე გატარებული აქვს.
19 იანვრის მიტინგი ოპოზიციური კოალიციის მიერ პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ჩატარდა.