აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა
აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მიტინგი გამართა. ეს მიტინგი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ძირითადი ოპოზიციური ორგანიზაციების – “დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს”, “სახალხო ფრონტის” პარტიისა და პარტია „მუსავათის“ პირველ ერთობლივ აქციად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს ქალაქის ხელისუფლებამ ქალაქგარეთ მიტინგის ჩატარების ნებართვა გასცა, აქციამდე ერთი დღით ადრე ორგანიზატორები ბაქოს პოლიციის მთავარ სამართველოში დაიბარეს. იქ ისინი გააფრთხილეს, რომ მერიაში წარდგენილ წერილში მითითებული ლოზუნგების გარდა, ყველა სხვა ლოზუნგი დაუშვებელი იქნებოდა.
როგორც ყოველთვის, მიტინგის მონაწილეთა რაოდენობის თაობაზე სხვადასხვა წყარომ სხვადასხვა მონაცემები გამოაქვეყნა. ბაქოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიტინგში 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თავად ორგანიზატორები კი ირწმუნებოდნენ, რომ მონაწილეთა რიცხვმა ათი ათასს მიაღწია. JAMnews-ის კორესპონდენტის ვიზუალური შეფასებით, მართებული იქნებოდა სამ-სამ ნახევარ ათას მონაწილეზე ლაპარაკი.
გთავაზობთ რამდენიმე სახასიათო ციტატას მიტინგზე გამომსვლელი ორატორების სიტყვებიდან:
- „15 წლიანი მმართველობის განმავლობაში ილჰამ ალიევის მთავრობამ ქვეყნის ვერცერთი პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. თუ ხალხი ჩუმად იქნება, ახლანდელი ხელისუფლება უცვლელად დარჩება, მაგრამ ეს რეჟიმი მმართველობის ვადის გახანგრძლივებაზე კი არა, იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ბარგი ჩაალაგოს და სცენა დატოვოს“ (ალი კერიმლი, პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე).
- „არჩევნები ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის ასახვა არ იქნება. ქვეყანაში სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის ვითარება არ არის. საარჩევნო კომისიებს ხელისუფლება აკონტროლებს“ (პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარე არიფ გადჯილი).
- „კორუფცია – ხელისუფლების ანტისახალხო ხასიათის მთავარი ნიშანია. მათი მიზანი არა ვადამდელი, არამედ უალტერნატივო არჩევნების ჩატარებაა. ჩვენ საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ“ ( ჯამილ ჰასანლი, დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე).
მიტინგი ემოციურ ატმოსფეროში წარიმართა, მონაწილეები პერიოდულად სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „თავისუფლება!“, „გადადექით!“.
როგორც წინა მიტინგზე, იმ სტადიონის ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ინტერნეტთან კავშირი გაწყდა და ჟურნალისტებს მეზობელ უბნებში გასვლა და ახალი ინფორმაციის, ფოტოების ან ვიდეომასალის იქიდან მიწოდება უწევდათ.
მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, სიავუშ ნოვრუზოვმა ოპოზიციის მიერ ჩატარებული მიტინგი შეაფასა როგორც „ჩაშლილი“.
„აქციებში მონაწილეობენ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე აზრებს გამოთქვამენ. არ შეცვლილა ასევე მონაწილეთა რაოდენობაც. მასობრივი მიტინგი არ შედგა, რადგან ხალხი ამით დაინტერესებული არ არის“, – ციტირებს ნოვრუზოვის სიტყვებს Report.az.
დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ, პარტიებმა „მუსავათი“ და „უმიდი“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ხოლო მოძრაობებმა „რესპუბლიკური ალტერნატივა“(ReAl) და Nida განაცხადეს, რომ მის შედეგებს არ ცნობენ.