აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე: შეუმჩნეველი დღესასწაული
გაზიარება
გაზიარება
ოცდაექვსი წლის წინათ, 1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ კანონი მიიღო და გახდა მორიგი რესპუბლიკა, რომელმაც სსრკ-ს რიგებიდან გასვლის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა. თანაც, აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა საკუთარ დამოუკიდებლობას აღიდგენს და თავს მიიჩნევს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ, რომელმაც 1918 წლიდან 1920 წლამდე იარსება.
აზერბაიჯანამდე სსრკ-ს რიგებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ, ასევე საქართველომ და სომხეთმა განაცხადეს.
პირველი ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ცნო, იყო თურქეთი (1991 წლის 9 ნოემბერს), შემდეგ ის რუმინეთმა (1991 წლის 11 დეკემბერს), პაკისტანმა (1991 წლის 13 დეკემბერს), შვედეთმა (1991 წლის 23 დეკემბერს), ირანმა (1991 წლის 25 დეკემბერს), აშშ-მა (1992 წლის 23 იანვარს), რუსეთმა (1992 წლის 10 აპრილს) და სხვა ქვეყნებმა ცნეს. 1992 წლის 2 მარტს აზერბაიჯანი გაეროს წევრი გახდა.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე საერთო სახალხო დღესასწაულად და უქმე დღედ ჯერ კიდევ 1992 წელს გამოცხადდა. ტრადიციულად, ამ დღეს უცხოეთის ქვეყნების მეთაურები აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვის წერილებს უგზავნიდნენ.
თუმცა, 2006 წელს რესპუბლიკის პარლამენტმა შრომით კოდექსში შესწორებები შეიტანა და მოულოდნელად, დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ორი სხვა დღესასწაული ჩვეულებრივ სამუშაო, თუმცა საზეიმო სტატუსის მქონე დღეებად გამოაცხადა.
მას შემდეგ რესპუბლიკის ბევრმა მოქალაქემ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა, ხშირად არც კი იციან, თუ რა დღეა 18 ოქტომბერი – უცხოეთის ქვეყნების მეთაურებმა კი მისალოცი ბარათების გამოგზავნა 28 მაისს დაიწყეს, 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღეს.
დღეს ბაქოს ქუჩებში დღესასწაულის შესახებ მხოლოდ ქალაქის ავტობუსებზე მიმაგრებული პატარა სახელმწიფო დროშები მიანიშნებდა. სხვა მხრივ კი, ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.
ამ წლების განმავლობაში სზოგადოებაში არ წყდებოდა იმაზე დავა, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო პარლამენტის მიერ მთავარი სახელმწიფო დღესასწაულის სამუშაო დღედ გამოცხადება. აი, ფეისბუკის დღევანდელი კომენტარების რამდენიმე მაგალითი:
„ისინი, ვინც დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა, ამ დღის ხალხის მახსოვრობიდან ამოშლას ცდილობენ“.
„ეს პოლიტიკური ეჭვიანობის მაგალითია. ჩვენი პრეზიდენტის მამა, ჰეიდარ ალიევი ამ დღესთან ხომ არავითარ კავშირში არ არის. მის სახელთან დაკავშირებული ყველა სხვა დღესასწაული კი უქმედ არის გამოცხადებული“.
“ჩემმა უცხოელმა სტუმარმა შეკითხვა დამისვა: შეიძლება, თქვენი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმს დვესწროო? ისღა დამრჩენოდა, რომ ხელები გავშალე, რადგან აქ ლოგიკა უძლურია“.