აზერბაიჯანის არმიამ 11 ათასი ჰექტარი მიწა დაიბრუნა, - ირწმუნება ადგილობრივი მედია. სომხეთში ამას უარყოფენ
ინფორმაცია ბაქოდან
8 ივნისს საღამოს აზერბაიჯანის მედიაში გაჩნდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმიამ შარურის რაიონში სოფელ გიუნუტსა და მიმდებარე სიმაღლეებზე კონტროლი აღადგინა. წყაროდ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის არმიის პრეს-სამსახური დასახელდა. მოგვიანებით ინფორმაცია სააგენტო „АПА“-მაც დაადასტურა.
სოფელი გიუნუთი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სომხეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. ნახიჩევანი – აზერბაიჯანის ექსკლავია, რომელსაც ესაზღვრება ირანი, თურქეთი და სომხეთი.
Youtube-ზე გაჩნდა ტელეარხ naxcivantv-ის ვიდეორეპორტაჟი, სადაც ნაჩვენებია სოფელ გიუნუთის სასაფლაო. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბევრი წლის შემდეგ იქ დასაფლავებული აზერბაიჯანელების ნათესავებმა, როგორც იქნა, მოახერხეს ახლობლების საფლავებთან მისვლა.
აზერბაიჯანული მედია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ 11 ათასი ჰექტარის მიწის მონაკვეთი გადავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
სომხური მედია კი, ამ ცნობას უარყოფს.
ინფორმაცია ერევნიდან
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი არცრუნ ოვანესიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ცნობას იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანის სოფელი გიუნიუტი „გაათავისუფლეს“:
„ამა წლის 6 და 7 ივნისს აზერბაიჯანის მხარემ თხოვნით მიმართა სომხეთის სამხედრო ძალებს, რომ ზოგიერთი მოქალაქისთვის დანგრეული დასახლება გიუნიუტის სამხრეთ ნაწილში მდებარე საფლავებზე გასვლის ნება დაერთოთ. აზერბაიჯანის მხრიდან ამგვარი თხოვნა პირველი იყო. სომხური მხარე, რომელიც ჰუმანიზმის ნორმების ერთგულად რჩება და, დაძაბულობის შემცირების მიზნით, ყოველთვის დგამს ნაბიჯებს, ამ თხოვნას დათანხმდა და მშვიდობიან მოქალაქეებს ახლობლების საფლავების მონახულების უფლება მისცა”.