ფოტო: რასულ ჩინაევი, მსოფლიოს ჩემპიონი და პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებული, ფოტო ვებგვერდიდან www.baku2015.com
აზერბაიჯანის ნაკრების ათობით მოჭიდავემ, რომელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონებიც იყვნენ, ხელფასის გადახდის მოთხოვნით, აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის შენობის წინ სტიქიური მიტინგი გამართეს.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მათ მიმართ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება არსებობს. სპორტსმენებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო მათ მოთხოვნებს იგნორირებას უწევს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი რასულ ჩუნაევი ამბობს, რომ უკვე 15 თვეა, ხელფასი არ აუღია. ჩუნაევმა განაცხადა, რომ სახსრების უქონლობის გამო, ის შეჯიბრებისთვის ვერ ემზადება. არადა, მორიგ მსოფლიო ჩემპიონატამდე მხოლოდ სამი თვე დარჩა.
“ჩვენგან გამარჯვებას ელოდებიან. ასეთ პირობებში როგორ უნდა გავიმარჯვოთ? უკვე თითქმის ნახევარი წელიწადია, ხელფასი არ მიგვიღია. ახლახან ტრავმა მივიღე, ველოდი, რომ ოპერაციას გამიკეთებდნენ. არ გამიკეთეს. ჩემი საკუთარი სახსრებით ვიყავი თურქეთში საოპერაციოდ”, – უთხრა ჩუნაევმა სააგენტო “ტურანს”.
ცნობილმა სპორტსმენმა გაჯი ალიევმა ნაკრებიდან თავის კოლეგას მხარი აუბა: “საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი სპორტსმენი ავტოსამრეცხაოზე მოეწყო სამუშაოდ, რადგან როგორღაც ხომ უნდა ეცხოვრათ და ოჯახები ერჩინათ. რიოდან დაბრუნების შემდეგ ბიჭებს პრემიები დღემდე არ უღიათ. სპორტსმენებ სამედიცინო შემოწმება არ უტარდებათ, არ არის ნორმალური დარბაზები”, – ამბობს გაჯი.
გამპროტესტებლებს შორის ოლიმპიური ჩემპიონი ტორგულ ასკეროვიც იყო, რომელმაც ახლახან თურქმენეთის ნაკრებში გადასვლის წინადადება მიიღო. ხელფასის გადაუხდელობისა და ჩინოსნების მხრიდან სპორტისა და მოჭიდავეების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო, ის ალბათ დათანხმდება ამ წინადადებას.
თუ მანამდე ფედერაცია მათ ფინანსურ პრობლემებს არ მოაგვარებს, სპორტსმენები დაიმუქრნენ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებით, რომელიც პარიზში 21-დან 26 აგვისტომდე ჩატარდება.
ზოგიერთმა პროსამთავრობო ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ სპორტსმენების აქცია დაგმო. მაგალითად, ყოფილმა ჟურნალისტმა და პარლამენტის წევრმა ეტიბარ ჰუსეინოვმა უკმაყოფილო სპორტსმენების მიმართ ღია წერილი გამოქავეყნა. ის მათ პატრიოტიზმის არქონასა და მერკანტილიზმში ადანაშაულებს. “ვიდრე ჩემპიონები გახდებოდით, ვითომ მაღალ ხელფასებს იღებდით? დღევანდელი კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობდით? არ გეწყინოთ, მაგრამ მეც, ისევე როგორც ბევრ სხვას, ეს თქვენი ლაპარაკები მომავალი წარუმატებლობებისგან თავის დაზღვევის მცდელობა მგონია”, – ციტირებს ჰუსეინოვს ვებგვერდი musavat.com.
ჟურნალისტების ყველანაირი მცდელობა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის გადასახადების მინისტრის ფაზილ მამედოვისგან რაიმე კომენტარი მიეღოთ, წარუმატებელი აღმოჩნდა.