ყოველ წელს, აჭარის გავლით მილიონი ფრინველი მიფრინავს გამოსაზამთრებლად. ეს მიგრაცია რეგიონში ბევრ რამეს ცვლის" />

Birdwatching-ი აჭარაში. როგორ ჩამოჰყავთ ფრინველებს ტურისტები

ყოველ წელს, აჭარის გავლით მილიონი ფრინველი მიფრინავს გამოსაზამთრებლად. ეს მიგრაცია რეგიონში ბევრ რამეს ცვლის

აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, აჭარის ცაზე, 10 კილომეტრიანი საიმიგრაციო დერეფნის გავლით ერთ მილიონზე მეტი ფრინველი მიფრინავს თბილი ქვეყნებისკენ.

35 სახეობის ფრინველს შორის ბევრი იშვიათი მტაცებელია. ისინი აფრიკისკენ მიიკვლევენ გზას, რომ გამოიზამთრონ და ამ გზაზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

ფრინველთა მიგრაციის მეცნიერებისთვის ამ დღემდეგ გასაოცარ ფენომენს აჭარაში საგანგებოდ ჩამოსული ასობით ტურისტი, სპეციალისტი თუ უბრალოდ მოყვარული აკვირდება. ისინი საკუთარ თავს birdwatcher-ებს (ფრინველებზე დამკვირვებლებს) უწოდებენ და უკვე ათი წელია, რაც აჭარა აღმოაჩინეს, როგორც მსოფლიოში უნიკალური დერეფანი ფრინველთა მიგრაციისთვის. მექსიკისა და კოსტა რიკის შემდეგ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი მსოფლიოში მესამეა ფრინველების მასშტაბური გადაფრენის თვალსაზრისით.

Birdwatcher-ებს საქართველოში მეცნიერებასა და ცოდნასთან ერთად ფულიც შემოაქვთ – ფრინველებზე დაკვირვება ტურიზმის ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა შავიზღვისპირეთში.

მილიონი გადამფრენი ფრინველი


კრაზანაჭამიები აჭარის თავზე. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

დილის შვიდი საათია. სათვალთვალო პლატაფორმა ნელ-ნელა უცხოელი მეცნიერებით, ტურისტებითა და მოხალისეებით ივსება. ბინოკლებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილი ადამიანები წინა დღით დატოვებულ ადგილს უბრუნდებიან. იწყება ცაზე დაკვირვების მრავალსაათიანი პროცესი. არავინ იცის რამდენად წარმატებული იქნება დღე.

აქ შეკრებილები გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან.


სახალვაშოში ფრინველებზე დაკვირვების ყველაზე დიდი პუნქტია

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების რამდენიმე პუნქტია – სოფელი ჩაისუბანი, მტირალას ეროვნული პარკი, ისპანის ჭაობები და ჭოროხის დელტა. თუმცა, მთავარი პუნქტი ბათუმიდან 20 წუთის სავალზე, სოფელ სახალვაშოშია. ზაფხულის მიწურულსა და ადრეულ შემოდგომაზე აქ მოწყობილი სადამკვირვებლო პლატფორმა, რომელიც ზღვის დონიდან 300 მეტრზე მდებარეობს, პატარა კუნძულს ემსგავსება, სადაც მხოლოდ ინგლისურს ან სხვა რომელიმე უცხო ენას თუ მოისმენთ.

ფრინველების მიგრაციის დასაკვირვებლად საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში 17 აგვისტოდან 17 ოქტომბრის ჩათვლით სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი, მხარზე ზურგჩანთაგადაკიდებული ტურისტების მოზღვავებაა.

სოფელი სახალვაშო პატარა კუნძულს ემსგავსება, სადაც მხოლოდ ინგლისურს ან სხვა რომელიმე უცხო ენას თუ მოისმენთ.

ბელგიელი იოანეს იანსენი აჭარაში ყველაზე სტაჟიანი birdwatcher-ია. პირველად 11 წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ წელი არ ჩაუგდია. იოანესმა 2010 წელს მეგობრებთან ერთად საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგაზაცია „Batumi Raptor Count” (BRC ) დაარსა და აჭარაში ფრინველთა მიგრაციას უკვე პროფესიონალურად იკვლევს.

იოანეს იანსენი, ერთ-ერთი პირველი birdwatcher-ი აჭარაში

ამ საქმეზე მან ყველაფერი იცის. ამბობს, რომ აჭარა უნიკალური ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად.

2017 წელი birdwather-ებისთვის განსაკუთრებით კარგი სეზონი იყო. როგორც იოანესი ამბობს, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდებიც კი დაფიქსირდა.

“1591 მდელოს ბოლობეჭედა დავთვალეთ, რაც მსოფლიო რეკორდია. ასევე ძალიან ბევრი კრაზანაჭამია ირაო და ძერა იყო,” – ჰყვება იანსენი.

ეს მონაცემები სპეციალისტებს ფრინველთა პოპულაციის მონიტორინგისთვის სჭირდებათ და იმისთვის, რომ სურათი ზუსტი იყოს, რამდენიმეწლიანი დაკვირვებაა საჭირო.

განსაკუთრებულ ყურადღებას სპეციალისტები მტაცებელ ფრინველებს აქცევენ. აჭარის ცაზე კი მათი რიცხვი 35-ზე მეტია – 5 სახეობის არწივი, ბუები, კრაზანაჭამია და ქოჩორა ირაო, ძერა, კაკაჩები, ორბი, სვავი.

Birdwatching-ი, როგორც ტურიზმის სახეობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში აჭარას ფრინველების მასიურ მიგრაციაზე დასაკვირვებლად 1000-ზე მეტი ორნითოლოგი, მეცნიერი, ეკოტურისტი და ფოტოგრაფი მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან ესტუმრა.

სოფელ სახალვაშოში, სადაც ფრინველეთა მიგრაციის ფენომენს ყველაზე მეტი სტუმარი აკვირდება, ამ რეალობას უკვე აუწყვეს ფეხი – სოფელში 20-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლია და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

მათ შორისაა რუსლან დილავეროვის საოჯახო სასტუმროც. 35 წლის რუსლანი ტურისტებს 2011 წლიდან ღებულობს და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს პირობები.

სოფელ სახალვაშოში საოჯახო სასტუმროს მეპატრონე რუსლან დალავერდოვი (მარცხნივ) და მისი birdwatcher-ი სტუმრები

რუსლანის პირველი სტუმარი ბელგიელი იოანესი იყო. რუსლანი იხსენებს, რომ თავდაპირველად მისი სტუმრები ბევრი ერთ ოთახში ჩერდებოდნენ და ქირასაც ძალიან ცოტას იხდიდნენ, თუმცა თანდათანობით ეს პრაქტიკა შეიცვალა:

„პირველივე წელს მივხვდი, რომ სამომავლო გეგმებზე უნდა მეფიქრა. სახლი გავარემონტე, მოვაწყვე. ჩემი სტუმრებიც დამეხმარნენ – რეკლამას მიკეთებდნენ, ფეისბუქზე დებდნენ საჭმელების, ბუნების ფოტოებს და მეგობრებს უზიარებდნენ. თავიდან თუ 19 ლარად სამჯერადი კვებით გვყავდა სტუმრები, ახლა 15 ევროს იხდიან და უკვე კომფორტსაც ითხოვენ,” – ამბობს რუსლანი.

ასლან ბოლქვაძე ადგილობრივი მაცხოვრებელია. რამდენიმე წლის წინ მან კარგად აუღო ალღო მოვლენებს და პროფესიონალ გიდად იქცა.

ახლა სახალვაშოში ჩამოსულ ეკოტურისტებს აკვალიანებს და შემოსავალიც კარგი აქვს.

ასლანი ამბობს, რომ დინამიკა ძალიან მზარდია და ფრინველებზე დასაკვირვებლად ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, თუმცა არის ერთი გარემოება, რამაც ამ მიმართულების განვითარება შეიძლება შეაფერხოს.

უკანონო ნადირობა


აჭარის თავზე ყოველწლიურად 35 სახეობის ფრინველი გადაიფრენს. ეს მიმინოა. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

როდესაც ასობით უცხოელი ფოტოაპარატით და ბინოკლით შეიარაღებული ცას აკვირდება, ამ დროს შეიძლება გასროლის ხმა გაისმას – სადღაც შორიახლო ჩასაფრებულმა მონადირემ ფრინველი ჩამოაგდოს.

უკანონო ნადირობა და დაუხვეწავი კანონმდებლობა ის მთავარი დაბრკოლებაა, რასაც აჭარის გავლით აფრიკისკენ მიმავალი ფრინველები აწყდებიან.

გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე ნადირობა საქართველოში უკანონოა. ხშირად ეკოტურისტებსა და სპეციალისტებს ფრინველებზე დაკვირვების პროცესში უწევთ მონადირეებთან შეხვედრა და მათთვის მტაცებელი ფრინველების მნიშვნელობის ახსნა.

აჭარაში რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს ნადირობის პროცესის შესაჩერებლად. ალექსანდრე რუხაია, ორგანიზაცია „საბუკო“-ს ხელმძღვანელი იხსენებს ისეთ შემთხვევებსაც, როცა რეგიონში არსებული უკანონო ნადირობის გამო ბევრმა ეკოტურისტმა ჯავშანი გააუქმა.

„ყოველწიურად 10-დან -30 ათასამდე გადამფრენი ფრინველი კვდება უკანონო ნადირობის შედეგად. არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ მონადირის გვერდით დადგენ და იქედან დააკვირდნენ ფრინველებებს, თუმცა უმრავლესობა ემოციურია, მათ არ შეუძლიათ ფრინველებზე ნადირობის დანახვა,” – ამბობს ალექსანდრე.

ორგანიზაცია „საბუკო“ საქართველოში ნადირობის მონიტორინგს აწარმოებს და ფრინველთა კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს. კონკრეტულად, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად 2015 წელს, ფრინველებზე ნადირობის მაჩვენებელმა 2008 წელთან შედარებით 80%-ით იკლო.


კრაზანაჭამია (ირაო). ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

უკანონო ნადირობის მიმართულებით მუშაობს ორგანიზაცია ბიარსიც (Batumi Raptor Count). ორგანიზაციის დირექტორი ფოლკერთ დე ბური ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობასთან მუდმივად მიდის მუშაობა – მათ უხსნიან, რომ ეკოტურისტების რაოდენობის ზრდა სოფელს კეთილდღეობას მოუტანს, ხოლო თუ ნადირობა გაგრძელდება, ეკოტურისტების უმრალესობა დატოვებს აჭარას.


ფოლკერთ დე ბური (მარცხნივ) უკვე 11 წელია ყოველ შემოდგომას აჭარაში ატარებს

„ტურისტები, რომლებიც ჩაისუბანსა და სახალვაშოში ღამეს ათევენ და ფულს ხარჯავენ, ბევრ რამეს ცვლიან ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. ადგილობრივები უკვე ხვდებიან, რომ თუ ფრინველებზე ინადირებენ, ტურისტები აქ აღარ ჩამოვლენ და შემოსავლის წყაროც დაეკარგებათ. ამიტომ, ნადირობამ საგრძნობლად იკლო,” – ამბობს 30 წლის ჰოლანდიელი ბიოლოგი ფოლკერთ დე ბური, რომელიც სხვების მსგავსად აჭარას ყოველწიურად შემოდგომაზე სტუმრობს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ