საიდან იღებენ ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები მუსლიმები? – JAMnews

- მე, აჭარელი ქართველი, რატომ ვარ თათარი?! - რა სწყინთ მუსლიმებს ჟურნალისტებისგან? " />

საიდან იღებენ ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები მუსლიმები?

- მე, აჭარელი ქართველი, რატომ ვარ თათარი?! - რა სწყინთ მუსლიმებს ჟურნალისტებისგან?

პანკისელი ახალგაზრდები. ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ შუქდება მუსლიმთა თემატიკა მედიაში, რა ინფორმაციას იღებენ საკუთარ თავზე მუსლიმები და რამდენად არის ასახული მედიაში ახალგაზრდა მუსლიმთა საჭიროებები.

გარდა ქართული მედიისა, მონიტორებმა გაანალიზეს რუსული, აზერბაიჯანული და თურქული მედიაც, რადგან საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართულ მედია საშუალებებთან ერთად, სწორედ ამ ქვეყნების საინფორმაციო ველსაც ადევნებენ თვალს.

კვლევის ფოკუსში მოხვდა შემდეგ მედია საშუალებები: ქართულენოვანი – რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, IPN, PIA, ნეტგაზეთი, საქართველო და მსოფლიო; რუსული – NTV, Planeta RTR, 1 Kanal, Sputnik; აზერბაიჯანული – Oxu.az და Big.az და თურქულენოვანი – Cumhuriyet.com.tr და Milliyet.com.tr.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1206 რესპონდენტი მაღალმთიანი აჭარიდან, ქვემო ქართლიდან და პანკისის ხეობიდან. გამოკითხვაში 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

გაირკვა, რომ მედიაში გაშუქების მხრივ მთავარ პრობლემად რესპონდენტები მუსლიმების ტერორისტებთან და კრიმინალებთან გაიგივებას მიიჩნევენ.

კვლევის ავტორები წერენ, რომ  რუსული მედია გაცილებით მეტ დროს უთმობდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებისა და ტერორიზმის გაშუქებას. ქართულ მედიაში (უფრო მეტად ონლაინმედიაში) ყველაზე ფართოდ იყო გაშუქებული ადამიანის უფლებების თემა, აზერბაიჯანულში უპირატესობა რელიგიას, ხოლო თურქულში საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭებოდა.

ინფორმაციის წყაროები

ინფორმაციის ძირითადი და პირველი წყარო საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდებისთვის ქართული ნაციონალური ტელეარხებია – ლიდერობენ “რუსთავი 2” და “იმედი”.

ინფორმაციის მეორე წყარო სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დასახელდა – აჭარასა და პანკისში თვალს ადევნებენ როგორც რუსულ, ასევე თურქულ მედიას, ხოლო ქვემო ქართლში, ასევე აზერბაიჯანულსაც.

სამივე რეგიონში მცხოვრებ მუსლიმ ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა (75.5%), თუმცა მზარდია ონლაინ (53.9%) და სოციალური (45.7%) მედიის როლიც.

რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმაციას ქართულად (93.9%) იღებს. 37.1%-ით ლიდერობს რუსული, როგორც მეორე ენა.

რუსულენოვანი არხებიდან ყველაზე ხშირად რუსეთის “პირველი არხი”/Первый канал (პასუხების 37.1%), НТВ (36.2%) და РТР (29%) დასახელდა; სხვა უცხოურენოვანი არხებიდან კი – ბრიტანული BBC (პასუხების 25.9%), თურქულენოვანი A TV (21,3%) და TRT 1 (20.4%).

ქვემო ქართლში ქართულენოვან ონლაინ გამოცემებზე მეტად აზერბაიჯანული საიტები – OXU.AZ და BIG.AZ-ია პოპულარული. ასევე თურქულენოვანი Cumhuriyet.com.tr და Milliyet.com.tr.

რას ამბობენ მედიაში მუსლიმებზე

რესპონდენტთა 33,3% მიიჩნევს, რომ ქართული მედია საქართველოს მუსლიმი თემის ცხოვრებას, ტრადიციებსა და პრობლემებს დადებითად აშუქებს, თუმცა ძალიან ცოტას და არასაკმარისად.

რესპონდენტები განსაკუთრებით ჩივიან, რომ ხშირად ხდება მუსლიმების გაიგივება ტერორისტებთან. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა ტერმინები: „თათარი“, „მაჰმადიანი“, „მაჰმადიანი მესხი“, „თურქი მესხი“. მონაწილეებმა მათ ალტერნატივად დაასახელეს: ეთნიკური აზერბაიჯანელი/ქისტი, მუსლიმი, მუსლიმი-მესხი ან დეპორტირებული მესხი.

როცა ანდრეს ბრეივიკმა 70-ზე მეტი ახალგაზრდა მოკლა, იქ არ უხსენებიათ, რომ ქრისტიანი იყო, ცეცხლთაყვანისმცემელი იყო, ბუდისტი იყო, თუ ვინ. როცა მუსლიმი აკეთებს, იქ ყოველთვის წინა პლანზეა, თუ რა რელიგიის მიმდევარიათუ რამე ცუდი მოხდა, უხეშად რომ ვთქვათ, ყველაფერი ჩვენს თავზე გადადის“, – ამბობს კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთერთი აჭარელი ახალგაზრდა.

თათარი ისეთი მტკივნეული სიტყვაა და ისე მძულსეს სიტყვა ძალიან ცუდად მხვდება. მე, აჭარელი ქართველი, რატომ ვარ თათარი? რადგან აქ დამპყრობლები იყვნენ მუსლიმები? მასე დამპყრობელი არ დარჩენილა, კახეთი რომ არ აეოხრებინა და მაშინ კახელები უნდა მოვიხსენიოთ ყიზილბაშებად ან ლეკებად?” – ასე აფასებს აჭარაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა იქ მცხოვრებ მუსლიმთა მიმართ ერთერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ტერმინს.

როგორც მედია მონიტორინგმა აჩვენა, მუსლიმებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ქართულ ტელევიზიებში, ძირითადად, ოფიციალური პირების მიერ რელიგიური დღესასწაულების მილოცვებს უკავშირდება და ნაკლებად არის წარმოდგენილი უშუალოდ თემის მოსაზრებები.

ქართულ მედიას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა რაიმე დანაშაული ხდება, ან ჩვენს რაიონში პრემიერმინისტრი, ან პრეზიდენტი ჩამოდის. სხვა დროს ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება. ხშირად გაშუქებაც ძალიან არაეთიკურია და წარმოჩენილები ვართ, როგორც სამადლოდ შემოკედლებული უცხოტომელები. იგრძნობა, რომ ჩვენ საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად არ აღგვიქვამენ” – ამბობს რუსთავში მცხოვრები 23 წლის გულნარ მამადოვა.

Facebook Comments