რა შესთავაზა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?" />

7 ნაბიჯი, რომელიც თბილისმა კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით გადადგა

რა შესთავაზა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

ექვსი წელი შესრულდა, რაც საქართველოს სათავეში კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდა. ახალი მთავრობა მოსვლის დღიდან აღიარებდა, რომ ტერიტორიული კონფლიქტები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდა.

რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?

 “შერიგება” “რეინტეგრაციის” სანაცვლოდ

2014 წლის 1 იანვრიდან “რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის” თანამდებობას შეეცვალა სახელი და ეწოდა “სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში”. თავად ინიციატივის ავტორი და იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ ცხინვალსა და სოხუმს არ სურდათ ურთიერთობა ამ უწყების წარმომადგენლებთან, რადგან სიტყვა “რეინტეგრაცია” აღიზიანებდათ.

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, თუმცა არც ცხინვალი და არც სოხუმი ამ უწყებასთან ღიად არ თანამშრომლობს.

რიტორიკა გახდა უფრო რბილი

ხელისუფლების რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მიმართ რბილი და შემრიგებლური გახდა. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლის წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობას აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დაბრუნებას კონკრეტულ, უახლოეს ვადებში ჰპირდებოდნენ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ეს ახლო მომავალში არ მოხდება. 


სააკაშვილის ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ლიდერების მიმართ ბევრად რადიკალური იყო. ამის მაგალითია, თუნდაც, 2007 წელს ხელისუფლების მხარდაჭერით დაწყებული კამპანია “კოკოითი, ფანდარასტ.”

ფართო ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში

2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივით გამოდის – მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის მინიჭება შესთავაზა. მისი თქმით,”სხვის ტერიტორიაზე ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის” გეგმა “უტოპიურია” და ეს “არასდროს არ მოხდება.” თბილისში ღარიბაშვილის ამ განცხადებას გაკვირვება მოჰყვა, რადგან კონფლიქტური რეგიონებისთვის ავტონომიის შეთავაზებაში ახალი არაფერი იყო (წინა ხელისუფლებაც სთავაზობდა ავტონომიას); ხოლო ცხინვალსა და სოხუმში საქართველოს მთავრობას “არსებულ რეალიებთან შეგუება” ურჩიეს.

ცვლილება კანონში

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. ცვლილებების თანახმად, პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიის გავლით შემოაღწევს, ადრე მოქმედი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება.

“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ჯერ წინა, შემდეგ ახლანდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების არაერთი კონცეფცია თუ სტრატეგია შეიმუშავა. 2010 წელს ამოქმედდა სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ . გასულ წელს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დოკუმენტი სახელწოდებით „მინისტრის ხედვა“ გამოაქვეყნა, რომელშიც სამშვიდობო პოლიტიკის რვა ამოცანა ჩამოაყალიბა. ბოლო დროის მთავარი სიახლე კი ამ მხრივ გახდა დოკუმენტი სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ , რომელიც გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ახალ შეთავაზებებს ითვალისწინებს. დოკუმენტში ძირითადი აქცენტი კეთდება ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროგრამებზე.

ერთად ევროპაში

2017 წლის მარტიდან საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს.  საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობენ.

საქართველო ამ პრივილეგიებით სარგებლობას კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასაც სთავაზობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ  “ვიზა-ლიბერალიზაცია უფრო აფხაზეთისა და ოსებისთვის გვჭირდება, რადგან ეს ხალხი საქართველოს სიკეთეებით უფრო მეტად დაინტერესდება.” თუმცა, მეორე მხრიდან დაინტერესება ნაკლებად ჩანს. 

უფასო მკურნალობა

ბევრად უფრო აქტიურად იყენებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთ შეთავაზებას – უფასო მკურნალობას საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში. 

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებნი ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ მკურნალობენ. მათი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის.

ასევე ხელისუფლება სთავაზობს აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მოსახლეობას C ჰეპატიტის მკურნალობის ძვირადღირებულ პროგრამაში ჩართვისკენ. 

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისებით, ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით, ასეულობით ადამიანმა ორივე რეგიონიდან მკურნალობა გაიარა ქართულ სამედიცინო სექტორში.


ასევე წაიკითხეთ