2018 წლის 5 მთავარი მოვლენა აფხაზეთში
აფხაზეთის 2018 წლის 5 მთავარი მოვლენის მიმოხილვა.
წლის კრიზისი
წლის კრიზისი შეიძლება ეწოდოს ყოფილი ქართული პარტიზანული დანაყოფის, „ტყის ძმების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლუკავას გარშემო განვითარებულ მოვლენებს. აფხაზეთის ომის დასრულებიდან მრავალი წლის განმავლობაში, ქართველი პარტიზანები გამოუცხადებელ ომს აწარმოებდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ლუკავა 2011 წელს დააკავეს და აფხაზურ ციხეში შვიდი წელი გაატარა.
2018 წლის იანვარში, აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ის შეიწყალა და შემდეგ, პრაქტიკულად ფარულად, გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას, იქ მიმალვაში მყოფი აფხაზის სანაცვლოდ, რომელიც ნარკოვაჭრობასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული.
ამ გაცვლამ საბოლოოდ აფხაზეთში სერიოზული შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
3 იანვარს, ოპოზიციის მომხრეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსს ალყა შემოარტყეს და პარლამენტისგან პრეზიდენტის მოქმედების შეფასება მოითხოვეს.
ოპერატიულად შექმნილი საპარლამენტო კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს არ გასცდენია და გიორგი ლუკავას შეწყალების უფლება ჰქონდა.
თუმცა, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. თუმცა, ვერ შეძლო ეიძულებინა რაულ ხაჯიმბა, თანამდებობა დაეტოვებინა.
ბიზნესის აწყობა ფაროსანაზე
2018 წელი მთელ აფხაზეთს დაამახსოვრდება, როგორც სოფლის მეურნეობის დამაზიანებელი მავნებლის – აზიური ფაროსანას მასიური შემოსევის გაგრძელება.
მიყენებული ზიანი დიდია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აფხაზეთში წარმოებული მანდარინის, თხილისა და კაკლის – აფხაზეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურის – მოსავალი 2017 წელს 70 პროცენტით შემცირდა, 2018 წლის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
• აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
მარტში, ეპიდემიის გამო, რუსეთმა შეზღუდვები დააწესა აფხაზეთიდან რუსეთში ნებისმიერი სახის მცენარეული წარმოშობის ნაწარმის, მათ შორის, ხის ყუთებისა და ხის შესაფუთი მასალის შეტანაზე. შედეგად, სანქციების ქვეშ მოხვდა არა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, ასევე აფხაზური ღვინო, რომელსაც აფხაზურ ექსპორტში ლომის წილი უკავია.
აფხაზეთის ბიუჯეტიდან 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 20 მილიონი რუბლი (დაახლოებით 400 ათასი დოლარი) გამოყვეს. მავნებელთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება წამოვიდა რუსეთიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კერძოდ, UNDP-სგან.
შეთავაზებული იქნა არაორდინარული ზომაც – მოსახლეობას შესთავაზეს აზიური ფაროსანას შეგროვება და სპეციალურ მიმღებ პუნქტებში ჩაბარება, ერთი კილოგრამისა – 1000 მანეთად (დაახლოებით 18 დოლარად). როგორც განმარტეს, სამეცნიერო მიზნებისათვის.
საერთო ჯამში, 10 ტონამდე ფაროსანა ჩააბარეს.
მიღებულმა ზომებმა გაამართლა. 2018 წლის აპრილში რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე კარანტინი გაუქმდა. დეკემბერში კი აფხაზურმა საბაჟომ განაცხადა, რომ ამ სეზონზე რუსეთში მანდარინის ექსპორტის რეკორდი დამყარდა.
სეზონის გადადგომა
აგვისტოში, აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, ერთ-ერთ აფხაზ ბიზნესმენთან ჩხუბის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა.
პრესკონფერენციაზე გაბნიამ თქვა, რომ ყველაფერი სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. სამუშაო სადილის დროს, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიცე-პრეზიდენტს თავში ჭიქა ჩაარტყა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
„მე იძულებული ვარ, გადავდგე, რათა საკუთარი ღირსება დავიცვა. ეს არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ რეალიებს“, – განაცხადა გაბნიამ. ის აღაშფოთა იმან, რომ თავდამსხმელი ჩადენილის გამო არ დაისაჯა.
„მე თანამდებობიდან მივდივარ იმის გამო, რომ არ შემიძლია საკუთარი უფლებისა და ღირსების დაცვა ასეთ მაღალ თანამდებობაზეც კი. მე მხოლოდ „აფხაზურად“ მოქმედება შემიძლია, რისთვისაც უფლებამოსილების მოხსნა მჭირდება“.
აფხაზეთის პოლიტიკურ ისტორიაში ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი პოსტს ტოვებს. ვადამდე თანამდებობიდან წავიდნენ – 2004 წელს ვალერი არშბა, 2009 წელს რაულ ხაჯიმბა, 2013 წელს მიხაილ ლოგუა და ახლა ვიტალი გაბნია.
აფხაზური „რუბლი“
სექტემბრის ბოლოს, აფხაზეთში განაცხადეს „ვლადისლავ არძინბას“ სამახსოვრო ბანკნოტის გამოშვების შესახებ – 500 აპსარის ნომინალის ღირებულებით, რომელიც აფხაზეთის გამარჯვების 25 წლისთავს მიეძღვნა.
ამ ბანკნოტს გადახდის საშუალებად არ იყენებენ, რამდენადაც აფხაზეთში ძირითად ვალუტად რუსული რუბლი ითვლება. თუმცა, ის ფულის ბრუნვაში მაინც გამოჩნდა.
„ეს ბანკნოტი შეგიძლია აჩუქო დაბადების დღეზე, ქორწილში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უბრალო ქაღალდის ნაჭერი არაა – ღირებულებაა, და მისი რუბლზე გაცვლა შეიძლება“, – განაცხადა აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელიამ.
ბევრ მაღაზიაში ამ კუპიურას იღებენ, როგორც გადახდის საშუალებას. ის 5000 რუბლის (დაახლოებით 85 დოლარის) ღირებულებისაა და მისი რუბლზე გადაცვლა აფხაზეთის ნებისმიერ ბანკში შეიძლება.
თუმცა, რამდენადაც კუპიურა მცირე რაოდენობითაა დაბეჭდილი – მხოლოდ 10 ათასი ეგზემპლარი, მასზე დიდი მოთხოვნაა ნუმიზმატიკ-კოლექციონერებში. სწორედ ამიტომ, ინტერნეტაუქციონზე 500-აპსარიანი კუპიურა 8 ათას რუბლად (დაახლოებით 115 დოლარად) და უფრო მეტად იყიდება.
წლის დანაკარგი
2018 წლის 9 სექტემბერს ავტოავარიაში დაიღუპა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია. მძღოლმა და მცველმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღეს.
გენადი გაგულია ამ დღეს აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში დამასკოდან ბრუნდებოდა, სადაც სირიასა და აფხაზეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
გაგულია აფხაზურ პოლიტიკაში მძიმეწონიან ფიგურად ითვლებოდა. ის სამჯერ ხელმძღვანელობდა მთავრობას, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, ამასთან, არასოდეს ჰქონია პრეზიდენტობის ამბიციები, რაც თანამედროვე აფხაზური რეალობისთვის ნონსენსია.