„აქ კარგად ვართ. მაგრამ ავსტრიაში გვინდა“
Euroradio-ს მასალა
ასობით ჩეჩნეთიდან დევნილი ცდილობს ევროკავშირის ქვეყნებში ბელარუსის ბრესტიდან მოხვედრას. მხოლოდ ათეულები ახერხებენ მატარებლით ჩასვლას პოლონეთში, სადაც ისინი დევნილების ბანაკში ხვდებიან და ოფიციალური სტატუსის მიღებას ელოდებიან. თუმცა, ამ სტატუსს ყველა ვერ იღებს. ევრორადიოს კორესპონდენტმა სამ დღეში გაიარა ის მარშრუტი, რომლის გავლასაც ჩეჩენი დევნილები თვეებს ანდომებენ, ზოგჯერ კი წლებსაც.
დილის ექვსი საათია, ბრესტის სარკინიგზო სადგურის საერთაშორისო დარბაზი თანდათან ადამიანებით ივსება. მე სასაზღვრო კონტროლის დაწყებამდე ოცი წუთით ადრე მივედი, და უნებლიეთ ადგილობრივი კონტრაბანდისტი ქალების საუბარს ვისმენ:
― ნახე, დღეს რამდენი არიან.
― ეგენი ყოველთვის ბევრნი არიან.
― არა, დღეს ჩვეულებრივზე მეტნი არიან.
― ეს-ესაა მოსკოვის მატარებელი ჩამოდგა, იქნებ იმას ჩამოჰყვნენ.
― თავშესაფრის სათხოვნელად მიდიან.
― ჩვენც ხომ არ წავსულიყავით?
― ჩვენ არ მოგვცემენ.
ბრესტელი დეიდები კავკასიელებზე ლაპარაკობენ, ძირითადად ჩეჩნებზე, რომლებიც ევროკავშირში დევნილის სტატუსის მისაღებ გზაზე ბრესტის სადგურს სატრანზიტო წერტილად იყენებენ.
მარშრუტი მარტივია: გროზნო-მოსკოვი, ბრესტი-ტერესპოლი. ბოლო პუნქტი – თუ გაგიმართლებს. ჩეჩნებს შენგენის ვიზები (თუნდაც პოლონური) არ აქვთ. ბელარუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, რომლებიც ბრესტში კავკასიელებს ეხმარებიან, ამჟამად იქ დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფება. ზოგიერთს ბელარუსი-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა ზედიზედ ათჯერ მაინც აქვს ნაცადი, მაგრამ – ამაოდ. პოლონელი მესაზღვრეები ყველა მსურველს როდი უშვებენ. საზღვარზე გაშვებისადმი პოლონელების მიდგომა ცოტა გაუგებარია.
სასაზღვრო კონტროლის კარი იღება. გასასვლელში დგას მწვანეფორმიანი კაცი, რომელიც ზედიზედ აჩერებს კავკასიელებს და მათ პასპორტების ჩვენებას სთხოვს. ჩემს ლურჯ ყდას რომ ხედავს, მხოლოდ უსიტყვოდ მიქნევს თავს.
მატარებელი „ბრესტი-ტერესპოლი“ ოთხი ვაგონისგან შედგება და რაღაცით გერმანული ოკუპაციის დროს მოგაგონებთ – როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაყოფილი იყო – „გერმანელებისთვის“ და „დანარჩენებისთვის“. ჩეჩნები დიდი ჩანთებითა და ბავშვებით მესამე და მეოთხე ვაგონებით მიემგზავრებიან. ბელარუსები და პოლონელები – პირველი და მეორე ვაგონებით. მე ჩემი მეორე ვაგონისკენ მივდივარ, სადაც მოულოდნელად ვხვდები ახალგაზრდა ჩეჩენ ქალს, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავს. იმ ოცი წუთის განმავლობაში, რაც ბელარუსიდან პოლონეთში მიმავალი გზა გრძელდება, ის არც ერთ ჩემს შეკითვას არ პასუხობს.
„მე პოლიტიკური ვარ, ისინი კი – კომერციულები“
ლომალი კაიკუტაევს, 59 წლის გროზნოელ მშენებელს ბიალა პოდლიასკაში მდებარე ბავშვებისთვის განკუთვნილ უცხოელების გამანაწილებელ შენობაში ვესაუბრებით. კედლებზე ხალისიანი შპალერია გაკრული, სხვადასხვა ფერის სკამები დგას, ყვავილები. ოთახს მზის შუქი ავსებს. ლომალი გვიყვება, თუ როგორ მოხვდა აქ.
“ეს იყო 2004-ში. გუდერმესში ვიყავი, და ჩემ სახლთან ორი ადამიანი მოკლეს. უნდოდათ, ჩემთვის დაებრალებინათ, ჩემს ცოლს თავს დაესხნენ, ჩემმა ორი წლის ბიჭმა ყველაფერი დაინახა. ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა. მაგრამ ჩემი დადანაშაულება არ გამოუვიდათ. გუდერმესში სწორედ გამომძიებელთან ვიყავი დაკითხვაზე. ამან გადამარჩინა, ალიბი მქონდა“, – ამბობს ჩეჩენი მამაკაცი.
საქმის წვრილმანების დადგენა არ ხერხდება. ლომალი ამბობს, რომ „ჯერ ადრეა“. ოც ივნისს მისი ბედი წყდება, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საბუთების განხილვა ამ დღეს არის დანიშნული. ცოლთან და შვილებთან ერთად ევროკავშირში გამგზავრება ლომალიმ 2004 წელს მომხდარი იმ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა. „ეს თქვენ გგონიათ, რომ ჩვენთან ომი დამთვრდა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ომი გრძელდება. ოღონდ სხვანაირად. ცამეტ წელიწადს ვაგროვებდით ფულს, რომ აქ ჩამოვსულიყავით. ახლა ამაზე ლაპარაკი უკვე შემიძლია, ჩეჩნეთში აღარავინ დამრჩა“, – ამბობს ლომალი.
გასამგზავრებლად მან 85 ათასი რუსული რუბლი (1,5 ათასი დოლარი) დააგროვა. კიდევ ასი ათასი ისესხა. „ჩეჩნეთში სამუშაო არ არის. ზოგჯერ თვეში ხუთი ათასი რუბლით (88 დოლარი) გვიწევდა თავის გატანა. ზოგჯერ ასს, ხან კი ორას რუბლსაც ვინახავდით“, – იხსენებს ლომალი. ბრესტის ვაგზალზე კი მთელი მისი ძალისხმევა კინაღამ წყალში ჩაიყარა.
ბელარუსი მესაზღვრე ბავშვების დაბადების მოწმობებს ითხოვდა. „ჩვენ მხოლოდ მათი პასპორტები გვქონდა. ჩვენ ბავშვებისთვის საზღვარგარეთული პასპორტები ავიღეთ, თქვენმა მესაზღვრემ კი მეტრიკების მოთხოვნა დაიწყო. ამბობდა, რომ მათ გარეშე ვერ გაგვიშვებდა. ჩვენ შეგვეძლო გამგზავრება, ბავშვებს კი – არა. როგორც იქნა, დავარწმუნე, ძლივს დავარწმუნე. ტერესპოლში კი პოლონელებმა მაშინვე გაგვატარეს, პირველივე ჯერზე გავედით. მხოლოდ ის მკითხეს, ბელარუსში რატომ არ მოვითხოვე თავშესაფარი“, – ჰყვება ჩეჩენი.
მე მას პოლონელი მესაზღვრეების კითხვას ვუმეორებ და პასუხად მესმის, რომ ბელარუსში ისეთივე სისტემაა, რაც რუსეთში. ყველგან არის სპეცსამსახურები, რომლებიც ადამიანს , რაც მოუნდებათ, იმას უზამენ.
ლომალი ჩაიზე მეპატიჟება თავის ოთახში, სადაც ცოლთან, ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. „გაგიმართლათ მე რომ შეგხვდით. აქ ცოტა ვინმე თუ დაგთანხმდებოდათ საუბარზე. ესენი უმეტესად კომერციულები არიან“, – მიხსნის ის. ლომალი „კომერციულებად“ იმ თანამემამულეებს მოიხსენიებს, რომლებიც ევროკავშირში, პოლიტიკური დევნის გამო კი არა, სოციალური დახმარების მისაღებად მიემგზავრებიან.
ცარიელკედლებიან, მოუხერხებელი ავეჯით გაწყობილ, გრძელ და ვიწრო ოთახში ჩაის სმისას ლომალის ვეკითხები, თუ რის გაკეთებას აპირებს მას შემდეგ, როდესაც დევნილის სტატუსს მიიღებს. „ევროპულ სასამართლომდე მინდა მივაღწიო. და ყველას ვუამბო, თუ რა ხდება ჩეჩნეთში. ვაპირებ თუ არა პოლონეთში ცხოვრებას? არა. ჩვენ ავსტრიაში გვინდა გადასვლა. მთელი ჩემი სანათესაო უკვე იქ არის. ვენაში ვიცხოვრებთ“, – ამბობს ჩეჩენი.
გამომშვიდობებისას ლომალისა და მის ცოლს ასიას ვეკითხები, თუ როგორ ექცევიან მათ ადგილობრივი პოლონელები? „პოლონელები ნორმალურად გვექცევიან. განსაკუთრებით უყვართ, როდესაც პოლონურად მივმართავთ. ცოტ-ცოტას ვსწავლობთ ამ ენას. კონფლიქტები ძირითადად ერთმანეთთან მოგვდის. აქ ხომ ბევრნაირი ხალხი ჩამოდის. შეწყობა ადვილი არ არის“, – ჰყვება ასია კაიკუტაევა.
ასია კაიკუტაევა. ის ქმართან და შვილებთან ერთად ავსტრიაში აპირებს დაფუძნებას
„ავად გავხდი. გადავწყვიტე, რომ აქ მინდა მკურნალობა“
ბირლანტ კაისაროვა ჩეჩნეთში ხორცის მაღაზიაში მუშაობდა. პოლონეთში ისიც ბრესტის გავლით ჩამოვიდა, რაღაც დროის განმავლობაში, კაიკუტაევების ოჯახის მსგავსად, ისიც ბიალა პოდლიასკაში სპეციალურ ცენტრში ცხოვრობდა, და იქ თავის საბუთებზე გადაწყვეტილებას ელოდებოდა. პოლონეთის ხელისუფლებამ მისი ბიალა პოდლიასკიდან ბელოსტოკის უცხოელების ცენტრში გადაყვანა გადაწყვიტა. აქ, უკვე წელიწადნახევარია, ცხოვრობს; ცალკე ოთახი და პატარა სამზარეულო აქვს.
“ჯერ ვცოცხლობ. ყველანაირი პრობლემა მქონდა და მაქვს, მაგრამ ვცოცხლობ. ვცდილობ, პოლონეთში დავრჩე. გულწრფელად რომ გითხრათ, ცუდად არ ვცხოვრობ. უკეთაც შეიძლებოდა, მაგრამ აქ ხომ მარტო მე არ ვარ. ყველას ვერ ასიამოვნებ. ჩეჩნეთიდან წამოსვლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა. ამიტომაც ჩამოვედი. შინაც შემეძლო მემკურნალა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მიშველიდნენ. მითხრეს, რომ შეიძლებოდა დიდი პრობლემა შემქმნოდა. კიბო, თუ კიდევ რაღაც. ასე მითხრეს. ძალიან შემეშინდა და გამოვემგზავრე. ყველა ნათესავისთვის არც კი მითქვამს“, – ჰყვება ბირლანტი.
ბირლანტი გროზნოდან მოსკოვში გაემგზავრა, იქიდან ბრესტში. ბრესტში თავგადასავლები დაიწყო. „ბრესტში პირველად ორი წლის წინათ, სექტემბერში ჩავედით. თერთმეტჯერ თუ თორმეტჯერ ვცადეთ, რომ ტერესპოლში მოვხვედრილიყავით. არ გვიშვებდნენ. ბრესტის სადგურში ვიყავით, და შემდეგ ერთი თვით ჩეჩნეთში დავბრუნდით. შემდეგ ისევ ბრესტში წავედით. ოცდაორჯერ ვცადეთ გასვლა. საშინელება იყო. მე ხომ თან ჩემი შვიდი წლის გოგონა მახლდა. ბავშვი გავაწამე. პოლონელ მესაზღვრეებს ვეკითხებოდი, თუ რატომ ხდებოდა ასე. იქნებ ეთქვათ, რომ 100 პროცენტით არ გაგვიშვებდნენ, და იქ მეტად აღარ ჩავიდოდით, არადა…“ – გვიზიარებს თავის ისტორიას ბრილანტი.
მისი თქმით, გროზნოდან ტერესპოლში გადასვლაში მან 40 ათასი რუსული რუბლი დახარჯა (700 დოლარი). თანხის ნაწილი ისესხა და ვალს დღემდე აბრუნებს. „ბრესტის სადგურში ადამიანები მეხმარებოდნენ, ძირითადად – ჩეჩნები. ფულს არ მაძლევდნენ, მაგრამ ზოგჯერ ბილეთებს მაძლევდნენ. ბილეთებს ტერესპოლამდე“, – ამბობს ის.
ბრილანტის ქალიშვილი სკოლაში დადის ( ეს პოლონეთში ყოფნის აუცილებელი პირობაა, ექვს წელიწადზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვი ვალდებულია, სკოლაში იაროს). თვითონ საოჯახო საქმიანობით არის დაკავებული, ქალაქში დადის. ჰყვება, რომ ადგილობრივებთან პრობლემები არ აქვს: “პირიქით, თვითონ მოდიან ჩვენთან , განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანები. მოდიან, თავიანთ ენაზე გველაპარაკებიან. მართალია, ყველაფერი არ გვესმის, მაგრამ ძალიან კეთილგანწყობილები არიან.“
ბრილანტმა არ იცის, მიიღებს თუ არა დევნილის სტატუსს. ერთი უარი უკვე მიიღო, და იძულებული გახდა შეეგროვებინა ისეთი დამატებითი საბუთები, რომლებიც ჩეჩნეთიდა ევროკავშირში მისი გადასვლის აუცილებლობას დაადასტურებდა.
ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ ოთახში კიდევ რამდენიმე ჩეჩენი ქალი შემოდის. ისინი რუსულად ცუდად ლაპარაკობენ, პოლონურად – უარესად. ერთადერთი რის გაგებასაც მათი საუბრიდან ვახერხებ, ის არის, რომ ბელოსტოკში ისინი „გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე ჩეჩნეთში“.
„დევნილის სტატუსს ჩეჩნების დაახლოებით ხუთი პროცენტი იღებს“
„ამ ადამიანებიდან რამდენი იღებს დევნილის სტატუსს? არ მინდა ვიცრუო, მაგრამ ეს – სტატუსის მთხოვნელთა მხოლოდ ხუთი პროცენტია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ისინი ერთხელ იღებენ უარს, არის შესძლებლობა, რომ თავიდან შეიტანონ საბუთები. უბრალოდ უნდა განცხადონ, რომ ახალი გარემოებები გაჩნდა. ახლა კანონმდებლობა შეიცვალა, და თუ ჩვენი სამართველოს ხელმძღვანელი დევნილის სტატუსის თაობაზე უარყოფით პასუხს გასცემს, სასაზღვრო სამსახურს უფლება აქვს ადამიანს ჰუმანიტარული მიზეზებით აქ ყოფნის უფლება მისცეს. პოლონეთში ესეც ლეგალურ სტატუსად მიიჩნევა. განსხვავება ის არის, რომ საინტეგრაციო პროგრამებში მონაწილეობა არ შეიძლება. მაგრამ აქ ცხოვრება და მუშაობა შეუძლიათ“, – გვიხსნის ბელოსტოკის უცხოელების ცენტრის თანამშრომელი პაველ უკალსკი.
“მათი მომავალი ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სტატუსს იღებენ ეს ადამიანები – დევნილს სტატუსს, ჰუმანიტარული დარჩენის უფლებას, თუ უარს. პირველი ორი ვარიანტის შემთხვევაში, იწყება ინტეგრაციული პროგრამა, რომელიც თორმეტ თვეს გრძელდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ გადადიან. თუ უარს ეტყვიან, კიდევ ორ თვეს მაინც შეუძლიათ ჩვენთან ცხოვრება“, – გვიხსნის პაველ უკალსკი.“ჩეჩნების გარდა, ჩვენთან დონბასელმა უკრაინელებმაც დაიწყეს ჩამოსვლა, ასევე ყირიმელმა თათრებმა. თავიდან უკრაინელები დევნილის სტატუსს არ იღებდნენ. მიჩნეული იყო, რომ მათ ომისგან თავის შეფარება უკრაინის სხვა ტერიტორიაზე შეეძლოთ. მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება. ისეც ხდება, რომ უკრაინელებსაც აძლევენ დევნილის სტატუსს. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია“, – ამბობს ცენტრის თანამშრომელი.
მისი თქმით, ბელოსტოკის მცხოვრებლები ჩეჩნებს უკვე მიეჩვივნენ. კონფლიქტები თუკი ხდება, არა – ეთნიკურ ნიადაგზე. „შეიძლება დისკოთეკებზე იჩხუბონ, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა მიზეზით. იქნებ ახალგაზრდული სისხლი უდუღთ“, – ჰყვება პაველი.
დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საბუთების განხილვის პროცედურა ექვს თვეზე მეტ ხანს არ გრძელდება. თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი ჩეჩენი ცენტრში ორ წელიწადს და მეტ ხანსაც ცხოვრობს. „გასაგებია, რომ ეს მათთვის კომფორტული სიტუაცია არ არის, მაგრამ ვცდილობთ, ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ჩვენი საქმე ისაა, დავეხმაროთ მათ, რომ თავი მეტ-ნაკლებად კარგად იგრძნონ. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც გვეხმარებიან. დევნილის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას სხვა ინსტიტუტებნი იღებენ“, – ამბობს პაველი.
ის გზა, რომლის გავლასაც ათასობით ჩეჩენი რამდენიმე წელიწადს ანდომებს, მე სამ არასრულ დღეში გავიარე. უმრავლესობა, ვისთნ გასაუბრებაც ვცადე, საუბარზე უარს აცხადებდა. ვიღაცას მართლაც დევნის ეშინია, ზოგს, როგორც ბიალა პოდლიასკაში ლომალი აკუტაევი მიყვებოდა, საფუძველი არ აქვს, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს, და პოლონეთში ლეგალურად ყოფნას დასვლეთში გასამგზავრებლად იყენებს. ყოველ შემთხვევაში, ამას კარგი ცხოვრების გამო არავინ აკეთებს.
Euroradio-ს მასალა