ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 1 აპრილს შემოვიდნენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალები საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.
მეგობრული ვიზიტი
ნატოს ხომალდების მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი). შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.
• ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს
• მედვედევი: საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება
ნატო-ს გეგმები შავ ზღვაში
ალიანსის კომოდორ ბაუდავაინ ბუთსის თქმით, რუსეთის აგრესიულობის გათვალისწინებით, ნატომ შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა გაზარდა და საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ფიქრობს.
,,ის, რომ რუსეთმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალა, ჩემთვის მიუღებელია და სწორედ იმის გათვალისწინებით, აქტიური აგრესიულობის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ახორციელებს, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსთან. წარსულშიც ვატარებდით წვრთნებს საქართველოს საზღვაო ძალებთან და ამას მომავალშიც ვგეგმავთ“, – განაცხადა ბაუდევაინ ბუთსმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში დაგეგმილი ალიანსის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
„შემიძლია გითხრათ, რომ მინისტერიალზე შეთანხმდებიან ზომებზე, რომელიც წვრთნას უკავშირდება. სწავლებები ტარდება და ამას ვხედავთ. ერთი კვირის წინ პირადად დავესწარი ნატო-საქართველოს წვრთნას. ასევე საუბარია საზღვაო ძალების გაწვრთნაზე. ნატო ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვას გაძლიერებაში და განვიხილავთ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება. შარშან ნატოს გემებმა 100-ზე მეტი დღე გაატარეს შავ ზღვაში რაც 2017 წელთან შედარებით უფრო დიდი პერიოდია. ეს აჩვენებს ნატოს ყოფნას რეგიონში. მეტი ცნობადობისთვის არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლაც,“ -განაცხადა იანს სტოლტენბერგმა.
ნატო საქართველოში
ფოთის პორტში დახვედრის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, ნატო-ს მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაური, კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ესწრებოდნენ.
„ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლის გარანტი და იმ კურსის გაგრძელება, რასაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობთ,“– განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
ნატო-ს საზღვაო ხომალდების ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 მარტს, საქართველოს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. ორი დღის შემდეგ – ნატო-ს სამხედრო კომიტეტი სრული შემადგენლობით. 28-29 მარტს კი ვაზიანში, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა.