მოსაზრება: ოლიგარქის რევანში
საქართველოს პარლამენტმა, უფრო სწორად, მარტოდ დარჩენილმა საპარლამენტო უმრავლესობამ, გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის ხელახლა დანიშვნას მხარი დაუჭირა.
ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში თანამდებობებზე “მეორედ მოსვლის” პირველი შემთხვევა არ არის.
მთავრობამ – იგივე ბიძინა ივანიშვილმა, 2019 წლის ნოემბერში განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა, რომელიც ამ პოსტს 2017-2018 წლებში იკავებდა.
• ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს?
• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
• Bloomberg: საქართველოს “ჩრდილოვანი ბოსი” აშშ-ში ახალ ლობისტებს ქირაობს
მანამდე მთავრობაში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა – თუმცა, არა პრემიერის, არამედ თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
ამგვარი “კარუსელი”, ერთი მხრივ, იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილი ერთგული კადრების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც იძულებულია “მეორე წრეზე” წავიდეს. თუმცა, კონკრეტულად შოთაძის ხელახლა დანიშვნას ბევრად უფრო დიდი სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი შოთაძე 2018 წლის მაისში, სარალიძის საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა. მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა მოზარდის მკვლელობის არასათანადო გამოძების გამო ხალხის პროტესტისთვის ანგარიში გაეწია.
მსგავსი რამ მოხდა 20 ივნისის შემდეგაც, როდესაც გავრილოვის თბილისში მასპინძლობის გამო პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე გადადგა.
თუმცა, მალევე გამოჩნდა, რომ ეს უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი იყო.
სინამდვილეში არც “ქართული ოცნება” და არც ბიძინა ივანიშვილი არ უთვლიდნენ კობახიძეს შეცდომად გავრილოვის პარლამენტში მიღებას. სულაც არ გრძნობდნენ სინანულს ამ ფაქტის გამო, რომელსაც დიდი დაპირისპირება, ასეულობით ადამიანის დაპატიმრება, ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
თანამდებობიდან გადაყენებულ, “დასჯილ” კობახიძეს ბიძინა ივანიშვილი საჯარო შეხვედრებზე ხაზგასმულად არ იშორებდა გვერდიდან. სწორედ კობახიძეს ეკისრება დღემდე მმართველი პარტიის მთავარი წარმომადგენლის და მომლაპარაკებლის როლი შიდა (ოპოზიციასთან შეხვედრები) თუ საგარეო (სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრა) ასპარეზზე.
მოკლედ, ფაქტია, რომ “გავრილოვის ღამის” მთავარი ფიგურანტი კობახიძე არა თუ სრულად რეაბილიტირდა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” თვალში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელსაც თავისუფლად დაუბრუნდებოდა, რომ არა ასევე ერთგული კადრი არჩილ თალაკვაძე, რომელსაც ეს დაბრუნება უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებდა.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომ აღარ ერიდება ივანიშვილი ოდიოზური, შერყეული რეპუტაციის მქონე ფიგურების ხელახლა წამოწევას? მით უმეტეს, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასეთი უპრეცედენტო კრიტიკის ფონზე?
ალბათ, იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც უარი თქვა თავისივე დაპირების შესრულებაზე პროპორციული სისტემის თაობაზე. რა მიზეზითაც დააპატიმრეს გიგი უგულავა სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ის ახალდანიშნული ელჩი მიღებას მართავდა.
ივანიშვილი და მისი ერთგული “ქართული ოცნება” ხაზგასმით აჩვენებს ყველას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, რომ ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და მისი შენარჩუნებისთვის უკან არაფერზე დაიხევს.
და ამ გზაზე საზოგადოებრივი აზრი თუ დასავლეთის კრიტიკა მისთვის არაფერს ნიშნავს.
ვიდრე ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი იყო ასე თუ ისე დემოკრატიული მმართველობის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობდა ამ ფარგლებიდან არ გამოსულიყო. ამიტომაც გადააყენეს თავის დროზე შოთაძეც და კობახიძეც – ხალხის მოთხოვნას ანგარიში გაუწიეს.
თუმცა, “დემოკრატობანას თამაში” ეგრევე შეწყდა, როდესაც გაჩნდა საფრთხე, რომ ამგვარი დათმობებით, შესაძლოა, ხელისუფლება დაკარგონ.
პროპორციულზე გაცემული დაპირების უკან წაღება შემობრუნების წერტილი იყო.
გენპროკურორის სავარძელში შოთაძის დაბრუნება ოლიგარქის რევანშის დაგვირგვინებაა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, წავა თუ არა ეს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაზე, რეპრესიებზე, საქმეების შეკერვაზე, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაზე და ნებისმიერი სახის ძალადობაზე, დღეს ეს კითხვა აღარ უნდა დაისვას. დიახ, წავა.
და თუ “ოცნების” ამგვარი მმართველობა დასავლურ კურსთან შეუთავსებელია – მით უარესი დასავლური კურსისთვის.