აღმოსავლეთი უკრაინა: ხალხი ფრონტის ხაზზე, პენსიის რიგებში იხოცება
2018 წელს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებსა და კიევის მიერ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიას შორის არსებულ საკონტროლო პუნქტებზე ორმოცდაათი ადამიანი დაიღუპა. კიდევ რვა – 2019 წლის დასაწყისიდან. მათი უმეტესობა პენსიონერია. უკრაინული პენსიის მისაღებად პერიოდულად ფრონტის ხაზზე გადასვლა ბევრისთვის გადარჩენის ერთდერთი საშუალებაა. თუ რატომ ხდება ასე – უკრაინული ტელეკომპანია „ჰრომადსკოე“ გვიამბობს .
რატომ უწევთ ადამიანებს ასე ხშირად ფრონტის ხაზის გადაკვეთა?
სამხედრო კონფლიქტი ცენტრალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტებს შორის, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს, 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამხედრო მოქმედებების შედეგად ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2014 წელს აღმოსავლეთი უკრაინის ტერიტორიაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს. უკრაინა აგრესიაში რუსეთს ადანაშაულებს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე მცხოვრებ პენსიონერებს უკრაინული პენსია არ ერგებათ. პენსიის მისაღებად მათ კიევის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორია უნდა დატოვონ და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მიიღონ. და ეს სტატუსი პერიოდულად უნდა დადასტურდეს.
უკრაინის კანონების მიხედვით, პენსიონერებს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა 60 დღეზე მეტ ხანს არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მუდმივად უწევთ მოგზაურობა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და ფრონტისპირა დასახლებულ პუნქტებს შორის, სადაც ისინი ჩაწერილები არიან. ადამიანები იძულებულები არიან გადაკვეთონ გამშვები პუნქტები, სადაც ხშირად უზარმაზარი რიგი იქმნება.
• უკრაინასა და რუსეთს შორის „სატრანსპორტო ომი“ ღრმავდება. რა ხდება და რას უნდა ველოდეთ?
• როგორ აფინანსებს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინას, სად მიმდინარეობს ომი სამხრეთ ოსეთის გავლით
• უკრაინელი ტურისტები ყირიმში: „ფასების გარდა, არაფერი შეცვლილა“
ზოგი — ფულს იხდის და მიემგზავრება, სხვები — დგანან, ზოგიერთი კი ლოდინის დროს კვდება
16 იანვარს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უკრაინელი მხატვრის ალევტინა კახიძის დედა გარდაიცვალა – ქალბატონს გული გაუჩერდა. მისი ქალიშვილის თქმით, დედა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიემგზავრებოდა, რათა პენსიის მისაღებად „აღრიცხვა“ გაევლო.
ადამიანი, რომელიც დედის ტელეფონით დაუკავშირდა ალევტინას და საგუშაგოს თანამშრომლად გაეცნო, ამბობდა, რომ ქალბატონი ავტობუსში ცუდად გახდა, ხოლო როდესაც სასწრაფო მივიდა, მას უკვე პულსი აღარ ესინჯებოდა, – ჰყვება ალევტინა კახიძე.
იმ ადამიანმა კი, ვინც მისი სხეული გადაასვენა, თქვა, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საგუშაგოზე ზოგიერთი პენსიონერი, ან ის ადამიანები, ვისაც გამყოფი ზოლის გადაკვეთა სწრაფად სურთ, გადამყვანებს ფულს უხდიან, რათა ურიგოდ გავიდნენ, დედაჩემივით ღარიბები კი დგანან“, – ამბობს ალევტინა კახიძე.
მხატვარი ჰყვება, რომ დედასთან ერთად მან „საპენსიო ტურიზმისადმი“ მიძღვნილი სურათების მთელი სერია შექმნა, რათა ეჩვენებინა, თუ რის გადატანა უწევთ პენსიონერებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„არაკონტროლირებადი ტერიტორიების დე-ფაქტო პენსიონერები უკრაინის ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან, ისინი პენსიას არ იღებენ. არაკონტროლირებადი ტერიტორიების პენსიონერებს იქ ცხოვრების უფლება არ აქვთ, თუ არ იტყვიან, – „მე იძულებით გადასახლებული პირი ვარ“. ანუ იქ ყველას ტყუილის თქმა უწევს. ასე მოიქცა დედაჩემიც“, – ამბობს მხატვარი.
მოქმედებს თუ არა აკრძალვები?
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე 1,2 მილიონი პენსიონერი ცხოვრობს. მათ შორის დაახლოებით 700 ათას ადამიანს პენსიებს მუდმივად უხდიან – მათ, ვინც იძულებით გადაადგილებულ პირად არის დარეგისტრირებული. საერთო ჯამში, არის 1,1 მილიონი ადამიანი, რომლებიც პენსიას პერიოდულად იღებენ, ანუ 2014 წლის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფული ერთხელ მაინც აქვთ მიღებული.
როგორც უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრი ნიკოლაი შამბირი ირწმუნება, მისი უწყებისთვის ცნობილია, რომ ბევრი, ვისაც იძულებით გადაადგილებული პირის საბუთი აქვს, რომლის მიხედვითაც პენსიას იღებს, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირდება, თუმცა ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობს.
„ჩვენ შეგნებულად წავედით იმაზე, რომ ამ სტატუსს ყურადღებას არ ვაქცევთ, არსებითად რეგისტრაცია პენსიის მიღების მექანიზმს წარმოადგენს“, – აღნიშნა შამბირმა.
დარია ტოლკაჩი, საქველმოქმედი ფონდის „დაცვის უფლება“ კოორდინატორი, რომელიც გამშვებ პუნქტებზე მონიტორინგს ატარებს, ამბობს, რომ ფაქტობრივად მთელ მიგრაციას, რაც გამყოფ ზოლზე მიმდინარეობს, ის ადამიანები ახორციელებენ, რომლებიც მუდმივად არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„მეტიც, სტატისტიკა უჩვენებს, რომ ადამიანების 60 პროცენტზე მეტი, რომლებიც გამშვებ პუნქტებს კვეთენ – 60 წელზე უფროსი ასაკისაა. ამიტომ აშკარაა, ადამიანები იმისთვის გადაადგილდებიან, რომ კონსტიტუციით და უკრაინის კანონებით გათვალისწინებული საკუთარი უფლებები განახორციელონ, და პენსია მიიღონ“, – დასძინა ტოლკაჩმა.
უფლებადამცველები ხელისუფლებას სთავაზობენ, რომ პენსიის გაცემა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს არ მიაბან; ასევე – არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ პენსიონერებს პენსიები იმავე წესით დაურიგონ, როგორც – დანარჩენებს.
მაგრამ სოციალური პოლიტიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ გადახდა რეგისტრაციის ფაქტობრივი ადგილის მიხედვით ხდება, ხოლო მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ამის გაკეთება შეუძლებელია.