"ყველაფერი იგივე დარჩა, ფასების გარდა" - რა ხდება ყირიმში?
2014 წლის მარტის შემდეგ უკრაინიდან ყირიმში ტურისტულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად იკლო: 5 მილიონი უკრაინელიდან 400-500 ათასამდე. ამ ზაფხულს ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინიდან ნახევარკუნძულზე 260 ათასი დამსვენებლის ჩასვლის შესახებ განაცხადა. კიევში სხვა ციფრი დაასახელეს: 100 ათასი ტურისტი.
უკრაინელი ტურისტის პოვნა „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტმა მხოლოდ ძიების მესამე დღეს შეძლო. კითხვების გაგონებაზე მას თვალები უმრგვალდება: „აკრძალვებთან მე რა მესაქმება? აქ ჩემი ძმა ცხოვრობს“. და გვემშვიდობება.
—ჩვენთან მთელი ზაფხულის განმავლობაში სულ 8 უკრაინელი ცხოვრობდა, – ჰყვება ფეოდოსიაში სასტუმრო „ფორტნოკსის“ მფლობელი კონსტანტინ ოგნიოვ-ჩორნი. – რუსი კი, მაგალითად, 280 იყო. წელს უკრაინიდან ბევრს არ სურს ჩამოსვლა, რადგან უკრაინის მხრიდან საზღვარზე შემოწმება გამკაცრდა: ადამიანებს ჩხრეკენ, ბევრი დღეების განმავლობაში ელოდება თავის რიგს, რომ ყირიმში შევიდეს.
ვერც სხვა სასტუმროებში ხერხდება უკრაინელი ტურისტის მოძებნა, მათ შორის არც სრულიად იაფფასიან ჰოსტელებში. „წელს უკრაინასთან დაკავშირებით საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე შარშან“, – ამბობენ მასპინძლები.
ჩვეულების ძალა
აი, კიდევ ერთი უკრაინელი: 50 წლის ქალი, რომელსაც „ნოვაია გაზეტა“ შემთხვევით სადგურში შეხვდა. სვეტლანა ნიკოლაევნა კერძო საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს.
—ყირიმში ჩასვლაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ. ჯერ ერთი, მე ჩემს მშობლებთან ერთად აქ საბჭოთა დროს ვისვენებდი, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ აქ ყოველ წელს ჩამოვდიოდი. მეორეც, უკრაინა და რუსეთი, რაც უნდა იყოს, ერთმანეთს სამუდამოდ მაინც ვერ წაეჩხუბებიან: საუკუნეობით ერთად ცხოვრობდნენ და ერთი 2014 წელი პრინციპულად ვერაფერს შეცვლის.
—ჰო, მაგრამ, ყირიმი წასულია, დონბასი მიდის. ნუთუ ეს პრინციპული ცვლილება არ არის?
—ჩემთვის რა განსხვავებაა? – მშვიდად უარობს სვეტლანა ნიკოლაევნა, – უბრალო ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სამსახური – სახლი. ჩემთვის ცოტა რამ შეიცვალა. და ჩემი ნაცნობებისთვისაც. ჩვენამდე, ქალაქ ჩერნოვციში ომს არ მოუღწევია.
კიევში მყოფი ხელისუფლებისადმი სვეტლანა ნიკოლაევნას გულგრილი დამოკიდებულება აქვს.
—როდესაც იანუკოვიჩი იყო, ამბობდნენ: „ აი, ეს რუსეთისკენაა! და აბა, სად იყო რუსეთისკენ? ევროკავშირისკენ მიისწრაფვოდა. პოროშენკოც იქითკენ მიიწევდა, ოღონდ სხვა ტემპით. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია: რუსეთთან თუ რუსეთის გარეშე. 20 წელიწადია, ერთ სახლში ვცხოვრობ, თითქმის არც მეზობლები შეცვლილან და არც მეგობრები. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე ამ ადამიანების გვერდით უნდა გავატარო, და სად ვიქნებით ევროპაში, თუ პრორუსულ ქვეყანაში – სულ ერთია.
სვეტლანას თქმით, უკრაინულ პერიოდთან შედარებით, ყირიმში ახლა სიძვირეა. თანაც არაფერი გაუმჯობესებულა. მაგრამ მომავალი წლისთვის ის მაინც აპირებს, რომ ტრადიციული მარშრუტი გაიმეოროს, რომელსაც, უკვე მეექვსე წელია, გადის.
ნათესავებთან
25 წლის პროგრამისტი ნიკოლაევიდან ყირიმში ნათესავებს ესტუმრა.
—საზღვარზე გადასვლა მართლაც რთულია, – ჰყვება ის, – რასაკვირველია, დღეებით დგომა არ მომიხდა, თუმცა ორსაათნახევარი ვიდექი. თნაც, რუსი მესაზღვეები კიდევ უფრო ცუდად გჩხრეკენ, ვიდრე ჩვენები. ჩანთის ყველა ჯიბე შეამოწმეს. ჩვენთან ლითონის დეტექტორს მოგიშვერენ და კარგად იყავი.
ნოკოლაეველი სტუმარი ჰყვება, რომ ყირიმში მეორედ ჩამოდის მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა.
—საერთოდ არ ვიცნობ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით IT-სფეროდან, რომლებსაც რუსეთთან ერთად სურთ ცხოვრება. აი, დეიდაჩემი კი, სიმფეროპოლიდან არის, კარგი ქალია, მაგრამ მისთვის სულერთია ხილს უკრაინაში გაყიდის თუ რუსეთში. ბავშვობაში ჩემზე დიდი ამაგი აქვს, და მეც მადლიერების ნიშნად მის მოსანახულებლად მივდივარ. სხვა შემთხვევაში, არ წავიდოდი – ყირიმში არაფერი მესაქმება.
„მე ყირიმი ოკუპირებულად არ მიმაჩნია“
2017 წელს ყირიმში ჩასულ უკრაინელ ტურისტებს შორის ჩინოვნიკებიც აღმოჩნდნენ: ოდესის საოლქო საბჭოს ყოფილი დეპუტატი ალექსი ალბუ და უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ალექსეი ჟურავკო.
ალბუმ ყირიმში დასვებნებასთან დაკავშირებით შეკითხვებს არ უპასუხა, ჟურავკოსთან კი სკაიპით საუბარი მოხერხდა.
—კიევის აკრძალვები?- იმეორებს ის კითხვას. მე მოქმედ ხელისუფლებასთან ძირფესვიანი უთანხმოება მაქვს, და ყირიმი ოკუპირებულ ტერიტორიად არ მიმაჩნია.
– ანუ რეფერენდუმი, თქვენი აზრით, კანონიერი იყო?
—ჩემი აზრით, დიახ. გარდა ამისა, უკრაინამ ენერგობლოკადით, ჩრდილო-ყირიმის არხის გადაკეტვით თავად შეუწყო ხელი ყირიმის ჩამოცილებას.
ჟურავკომ ყირიმში 28 დღე დაჰყო – კორეიზში, იალტაში, ალუშტაში, სევასტოპოლში. უკრაინულ პერიოდთან შედარებით, მთავარ ცვლილებად მეგაპროექტებს მიიჩნევს: კერჩის ხიდს, აეროპორტ „სიმფეროპოლის“ ახალი ტერმინალის, „ტავრიდას“ ტრასის მშენებლობას.
—უკრაინელი ტურისტი ყირიმში უსაფრთხოდაა, – ამბობს ის, – რასაკვირველია, თუ დროშას არ იქნევს და არ ყვირის, რომ ყირიმი უკრაინაა.